„აკადემიური განათლება პოლიციელთათვის“

„აკადემიური განათლება პოლიციელთათვის“

შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა – „აკადემიური განათლება პოლიციელთათვის“ გაიმართა.

ღონისძიება შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გახსნა, რომელსაც დაესწრნენ შს სამინისტროს სხვა ოფიციალური პირები, საქართველოს აკადემიური წრის წევრები, მსოფლიოს პოლიციის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ექსპერტები იმ ქვეყნებიდან, რომლებიცაა: ხორვატია, ესტონეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ლატვია, ნორვეგია, თურქეთი, პორტუგალია, პოლონეთი, ჰოლანდია, კანადა, იტალია და აშშ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქრთველოში აკრედიტებული საელჩოების ატაშეები პოლიციის საკითხებში.

სამუშაო შეხვედრაზე სამაგისტრო პროგრამის პროექტი განიხილეს. იმ ქვეყნების წარმომადგენელი ექსპერტები, რომელთაც პოლიციის სამაგისტრო პროგრამები უკვე განახორციელეს, კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ეუთო-ს სამდივნოს პოლიციის სტრატეგიულ საკითხთა დეპარტამენტის, ევროპის პოლიციის კოლეჯის და ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის უშუალო მხარდაჭერით ხორციელდება, რომელთანაც საქართველოს შსს-ს აკადემიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს.