ნათქვამია, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო, მაგრამ ნაციონალები უკვე მერამდენედ რებრენდინგისთვის ემზადებიან. მართალია, ამ რამდენიმე თვის წინ ილუზიაში მყოფ ადამიანებს კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ 19 აპრილის აქციაზე ნაციონალები ცხრაწლიანი ეპოპეის გამო ბოდიშს თვალთმაქცურად მაინც მოიხდიდნენ, მაგრამ ამაოდ. იმხანად ნაციონალებმა ახალი ეროვნული მოძრაობის შექმნა დააანონსეს და ამით სილა გააწნეს მართლაც ეროვნულ მოძრაობაში ჩართულ თაობებს, რადგან პიროვნულ-ეკონომიკურ თავისუფლებასთან მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ. იმ პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნაციონალები სააკაშვილისგან დისტანცირებას მაინც მოახდენდნენ, მაგრამ ესეც არ გამართლდა. 19 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მთავარი სიურპრიზი მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა იყო.
საინტერესოა, ამჯერად რომელ ცვლილებებზეა საუბარი, როცა ნაციონალები არც სააკაშვილისგან და არც მერაბიშვილისგან დისტანცირებას არ აპირებენ?!
როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობაში ცვლილებების პროცესი დაიწყო, მაგრამ ეს პროცესი მარტივი არ იქნება“.
„მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებები დაიწყო. გუშინ სრულიად ახალი მენეჯმენტის სისტემაზე შევთანხმდით. მიხარია, რომ პატიაში ეს კონსესუსი შედგა“, - განაცხადა ვაშაძემ და განმარტა, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ ღია და გახსნილი სივრცეა, სადაც ნებისმიერ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შეუძლია. მეტიც, ეს არის პირველი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მონოპოლია აქვს აღებული ოპოზიციაზე, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ნაციონალები აპირებენ გარდაქმნითა და სიახლეებით კიდევ ერთხელ უჩვენონ ქართულ საზოგადოებას (და არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრს), თუ რას ნიშნავს 21-ე საუკუნეში პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოძრაობა.
ვაშაძის ამ განცხადებას წინ უძღოდა ნაციონალებისთვის არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია განხეთქილებისა და მონოლითის დაშლის თაობაზე. ამ ინფორმაციის მიხედვით, for.ge წერდა, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს - დავით საყვარელიძესა და გიორგი ვაშაძეს, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინათ.
უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, 27 ნოემბერს „ნაციონალური“ გარჩევები მომხდარა ხათუნა ოჩიაურის კარზე. როგორც ამბობენ, დაპირისპირება რეგიონული მდივნის თანამდებობაზე გასაყვან კანდიდატურას შეეხებოდა და აკაკი ბობოხიძეს სურდა, ეს თანამდებობა დავით კირკიტაძეს დაეკავებინა. ეს კი გიორგი ვაშაძისა და დავით საყვარელიძის დაჯგუფებას წარმოადგენდა, განსხვავებით, ბაჩო ახალაიას დაჯგუფებისგან, რომელშიც შედიან ნუგზარ წიკლაური, ეკა ხერხეულიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ანდრო ბარნოვი, აკო მინაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ნინო კალანდაძე, ლევან ბეჟაშვილი, თენგიზ გუნავა და პაატა ლეჟავა.
სხვათა შორის, გიორგი ვაშაძემ 27 ნოემბერსვე გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის ღიად ამბობდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძირეულად უნდა შეიცვალოს ყველაფერი და წარმოჩდნენ ახალი სახეები. „ნაცმოძრაობაში ცვლილებების დროა!“ - ამ წერილით იგი კარდინალურ განახლებაში ხედავდა ერთადერთ გზას და, წესით, ამას უნდა მოჰყოლოდა ნაცმოძრაობის მოძველებული სახეებისგან დისტანცირება ახალგაზრდული ფრთის სასარგებლოდ.
იმასაც ამბობდნენ, რომ ვაშაძე რადიკალურად იყო განწყობილი და მიხელ მაჭავარიანის დარჩენის შემთხვევაში, თავის ადგილს პარტიაში ვერ ხედავდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მიხეილ მაჭავარიანი ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურებს ვერ ელეოდა.
