„ვინც დააზარალა მიადექი იმას, ადინე ცხვირიდან ძმარი და ასე აღასრულე მართლმსაჯულება“

„ვინც დააზარალა მიადექი იმას, ადინე ცხვირიდან ძმარი და ასე აღასრულე მართლმსაჯულება“

„ვინც დააზარალა მიადექი იმას, ადინე ცხვირიდან ძმარი და ასე აღასრულე მართლმსაჯულება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, სამართლის საკითხებში ექსპერტი, მინდია უგრეხელიძე, რომლის განცხადებით, პროკურატურაში ძველი კადრები აღარ უნდა დარჩნენ, რადგან მათ სახელი გატეხილი აქვთ. მინდია უგრეხელიძე უწყებაში გასატარებელ რეფორმებს შორის პირველ რიგში, ახალი და კვალიფიციური კადრების მიღებას ასახელებს.

For.ge მინდია უგრეხელიძეს ესაუბრა.

მთავარმა პროკურორმა, თითქმის, ყველა რეგიონული პროკურორი გაანთავისუფლა, მათ შორის ის პროკურორები, რომლებიც გახმაურებულ საქმეებზე მუშაობენ. ბატონო მინდია, ეს საკადრო გადაადგილება არის იმის წინაპირობა, რომ პროკურატურამ შეძლოს მოიპოვოს დაზარალებულთა ნდობა?

მინდია უგრეხელიძე: მე რომ მკითხოს კაცმა, გაძლიერებულ ტრენინგებს და კურსებს ჩავატარებდი, განსაკუთრებით სისხლის სამართლიში, რათა ახალგაზრდა ნიჭიერი, ახალი შემართებით მოსული ადამიანები დროზე ჩავრთოთ ამ პროცესში. თუ გავაერთიანებთ ძველ, პატიოსან და გამოცდილ კადრებს, იმათთან ვინც მართალია ახალგაზრდები არიან, მაგრამ ძალიან მონდომებული, ძალიან ადვილად შეივსება ეს ხარვეზი.

ავტორიტარული მართვის პირობებში კვალიფიციური გამოძიების ჩატარების საჭიროება მოისპო. პროკურატურაში, პირველ რიგში, კვალიფიციური კადრების მიღება უნდა მოხდეს. ეს რთული საქმეა და ამან მავანნი გადაიყოლა. ამ უწყებაში ასეთი ვითარება შეიქმნა - საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო. ძველი კადრები აღარ გამოდგება, რადგან მათ სახელი გატეხილი აქვთ. ახალი კადრების მოზიდვა გამოძიების დარგში ძალიან ჭირს. ამიტომ, ეს უაღრესად სპეციფიური საქმეა. თუმცა, ახალი პროკურორების მიღება, თანამედროვე ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, აუცილებელია.

ის, რომ საერთოდ არავინ არ გამოიყენონ ძველი კადრებიდან, ეს შეუძლებელია. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ კადრების გამოყენებას, თუ ძალიან მოხუცი არა, კიდევ წინა კადრი ჯობია. ცოცხებს იყენებდნენ არადანიშნულებრისამებრ, ამდენი პოლიტიკური პატიმარი იყო და ეს ყველაფერი ხდებოდა მათი თანამონაწილეობით. ღრმად მწამს, რომ წინა პროკურორები გაცილებით უფრო წესიერები და პატიოსნები იყვნენ, ვიდრე „ნაციონალი პროკურორები“.

ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ რთულია ერთი ხელის მოსმით ყველა პროკურორის განთავისუფლება, ვინაიდან ამის რესურსი არ არსებობსო...

