აბიტურიენტთათვის საგამოცდო ცვლილებები უკვე ცნობილია. განათლების სამინისტრომ მათ არცთუ სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა. უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა.
განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინმა ინფორმაციით, სამართალმცოდნეობის, ბიზნესისა და ეკონომიკის, სამედიცინოს და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები დაფინანსდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოიპოვებენ საკმარის ქულებს 100%-იანი დაფინანსებისთვის.
ყველა სხვა შემთხვევაში სტუდენტები გრანტს ვერ მიიღებენ. ისინი ჩაირიცხებიან, მაგრამ 70%-იან, 50%-იან და 30%-იან დაფინანსება ამ ფაკულტეტებზე არ იქნება გათვალისწინებული.
მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად შაშკინმა საქართველოში ნაკლებად პოპულარული პროფესიების მეტი ფინანსური სტიმულირება დაასახელა.
“ჩვენს ქვეყანაში კონკრეტულ პროფესიებზე ძალიან დიდი დეფიციტია და ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. ასეთივე მდგომარეობაა ამერიკასა და ევროპაში. ერთადერთი ბერკეტი, რომელიც სახელმწიფოს აქვს პროფესიების პოპულარიზაციისთვის, არის ფინანსური სტიმულირება. საქართველოს მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ხაზს ვუსვამ - სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემა შეიცვალა, რათა მოხდეს ფინანსური სტიმულირება იმ პროფესიებისა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის”, - აღნიშნა მინისტრმა.
შაშკინის სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, რომ ამ პროფესიების პოპულარიზაცია და ფინანსური სტიმულირება მომხდარიყო. თუმცა, მინისტრს ერთი რამ ავიწყდება - მხოლოდ პროფესიების პოპულარიზაცია შედეგის მომტანი ვერ იქნება, თუკი ქვეყანაში შესაბამისი სამუშაო ადგილები არ შეიქმნა. რაში გამოიყენებს ესა თუ ის სტუდენტი სახელმწიფოს მიერ გაპოპულარულებულ პროფესიას, თუ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან სამსახური ვერ იშოვა? თუმცა, ამაზე შაშკინს ჯერ არ უფიქრია, იგი მხოლოდ მშრალი სტატისტიკით ხელმძღვანელობს.
“ჩვენ მსგავსი მაგალითი უკვე გვაქვს. შევცვალეთ სამაგისტრო დაფინანსება 2010 წელს და შედეგად 12-ჯერ გაიზარდა საინჟინრო ფაკულტეტზე მსურველთა რაოდენობა, ხოლო 10-ჯერ შემცირდა სამართალმცოდენობის ფაკულტეტზე ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის სახელმწიფო გრანტი და სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად სიკრეციული და სამართლიანი უფლება, მოახდინოს სტიმულირება იმ დარგებისა, რომლებიც ძალიან სჭრიდება ჩვენს ქვეყანას შემდგომი განვითარებისთვის”, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2011 წელს აკადემიურ პროგრამებზე მისაღები კონტინგენტია 33 988. აქედან, დაახლოებით, 15000 ადგილი გამოცხადებულია იმ მიმართულებებზე, რომლებზეც მხოლოდ 100%-იანი დაფინანსება გაიცემა (შესაბამისი ქულების დაგროვების შემთხვევაში). დანარჩენ ადგილებზე ჩარიცხულებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ როგორც 100%-იანი, ისე 70%-იანი, 50%-იანი და 30%-იანი დაფინანსება.
მხოლოდ 100-პრონცენტიანი დაფინანსება გაიცემა მხოლოდ შემდეგ მიმართულებებზე: სამართალი, ჯანდაცვა, ბიზნესის ადმინისტრირება (გარდა ტურიზმისა), მასობრივი კომუნიკაცია, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო მმართველობა. ამ მიმართულებებზე არ გაიცემა ნაწილობრივი (70%, 50%, 30%) დაფინანსება.
ყველა სხვა მიმართულება დაფინანსდება, როგორც 100%-იანი, ისე 70%-იანი, 50%-იანი და 30%-იანი გრანტით.
რაც შეეხება კიდევ ერთ, ანუ სასკოლო გამოცდებს, ცვლილებები აქაც არის. როგორც განათლების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძემ განაცხადა, საატესტატო გამოცდას “მინიმალური კომპეტენციის გამოცდები” ჰქვია.
სამინისტროს სურვილი კი სულ სხვაა. ამ გამოცდას “გამოსაშვები გამოცდები” უნდა ერქვას. აღნიშნული ტერმინოლოგიური ცვლილება “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში აისახება, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე თვესვე დამტკიცდება.