თუმცა უცნობია, ამ რადიკალური განცხადებებისა და მოარული ხმების შემდეგ როგორ დაიყოლიეს ნაციონალებმა ვაშაძე-საყვარელიძე გუნდში დარჩენზე. ერთიც კია, პრობლემა იყო ისიც, რომ ნაცმოძრაობის, როგორც ბრენდის, დატოვების შემთხვევაში, გიორგი ვაშაძისა და დავით საყვარელიძის ტანდემს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევდა. ამასთან, ისინი ისე მძლავრად არ იქნებოდნენ წარმოდგენილნი პოლიტიკურ სივრცეზე, როგორც ფინანსურად მძლავრი „ნაციონალური მოძრაობა“.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი გადახალისების არ სწამს, რადგან რეალურად, ნაცმოძრაობა ასი პროცენტით ისევ ძველი გვარდიითაა წარმოდგენილი, როგორც ეს იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. მართალია, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ ორი თუ სამი ახალგაზრდა შეემატათ, მაგრამ ეს ორი-სამი ადამიანი ვერ შეცვლის ნაცმოძრაობის ვერც ხასიათს, ვერც მიმართულებას, ვერც სტრატეგიას. ამდენად, პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ სტრუქტურული ცვლილებები ნაციონალებს ვერავითარ შედეგს ვერ მოუტანს, რადგან ნაცმოძრაობის სისუსტე არ არის სტრუქტურებში. შეიძლება ითქვას, დღეს საქართველოში ნაცმოძრაობა ერთადერთი პარტიაა, რომელსაც სწორედ სტრუქტურული ფორმა აქვს ყველაზე მეტად დახვეწილი და მოწესრიგებული, მაგრამ მისი პრობლემა არის საზოგადოების მხარდაჭერაში, ანუ მის იმიჯში.
ამდენად, რებრენდინგი სწორედ ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას უნდა შესთავაზოს თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის სხვა იმიჯი. ამას ისინი ვერ ახერხებენ. ამ დროს კი, იმიჯის შეცვლა შესაძლებელი იყო, თუკი ნაცმოძრაობის ახალი ფრთა, რომელსაც უშუალო მონაწილეობა არ მიუღია ცხრაწლიან მმართველობაში, აიღებდა ხელში სადავეებს.
„ახალგაზრდა მხარის - გიორგი ვაშაძისა და დავით საყვარელიძის დასარწმუნებლად ყველაზე რეალური არგუმენტი იქნებოდა, რომ ჯერჯერობით, მათ უნდა შეინარჩუნონ პარტიის ერთიანობა. დარწმუნებული ვარ, კონსენსუსის მისაღწევად მათ ეტყოდნენ, მოდით, ვნახოთ, ადგილობრივ არჩევნებზე ერთიანი გუნდით რა შედეგს მივიღებთ. თუ ადგილობრივ არჩევნებში ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს, ამის შემდეგ დავიწყოთ სერიოზულ ცვლილებებზე საუბარი. მართლაც, ადგილობრივი არჩევნების წინ აუცილებლად მოხდება მნიშვნელოვანი გადახალისება ნაცმოძრაობაში. ისევე, როგორც, ალბათ, რაღაც ძვრები იქნება „ქართულ ოცნებაშიც“. ასე რომ, ეს არჩევნები საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ორივე პოლიტიკური ძალისთვის“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, ჯერჯერობით, სააკაშვილი გარიდებულია ქართულ პოლიტიკას და, სავარაუდოდ, ისიც ელოდება ადგილობრივ არჩევნებს. როგორც ჩანს, არა მხოლოდ ამ ორი პიროვნების - ვაშაძე-საყვარელიძის მხრიდან, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა გარკვეული ჯგუფიდან არის პრეტენზიები. ამიტომ გამორიცხული არაა, სააკაშვილი სწორედ ასეთ სვლას მიმართავდეს - გადით ადგილობრივ არჩევნებზე ჩემს გარეშე და ვნახოთ, რა შედეგი გვექნება.
„რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ეს მხარე, ალბათ, მას შემდეგ გახდება სალაპარაკო, თუ პარტიამ იმიჯი ვერ შეიცვალა, თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწია და ადგილობრივ დონეზეც კი დაკარგა სახელისუფლო ბერკეტები და გავლენა, მაშინ, რა თქმა უნდა, სერიოზულად დადგება „ნაციონალური მოძრაობის“ გადახალისების საკითხი. ამ ეტაპზე კი, იმ ადამიანებს, ვინც თვლის, რომ ნაცმოძრაობა უნდა შენარჩუნდეს, ცხადია, ექნებოდათ არგუმენტი, რომ ნაციონალებმა მიიღეს საკმაოდ მაღალი შეფასება, გავიდნენ მეორე ადგილზე და მათ შეუძლიათ თქვან, ჩვენ სწორი სტრატეგია ავირჩიეთ, რაც ჯერჯერობით ამართლებსო. ამიტომ, დაველოდოთ, რა იქნება ადგილობრივ არჩევნებში და ეს არჩევნები იქნება განმსაზღვრელი, რა ფორმით მიიღებს ნაცმოძრაობა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას“, - გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.
ჩვენ საპარლამენტო უმცირესობის წევრს, გიორგი ვაშაძესაც დავუკავშირდით. მან დაადასტურა, რომ ნაცმოძრაობაში აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა მიმართულებით მართლაც იყო და არის, მაგრამ ისინი შეთანხმდნენ, რომ მათი მთავარი პრინციპი იქნება ღიაობა, გახსნილობა, მეტი კომუნიკაცია ხალხთან. რაც მთავარია, მათ უნდა ჩამოაყალიბონ პარტია, რომელიც იქნება პლატფორმა ნებისმიერი ახალგაზრდა ადამიანისთვის, რათა მან თავისი შესაძლებლობის რეალიზება სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით შეძლოს და, სურვილის შემთხვევაში, მიიღოს ქვეყნის ცხოვრებაში მონაწილეობა.
რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, გიორგი ვაშაძის განმარტებით, ეს იქნება რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების არჩევნები და პრაიმერი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო ზუსტად, დაგეგმილია ყველა დონეზე პრაიმერის კანდიდატების შერჩევა და ძალიან ბევრი კონკრეტული ცვლილება იგეგმება.
ჩვენს შეკითხვაზე, როგორ მოხდა მისი დარწმუნება პარტიაში დარჩენის შესახებ, როცა გავრცელებული ინფორმაციით, იგი პარტიის დატოვებას აპირებდა და, ნაწილობრივ, ამის შესახებ მიუთითებდა მისი წერილი, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ განიხილებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ ჩვენ ვართ ერთიანები, ჩვენ არ ვიშლებით და ვაგრძელებთ ერთიანად ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ ეს აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია იყო. ეს უკავშირდებოდა შიდა დისკუსიებს. დასამალი არაფერია, ამიტომაც დავწერე ღია წერილი ფეისბუკზე ამასთან დაკავშირებით. სტერეოტიპულად საქართველოში ჩამოყალიბებულია, რომ, თუ რაიმეს საჯაროდ ამბობ შიდა პარტიულ განხილვებთან დაკავშირებით, ალბათ, ეს უკვე განხეთქილებაა. მე გეუბნებით, რომ ასე არ არის და სწორედ ამაშია ჩვენი დიდი ნაბიჯი, რომ ჩვენ სხვა ტიპის პოლიტიკურ მოძრაობას ვაყალიბებთ“, - გვითხრა გიორგი ვაშაძემ.
როცა შევახსენეთ, რომ ნაციონალები ჯერ კიდევ აპრილის თვეში გვპირდებოდნენ პარტიული რებრენდინგს, რაც არ განხორციელდა, ისევე, როგორც არ განხორციელდა მათი დისტანცირება სააკაშვილისა და მერაბიშვილისგან, მან აღნიშნა, რომ არანაირი სახელის შეცვლა ახალი ეროვნული მოძრაობით არ იგეგმებოდა. უბრალოდ, მათ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებების სტრატეგია ჩამოალაყალიბეს, რასაც მოჰყვა პირველი პრაიმერი საქართველოს ისტორიაში. ასე რომ, დღევანდელი სიახლეებიც სწორედ 19 აპრილის შემდგომი საერთო გეგმის ნაწილია.
„ეს არ ნიშნავს, რომ, რაც 19 აპრილს დავიწყეთ, ვერ განვახორციელეთ. პირიქით, მაშინ დავიწყეთ და ვაგრძელებთ ამ პროცესს. რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, ჩვენ მათგან დისტანცირებას და გარიყვას არ ვაპირებთ. ძალიან საინტერესოა, რომ დღეს გადაწყვეტილების მიმღები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის პოლიტიკური საბჭო, რომელშიც ერთი და იგივე უფლება აქვს ყველა იმ 68 წევრს, რომელიც შედის ამ საბჭოში. ესეც მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული პოლიტიკური საბჭოსთვის“.
შეკითხვაზე, ნუთუ არ განიხილეს პარტიაში, რომ, შესაძლოა, ძირითადად ძველმა სახეებმა და ზემოხსენებულმა ორმა პერსონამ განაპირობა მათი მარცხი ბოლოდროინდელ თუ მის წინამორბედ არჩევნებზე, გიორგი ვაშაძეს ასეთი პასუხი აქვს:
„ეს შეთქმულების თეორიის კითხვა მგონია, პარტიას არ მართავს ერთი და ორი ადამიანი. დღეს პარტიას მართავს ის მექანიზმი, რაც ჩადებულია ახალ წესდებაში. თუ ვინმე წავა პარტიის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების წინააღმდეგ, მხოლოდ ამ შემთხვევაში, შეიძლება განიხილონ პარტიისგან ვინმეს დისტანცირების საკითხი, დღეს ეს პრობლემა არ დგას. პირიქით, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საჯარო და აქტიურ პოლიტიკაში გარკვეული პაუზა აიღო, აბსოლუტურ თავისუფლებას აძლევს პარტიის თითოეულ წევრს, მიიღონ გადაწყვეტილება. აქ საკონფლიქტოსა და პრობლემატურს ვერ ვხედავ. პერსონებზე არ მაქვს საუბარი, აქ საუბარია სისტემაზე და სტილზე. ზედმეტი ცენტრალიზება ეს იყო შეცდომა. დღეს გადავდივართ დეცენტრალიზებისკენ, გახსნილობისა და მეტი დემოკრატიისკენ. ამითაც განვსხვავდებით „ქართული ოცნებისგან“, რომელიც აბსოლუტურად ცენტრალიზებულ კოალიციად ჩამოყალიბდა, სადაც ერთი ადამიანი იღებს ყველა გადაწყვეტილებას. ნაცმოძრაობამ სწორედ ამ შეცდომაზე ისწავლა, რომ უნდა იყოს მეტი გახსნილობა და მეტი დისკუსია“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.