ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ჩხარტიშვილის წინააღმდეგ მოქმედი რამდენიმე ადამიანის გვარის დასახელებას აანონსებს. ადვოკატის მტკიცებით, არსებობს კონკრეტული მასალები, რომელიც ორგანიზებულ პირთა ჯგუფს ამხელს. მისივე განმარტებით, ამ ჯგუფში მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან.
დიმიტრი გაბუნია For.ge-სთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის ყოფილი პრემიერის მრჩევლის გია ხუხაშვილის გვარიც მოხვდეს. „აბსოლუტურად არავის გამოვრიცხავ. შესაძლოა, უფრო მაღალი რანგის ჩინოვნიკებიც იყვნენ და შესაბამისად ნათელი მოეფინება ყველაფერს,“- ამბობს გაბუნია და პირობას დებს, რომ კონკრეტულ გვარებს ორ დღეში დაასახელებს.
მანამდე კი ადვოკატი ვანო ჩხარტიშვილსა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის არსებული დავის ახალ დეტალებზე საუბრობს.
დიმიტრი გაბუნია: ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ყულევისა და „სოკარის“ აქტივების გამო დავა საბოლოოდ წააგო. სასამართლოს გადაწყვეტილება გადასინჯვას აღარ ექვემდებარება. ვანო ჩხარტიშვილმა მოიგო, პრაქტიკულად, ყველა პროცესი, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზე მიმდინარეობდა. ასევე უპერსპექტივოა მათი დავა ლონდონის შესაბამის სასამართლოებში და მათ აეკრძალათ საქართველოს იურისდიქციაში გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება, თუმცა, ჩვენ არ გვიხარია ის, რომ დავამარცხეთ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი. მოვუწოდებთ ოჯახის წევრებს, გაემიჯნონ ყველა იმ პირს, ვინც მათი სახელით სპეკულირებს და ინსცენირებას აკეთებს ვანო ჩხარტიშვილის სახელის დისკრედიტაციისთვის. ფორმულა „ქვრივი ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ“ არ შედგა.
-ვინ და რა მიზნით ცდილობს ჩხარტიშვილის დისკრედიტაციას?
- ვანო ჩხარტიშვილი არასდროს ყოფილა ალიანსში ძველ ხელისუფლებასთან, მიუხედავად შემოთვაზებისა და მორიგებისა, არ თანხმდებოდა ამას, განსხვავებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან, რომელმაც ე.წ. გრიფით საიდუმლო კონტრაქტი გააფორმა ხელისუფლებასთან.
თუ რამე პრეტენზიები ჰქონდა პატარკაციშვილის ოჯახს, რატომ არ დაიწყო ეს დავა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან მოკლე პერიოდში და რატომ დაიწყო 4 წლის შემდეგ, როცა, პრაქტიკულად, დასჭირდა ძველ ხელისუფლებას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის გამოყენება. კომბინაცია - „ქვრივი ჩხარტიშვილის წინააღმდეგ“ სააკაშვილის პროპაგანდისტული პიარ-მანქანისთვის ბიზნესმენის რეპუტაციის შელახვის კარგი საშუალება იყო. სწორედ ამის შემდეგ, ბადრის გარდაცვალებიდან მეოთხე წელს, ჩნდება პრეტენზიები და იძაბება მანამდე არსებული ნორმალური ურთიერთობები ოჯახთან.
მიგვაჩნია, რომ ეს ოჯახი როგორც მაშინ, ახლაც არის გამოყენებული ვანო ჩხარტიშვილთან ბრძოლის იარაღად. პრაქტიკულად, ყველა პროცესი გვაქვს ჩვენ მოგებული საზღვარგარეთ, მაგრამ პატარკაციშვილის ოჯახის წევრებს ჯიუტად არ უნდა დასხდომა მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომ, იძულებულები ვართ საქართველოს სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი.
-რას მოითხოვთ ამ სარჩელით?
- სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა, პირველ რიგში მოარიგოს მხარეები. ვეცდებით, კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ოჯახი, გაემიჯნოს იმ კარგად ორგანიზებულ ჯგუფს, რომელიც დღემდე თითქოს კეთილისმსურველის სახით ეხმარება და სინამდვილეში ჩიხში შეჰყავს ოჯახიც და პროცესიც. ბადრი და ვანო პარტნიორები იყვნენ და ახლა ვანოს ცილს სწამებენ და უამრავ რამეს აბრალიან. ამ საკითხებთან დაკავშირებით ლოიალურ პოლიტიკას ვწყვეტთ და მკაცრ სამართლებრივ რეაგირებას ვაპირებთ.
- თქვით, რომ ყულევის ტერმინალსა და „სოკარის“ აქტივებზე დავა დასრულდა. რომელი აქტივებია დღეს სადავო პატარკაციშვილის ოჯახსა და ჩხარტიშვილს შორის?
- ეს არის გარკვეული უძრავი ქონება, მათ შორის თბილისის ცენტრალური უნივერმაღი, რომელიც, სხვათა შორის, ბადრის სიცოცხლეშივე გასხვისდა, თამბაქოს ქარხანა, ფოთის წისქვილკომბინატი და კიდევ ორი კომპანია, რომლებსაც ფოთში იჯარით ჰქონდათ აღებული ნავმისადგომები.
პრეტენზია არის, თითქოს ვანომ მიითვისა ეს კომპანიები ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ. რაც იურიდიულადაც მძიმე ბრალდებაა და ადამიანურადაც. ე.წ. გრიფით საიდუმლო დოკუმენტში ერთ-ერთ პუნქტად დასჭირდათ, მიეთითებინათ ვანო ჩარტიშვილთან დავის დაწყება. ახალი ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ასევე გააგრძელა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა. შეეხენ არა მხოლოდ ვანო ჩხარტიშვილს, არამედ მის ადვოკატებსაც. ამაზე მეტს ამ თემაზე ახლა არ ვიტყვი. თუმცა, ვიტყვი, რომ ეს ხდებოდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ.
-ორგანიზებულ დანაშაულ ჯგუფზე საუბრობთ, იქნებ გვითხრათ, ვინ შედის ამ ჯგუფში და კონკრეტულად რა სახის პრობლემებს უქმნიან ჩხარტიშვილს?
-ჩხარტიშვილის მიმართ ზეწოლის, ტერორის და ფულის გამოძალვის საქმეში მონაწილეობდა ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც. კონკრეტულ გვარებს ახლა ვერ გეტყვით. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები. ზუსტად 2 დღეში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ეს გვარები. ნათქვამის დასადასტურებლად სერიოზული მტკიცებულებები არსებობს და ამ დღეებში ვგეგმავთ მივმართოთ პროკურატურას. კიდევ ერთხელ დარწმუნდება საზოგადოება და პატარკაციშვილების ოჯახი, თუ რა ცუდი ფორმით იყვნენ გამოყენებულნი ვანო ჩხარტიშვილთან დავებში.
-რა მიზანს ემსახურება დღეს კონკრეტული გვარების დასახელების დაანონსება. ორი დღის შემდეგ რა იცვლება?
-ჩემი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით გვარებს, მან მომცა მტკიცებულებები, არსებობს კონკრეტული ჩანაწერები, რომელიც ჩემი აზრით დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასევე არის კონკრეტული სატელეფონო მუქარა განხორციელებული მოლაპარაკებების პროცესში. ხვალ, მაქსიმუმ ზეგ, მივმართავთ შესაბამის ორგანოს და ამის შემდეგ გასაჯაროვდება ინფორმაცია.
-თუ პატარკაციშვილის ოჯახი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, მაინც შეიტანთ სარჩელს და ზეწოლის ფაქტებში მონაწილე გვარებს მაინც დაასახელებთ?
- არ მგონია, რომ ეს მოხერხდეს ორ დღეში. მაგრამ ამის მიუხედავად ინფორმაცია გახმაურდება და პატარკაციშვილებიც დარწმუნდებიან, რომ მათ ცუდად იყენებდნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც ამის გამო პასუხი უნდა აგონ კანონის სრული სიმკაცრით.