- თუკი ჩვენ დავიწყებთ კადრების მომზადებას და ეს საკითხი უკვე დაწყებულიც უნდა იყოს, რომ გამოძიების წაყვანა და თანამედროვე წესები ვასწავლოთ, ევროპული სტანდარტების დონეზე უნდა მოხდეს მათი მომზადება, ამაში არაფერი შეუძლებელი არაა. როდესაც უცხოეთში კოდექსების ექსპერტიზაზე წავედი, იქ ჩემთან ერთად იყო ჯემალ გახოკიძე და ეს ჩემთვის იყო აღმოჩენა. მე არ ვიცოდი, რომ ჩვენთან უშიშროების მინისტრი შეიძლებოდა ასეთი ნიჭიერი ყოფილიყო. არის ხალხი, მაგრამ დაჯდომა და შესწავლა უნდა ამ საკითხს. ამ საკითხზე რომ ვმუშაობდე ნახევარ საათში 10 კაცს უცებ მოვძებნი.

იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მე და ახალ გენერალურ პროკურორს საერთო ხედვა გვაქვსო. მე ამან ძალიან გამახარა, მაგრამ როდესაც მას უკიჟინებენ, რომ რაღაცა შეცდომები მოგივიდაო, მომეჩვენა, რომ ეს არის სერიოზული კაცი, რომელიც ამ შეცდომასაც კი გამოიყენებს თავის და საქმის სასარგებლოდ. სამწუხაროდ, მას პირდად არ ვიცნობ.

რა იყო ყოფილი პროკურორის ყველაზე დიდი შეცდომა? მას შეცდომად უთვლიან, იმას, რომ მან ვერ შეძლო კადრების მართვა...

- მე ძალიან დიდ პატივს ვცემ კბილაშვილს, როგორც მცოდნე იურისტს და კარგ ადვოკატს, ადამიანს რომელიც არაა გამომძალველი. სტრასბურგშიც იყო მისი ნაწარმოები საქმეები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რთული ამოცანა. მის შეცდომად მიმაჩნია და ვსაყვედურობ იმას, რომ პროკურატურა ძალიან სპეციფიური ინსტიტიუციაა, ხოლო გამოძიება ძალიან დიდი ხელოვნებაა, ამიტომ თუ შენ არ ხარ გაჟღენთილი და გაჯერებული ამით, მაშინ არ უნდა მოკიდო ხელი ამ საქმეს.

მიმაჩნია, რომ ჩვენ თვითონ ბატონი კბილაშვილიც დავაზარალეთ იმით, რომ პროკურორობა დავაბრალეთ და საქმეც შევაფერხეთ. ხალხსაც გაუჩნდა ნდობის ბზარი.

ამ საქმის კიდევ ერთი ნაკლი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოების ის ნაწილი მაინც, რომელსაც რაღაცა ეკითხება, ჩართული უნდა ყოფილიყო პროცესში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საზოგადოებას ყველაფერში ვერც ავყვებით და ვერც გავყვებით. მაგალითად, საზოგადოებას რომ ჰკითხოთ, სიკვდილით დასჯას მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მის აკრძალვას, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, რომელიც ინტელიგენციის მოწინავე ნაწილმა უნდა გადაწყვიტოს.

გასულ კვირას თეა წულუკიანის განცხადებას მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნასთან დაკაშირებით, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა საზოგადოებაში, გარკვულმა ჯგუფმა მისი გადადგომა მოითხოვა. როდესაც სამართლანობ აღდგენის ლოზუნგით მოსული ხელისუფლება დღეს ამბობს, რომ ბიუჯეტში არაა შესაბამისი თანხები და ამ ზეზით კომისია არ შეიქმნებაო, ეს სწორი გადაწტვეტილებაა?

- იმ ადამიანებს, რომელსაც ის ელაპარაკებოდა, მაგალითად, კოტე კუბლაშვილს, არ შეიძლება ელაპარაკო ნორმალური ენით. მე პირდაპირ ვაცხადებ და მიჩივლონ თუ უნდათ, დანაშაული იყო ის, რაც მათ ჩაიდინეს. 200-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი რომ გეყოლება და ყველაფერი ეს სასამართლოს მეშვეობით ხდება, რაზეა ლაპარაკი?! ამიტომ, ცხადია, რომ ქალბატონი თეა ამ საკითხებში გაცილებით უფრო გაკაპასებულია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.

