ჯანდაცვას და სოფლის მეურნეობას ცოტა ჩამოათალეს

ჯანდაცვას და სოფლის მეურნეობას ცოტა ჩამოათალეს

საგაისო სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტი უკვე ცნობილია. ფინანსთა სამინისტრომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი ცოტა კიდევ შეასწორ-შემოასწორა და პარლამენტს წარუდგინა. ნოდარ ხადურს ეიმედება, რომ ბიუჯეტს 2-3 კვირაში დაამტკიცებენ და დეპუტატებს რაიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნები აღარ ექნებათ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი 2014 წლის ბიუჯეტში ის არის, რომ მომავალ წელს სახელმწიფო ბიზნესს ზედმეტად გადახდილი გადასახადების ნაწილს დაუბრუნებს. ამ მიზნით, ბიუჯეტში დაახლოებით 150 მლნ ლარია გათვალისწინებული.

მთლიანობაში კი წინა წლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადები ოდენობა 1 მილიარდ ლარს აღემატება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია ბიზნესში რეინვესტირების ხელშეწყობა და კომპანიების საბრუნავი სახსრების გაზრდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბიზნეს ჰქონდეს მუშაობის საშუალება და ბიზნეს-გარემო იყოს წარმატებული. მთავრობის გადაწყვეტილებაა, გააქტიუროს წინასწარ და ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნების პროცესი და მარტივი გადამოწმების შემდეგ, გადამხდელებს დაუბრუნდეთ ის გადასახადები, რომლებიც მათ ბიუჯეტში ზედმეტად აქვთ გადახდილი“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

2013 წელთან შედარებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 313.0 მილიონი ლარით ლარით და 2,658 მილიარდ ლარს შეადგენს. თუმცა, კანონპროექტის წინა ვარიანტთან შედარებით, სამინისტროს დაფინანსება ცოტათი შემცირებულია - 42,0 მილიონი ლარით. ეს ფაქტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების შემცირებას უკავშირდება.

კერძოდ, პროგრამაში 2013 წელსაც ეკონომია 100 მილიონ ლარს შეადგენს. „პროგრამის თითოეულ ბენეფიციარზე თანხა გათვლილი იყო იმავე მოცულობით, რა მოცულობითაც იხარჯებოდა სადაზღვეო კომპანიების მიერ, თუმცა პროგრამის 4 თვის ანალიზიდან გამოვლინდა, რომ თვეში ეკონომია 40-50%-ია. აქედან გამომდინარე, სამინისტროსთვის 2014 წელს გამოყოფილი ასიგნებები სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების დაფინანსებას“, - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.

წლევანდელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება (22,5 მილიონი ლარით) და 263,5 მლნ ლარს აღწევს. ამ შემთხვევაშიც, სამინისტროს დაფინანსება კანონპროექტის წინა ვარიანტთან შედარებით შემცირებულია (26,5 მილიონი ლარით), რაც ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ წლეულს სამინისტროში 50 მილიონ ლარზე მეტი ეკონომია გაკეთდა.

უკვე 2013 წლის ბოლომდე დაიფარება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად წინა წლებში აღებული სესხის ის ნაწილი, რომლის დაფარვის ვადა 2014 წლის დასაწყისში დგებოდა. სხვათა შორის, სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხიდან, 71,1 მილიონი ლარი სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაციიას მოხმარდება. 63,8 მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტების დაფინანსებისათვისაა გათვალისწინებული, ხოლო 50,0 მილიონი ლარი - მცირემეწარმიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისათვის.

2014 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში ფინანსთა სამინისტრომ თბილისის მერის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ბიუჯეტის პროექტში თბილისისთვის კვლავ შემცირებული ტრანსფერია გათვალისწინებული.

საერთოდ კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვითმმართველი ერთეულების გამოყოფილი ტრანსფერები ჯამურად გაზრდილია 76 მლნ ლარით, დედაქალაქისთვის გამოყოფილი დაფინანსება კი, 49.9 მლნ ლარით არის შემცირებული.

თბილისის მერმა 2014 წელს თბილისისთვის გამოყოფილი ტრანსფერის შემცირებას სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის წარდგენისას, ნოდარ ხადურის მიერ დედაქალაქისთვის „განხორციელებულ ჯიჰადი“ უწოდა და მთავრობას ამ გადაწვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა.

სამინისტრომ კი, განმარტა, რომ ტრანსფერის შემცირება 2013 წელს ქ. თბილისის ბიუჯეტში არსებულ ნაშთს უკავშირდება, რომელიც 2014 წლის დასაწყისისთვის 100 მლნ ლარზე მეტი იქნება.