„მივდივართ და ვტოვებთ აფხაზებს და ოსებს რუსეთში?!“

„მივდივართ და ვტოვებთ აფხაზებს და ოსებს რუსეთში?!“

პუბლიცისტ ვასილ მაღლაფერიძისთვის რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის მიერ აფხაზებისა და ოსების მისამართით გაკეთებული განცხადება გაუგებარია.

„რას ნიშნავს ზაქარეიშვილის განცხადება?! მივდივართ და ვტოვებთ აფხაზებს და ოსებს რუსეთში?! რუსებსაც ეს არ უნდოდათ?!“ - ასე ეხმაურება ფეისბუკის გვერდზე ვასილ მაღლაფერიძე მინისტრ ზაქარეიშვილის იმ განცხადებას, რომელშიც მან აფხაზებს და ოსებს დაფიქრებისკენ მოუწოდა. „კეთილი ინებეთ აფხაზებმა და ოსებმა, დაფიქრდით, რუსეთში რჩებით, თუ მოდიხართ საქართველოსთან ერთად ევროპაში“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ასეთი განცხადების შემდეგ უკვე ვეღარაფერს იტყვი, უფრო მეტიც, ეს მედგარი განცხადებაა.

„თუ ისიც არის მოფიქრებული, მერე რას ვამბობთ ან რას ვაკეთებთ... რომ გვიპასუხონ, კეთილი ინებეთ და თქვენ გზაზე წადით, ჩვენს თავს ჩვენ მივხედავთო. არადა, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ სწორედ ასე გვეტყვიან და დაგვიმთავრებია საკითხი. და რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი? რას ნიშნავს ეს განცხადება?! მივდივართ და ვტოვებთ აფხაზებს და ოსებს რუსეთში?! ვის ვაგულისჭირებთ ამით?! კარგი იქნება, მთავრობამ მოქალაქეებს გასაგებად აგვიხსნას, ამგვარი ნიშნისმოგებითი განცხადებებით რა შედეგის მიღწევას ლამობს!“ - წერს მაღლაფერიძე.

For.ge-სთან საუბარში პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე არ მალავს, რომ უფრო მეტად მოეწონა პაატა ზაქარეიშვილის მეორე განცხადება თანამშრომლობის სულისკვეთებასთან დაკავშირებით, როცა ის ამბობს, რომ მზად ვართ, გავუნაწილოთ ის შედეგები აფხაზებსა და ოსებს, რასაც მოგვცემს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი. ამ ფონზე, მისი აზრით, ურთიერთგამომრიცხავი თუ არა, წინააღმდეგობრივია ზაქარეიშვილის პირველი განცხადება, რადგან ნიშნით მოგებითი, შეშინებითი და ცხვირის აბზუებითი პოლიტიკთ ბევრს ვერაფერს მივაღწევთ.

„ერთი მინისტრის დონეზე ერთი განცხადება ნაღმი ვერ იქნება. ეს მესიჯი კარდინალურად ვერც იქით შეცვლის ვერაფერს, ვერც აქეთ. უბრალოდ, უტაქტო განცხადებაა, ერთ-ერთი დაუფიქრებელი ნათქვამია და სახელმწიფო მოხელეები უფრო უნდა დაფიქრდნენ. ეს დაუფიქრებელი განცხადება თავად ზაქარეიშვილს შეუშლის ხელს მოლაპარაკებების დროს. პოლიტიკის წარმოების დროს ტყუილი თავმომწონება და ნიშნის მოგება სრულიად ზედმეტია. თანაც ნათელია, როგორი პასუხიც იქნება ამაზე იმ ვირტუალური ადამიანებისგან, ვისაც ვირტუალურად მიმართა. მე რომ მკითხოთ, ასეთი მიმართვებიც არ არის გამართლებული. „ახლა მივმართავ აფხაზებს და ოსებს“, - სულაც არ ვარგა ასეთი ტონი“, -აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრ, გენერალ ლევან კიკნაძისთვისაც გაუგებარია, რას ნიშნავს პაატა ზაქარეიშვილის შემგუებლობითი ნათქვამი, რომ აფხაზებსა და ოსებს თურმე რუსეთში ვტოვებთ?! ან ვის ვუტოვებთ ჩვენს მიწა-წყალს -რუსებს?!