კოტე კუბლაშვილიც თვლის, რომ ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, უარყოფითად იმოქმედებს სასამართლო რეფორმებზე...

- ადამიანები რომლებიც აშკარად იყვნენ და სცნო კიდევაც ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა პოლიტიკურ პატიმრებად, მაშინ ეს რას ნიშნავს? კუბლაშვილს ისეთი განცხადებები აქვს გაკეთებული, რომ მარტო მისი ერთი განცხადება იქნებოდა საკმარისი ცივილიზებულ სამყაროში იმისათვის, რომ მოეშორებინათ იქიდან. როცა ის აჰყვა ჩვენს პრეზიდენტს ნულოვანი ტოლერანტობის საკითხებში და განაცხადა, რომ მე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის მომხრე ვარო... რას ჰქვია სიმკაცრის მომხრე ხარ, შენ რა იცი წინასწარ მკაცრი უნდა იყოს თუ ლმობიერი სასამართლო?! ეს ხომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ასე რომ, ეს კაცი საერთოდ არ უნდა იყოს იქ.

სამართლიანობა უნდა აღსდგეს! მარტო ეკონომიკური და ფინანსური მოსაზრებებით მაგაზე უარის თქმა, ან დიდი ხნით გადავადება არ შეიძლება! ჯერ ერთი, შევპირდით ამ ადამიანებს და უნდა შევუსრულოთ დანაპირები და მეორე, არ არს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე. როგორც კი ეს არ მოხდება, მაშინ დაიწყება ისეთი პროცესები, რომელიც სავალალო გახდება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სათანადო მომზადება.

მაგალითად, როდესაც ესტონეთს ცუდი მდგომარეობა ჰქონდა ციხეებში, პატიმრებმა უთხრეს - ბატონო! ჩვენ არ გვაინტერესებს შენ ფული გაქვს თუ არა, მთავარია ჩვენ არ ვიყოთ ციხეში ცუდ მდგომარეობაშიო. ამიტომ, ისესხეს ფული და ნასესხები ფულით პრივილეგიად მიიჩნიეს ამ საკითხის გამოსწორება. მე მიმაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელსაც თუ დროზე არ მიეხედა, ჩვენ დავკარგავთ უფლებას ვიწოდებოდეთ სამართლებლივ სახელმწიფოდ, რაც გვიწერია კონსტიტუციაში.

როგორ უნდა მოხდეს ზარალის ანაზღაურება ისე, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ბიუჯეტი?

- მე არ ვიცი როგორ, უნდა იშოვო ფული და გაისტუმრო ეს ხალხი. მაგრამ ყველაზე სწორი გზა არის ის, რომ ვინც ამ ფულს იტაცებდა და ითვისებდა, იმისგან დამოუკიდებლად რას გიკარნახებს შენ შორეული ქვეყანა, უნდა ჩასვა ციხეში და აიძულო, რომ დაყაროს ის ყველაფერი, რაც ხალხისთვის აქვს წართმეული და მითვისებული და იმ ფულით გაისტუმრო ვალი. მართლაც, ბევრ შემთხვევაში, კეთილსინდისიერი შემძენის ხელშია ეს ქონება, მაგრამ ვინც დაზარალდა იმას ეს არ აინტერესებს. რატომ არ ადგები იმას ვინც დააზარალა? რა, არ ვიცით? ძნელი მისაგნებია თუ რა? მიადექი იმას ვინც დააზარალა, ადინე ძმარი ცხვირიდან და ასე აღასრულე მართლმსაჯულება. არ შეიძლება ერთდროულად უსმინო დასავლეთსაც და ჩრდილოეთსაც. შენ უნდა უსმინო საკუთარი სინდისის ხმას და ხალხის მოწოდებას.