„ასეთი ტონი შეიძლება მისაღები იყოს აფხაზებისა და ოსების იმ კატეგორიისთვის, ვინც სეპარატისტული ბაცილით დღესაც არის დაავადებული. ამიტომ, ჯერ უნდა გაიმიჯნონ ეს სეპარატისტები ჩვეულებრივი მოსახლეობისგან. ეს ტონი ეკუთვნით ზუსტად იმ ადამიანებს, რომლებიც, სავარაუდოდ, არც ხვალ იფიქრებენ ჩვენსკენ წამოსვლაზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვზომოთ და ისე ველაპარაკოთ იმ ხალხს, რომ მათ იგრძნონ, რომ ჩვენს შორის, პირველ რიგში, ნდობა უნდა აღდგეს. ნდობა თუ აღდგება, მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე. ასეთი კატეგორიული განცხადებები -დაფიქრდით და წამოდით, არ მიმაჩნია ზომიერად, ეს ჩვენს შორის ნდობის აღდგენას არ შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ლევან კიკნაძემ For.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, რთულია იმის თქმა, რჩებიან თუ არა აფხაზები და ოსები რუსებთან, რადგან, ვინც აკვირდება აფხაზეთში არსებულ ვითარებას, კარგად ხედავს, რომ ჯერჯერობით იქ არაფერი კეთდება ჩვენს სასარგებლოდ. ის, რომ თურმე ბოდიში უნდა მოვუხადოთ აფხაზებს და ოსებს, არც ეს მიაჩნია ლევან კიკნაძეს გამართლებულად. მისი აზრით, ჩვენ არაფერი საბოდიშო არ გვაქვს არავისთან. პირიქით, ბოდიში მოუხადონ იმ დევნილებს, რომლებიც 20 წელია დევნილობაში არიან და თავიანთი სახლ-კარის დაბრუნების შანსი არ აქვთ. ბოდიში უნდა მოუხადონ მათ, ვისაც გენოციდი მოუწყეს.

„თუ ვილაპარაკებთ შეცდომებზე, ეს სხვა საკითხია. ხელისუფლების მიერ იმ დროს დაშვებული იყო შეცდომები, მაგრამ როცა ამაზე დაიწყება საუბარი, იქამდე მივალთ, რომ ორივე მხარე მივხვდებით, რა შეცდომა დავუშვით. ეს სულ სხვა საკითხია, მაგრამ საბოდიშო არაფერი გვაქვს“, - გვითხრა ლევან კიკნაძემ.

ჩვენ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილსაც დავუკავშირდით და ვთხოვეთ, განემარტა, რას ნიშნავდა „აფხაზების და ოსების რუსებთან დატოვება“. თუმცა მან საკუთარი ნათქვამის განმარტება მხოლოდ წერილობით ისურვა და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს უნდა დავანახოთ, რომ საქართველოს მთავრობა მართლაც აშენებს დემოკრატიულ, უსაფრთხო და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, რომელშიც კულტურული და ეთნიკური თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება გარანტირებულია. ამასთან, საქართველო ეკონომიკურადაც უნდა გახდეს მიმზიდველი. ჩვენ ამ საზოგადოებებს უნდა შევთავაზოთ ყველა ის სარგებელი, რომელიც ასეთ სახელმწიფოს მოაქვს. ეს საზოგადოებები ხედავენ იმ რეალობასაც, რომელსაც მათ სთავაზობს რუსული პოლიტიკა თავისი ჩრდილოკავკასიური კონტექსტით. აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს საკუთარი ნებიდან გამომდინარე, მოუწევთ არჩევანის გაკეთება ამ ორ სამყაროს და გზას შორის  - გზა ევროპისკენ საქართველოსთან ერთად, თუ რუსულ არეალში დარჩენა“.