როგორ დაკარგა ევროკავშირმა უკრაინა

როგორ დაკარგა ევროკავშირმა უკრაინა

რუსეთმა მორიგი გეოპოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა: მან შეძლო უკრაინის და ევროკავშირის დაშორება. და ეს იმ დროს, როდესაც შეთანხმების ხელმოწერას თითქოს ვერაფერი ვეღარ დაუდგებოდა წინ. ევროპარლამენტის მრჩეველი ჯონატან გერო-პინე იმაზე წერს, თუ რამ შეცვალა ძალთა თანაფარდობა და როგორ შეაბრუნა სიტუაცია თავის სასარგებლოდ ვლადიმერ პუტინმა.

ხუთშაბათს უკრაინამ განაცხადა, რომ შეაჩერა მოლაპარაკებები სავაჭრო შეთანხმებაზე ევროკავშირთან, რითაც დიდი სილა გააწნა ევროპულ დიპლომატიას.

ეს გასაოცარი გადაწყვეტილება, რომელიც კიევმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე მიიღო, რუსებს და ევროპელებს შორის უკრაინისათვის ბრძოლაში მორიგ რაუნდად იქცა. ამ ფაქტმა ხაზი გაუსვა ევროპის მიდგომის შეზღუდულობას (კერძოდ იმას, რომ მათ არ იციან როგორ მოერგონ ამ ქვეყნის რეალიებს) და რუსეთის „უხეში ძალის“ ტრუმფს.

უიღბლო დასაწყისი

თავდაპირველად მოვლენები რუსეთის სასარგებლოდ არ ვითარდებოდა. ამიტომ დღეს კრემლში ამოისუნთქეს, რაც იოლად იკითხება მისი ლიდერების სახეებზე, მიუხედავად მათთვის დამახასიათებელი საბჭოთა გულცივობისა.

საქმე ის არის, რომ უკრაინის დაკარგვა რუსეთისთვის პუტინის ეპოქის ყველაზე სერიოზული დიპლომატიური დარტყმა იქნებოდა და ამით დადასტურდებოდა ამ ქვეყნის ყველაზე გასაოცარი უნარი, კერძოდ ის, რომ საკუთარი ისტორიის ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტებში ის თავად ესროდა ტყვიას საკუთარ თავს.

ოთხ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან (მოლდავეთი, უკრაინა, საქართველო, სომხეთი) ასოცირების შეთანხმების, ბაზრების გახსნის და ევროპულ პროგრამებში მონაწილეობის სახით ევროკავშირთან დაახლოებაზე პასუხად, მოსკოვმა ვერაფერი ვერ მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ თავისი მეზობლების დაშინება და დაშანტაჟება დაეწყო.

სომხეთის შემთხვევაში ყველაფერი იოლად გამოვიდა. რუსეთმა შეიარაღებასთან დაკავშირებულ მხოლოდ რამდენიმე კონტრაქტს მოაწერა ხელი ერევნის მოსისხლე მტერ აზერბაიჯანთან, რომელიც დღემდე ვერ ეგუება კავკასიის მთებში ჩაკარგული მთიანი ყარაბახის დაკარგვას. შედეგად, ერევანმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე რუსული პროექტის „საბაჟო კავშირის“ სასარგებლოდ.

პუტინმა ძალთა თანაფარდობა შეცვალა

ეს უნდა იქცეს პირველ საგანგაშო სიგნალად იმისა, რომ ძველი კეთილი რუსული დიპლომატია, რომელიც ტრადიციულად უხეშ ძალას ეფუძნება, დღემდე შესანიშნავად მუშაობს. იმ მომენტში შეიძლება გვეფიქრა: „არაუშავს, სომხეთი – კარგია, მაგრამ ის შორსაა, თან მოლდავური კონიაკი სომხურს მაინც ჯობს“.

კრემლი შეეცადა ძალით მოეხვია თავს უკრაინისთვის თავისი პოზიცია.

თავდაპირველად პუტინი უკრაინის დღევანდელ პრეზიდენტს ისე ექცეოდა, როგორც ვულგარულ მეყვავილეს, სამ საათს ალოდინა მას ყირიმში შეხვედრის დროს (რუსეთის ლიდერი ამ დროს თავის მეგობარ-ბაიკერებთან ერთად ერთობოდა). ბოლოს, იმისთვის, რომ ეჩვენებინა უკრაინელებისთვის, თუ როგორ ყავს ისინი გამოჭერილი, მან წარუდგინა მათ 7 მილიარდიანი გაზის ძველი ანგარიში სწორედ იმ მომენტში, როდესაც კიევი Shell-თან ფიქლის გაზის მოპოვების პროექტს განიხილავდა.

შემდეგ, მან დროებით დახურა რუსული საზღვარი უკრინული საქონლისათვის. გარდა ამისა, იმ შემთხვევისთვის, თუკი უკრაინელებმა რამე ვერ გაიგეს, რუსეთმა მოულოდნელად დაიწყო სამხედრო წვრთნები საზღვართან, შეახსენა რა კიევს, რომ იქაური შესანიშნავი ველები ვერ გახდებოდა დაბრკოლება Т-90-სთვის.

ევროკავშირისთვის ეს ყველაფერი მოულოდნელ სიხარულად იქცა: ზეწოლის კლასიკურმა რუსულმა ტაქტიკამ მხოლოდ უბიძგა კიევს ევროპული წინადადების მიღებისაკენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტაქტიკა საპირისპირო შედეგზე იყო გათვლილი.

შესანიშნავი სურათი

ევროკავშირი დათანხმდა, რომ შეთანხმებას ხელს მოწერდა მის მიერ წამოყენებული დემოკრატიული პირობების დაცვის გარეშე. იმავდროულად ის შეეცადა სახის შენარჩუნებას და იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას წარმოადგენდა უკრაინისთვის სამართლებრივი სახელმწიფოს წინსვლის ნიშნად. მართლაც, ოპოზიციონერის გათავისუფლება პოლიტიკურ სივრცეში, სადაც მტრის სისხლი სწყურიათ, როგორც პირდაპირი ასევე გადატანითი მნიშვნელობით, იოლად შეიძლება მიჩნეულიყო დიპლომატიურ წარმატებად.

საძირკველი წარმატებით ჩაიდო: ჩვენ თვალნათლივ ვხედავდით ევროპული „რბილი ძალის“, დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის გამარჯვებას რუსულ დიპლომატიაზე, რომელიც ვერ თავისუფლდება ძველი რეფლექსებისაგან.

სურათი თითქმის ისეთივე მშვენიერი იყო, როგორიც Femen-ის აჯანყებული აქტივისტი. ამიტომ, ენთუზიაზმით სავსემ, მივიჩნიე, რომ ბოლოს და ბოლოს შევძლებდი ჩემი მეგობარი გოგონას რუსული ნაციონალიზმის კუდზე ფეხის დაბიჯებას. კრემლის მეპატრონეებმა ქვეყანას უმძიმესი ზიანი მიაყენეს, იმაზე საშინელი, ვიდრე ელოდა ბოლკონსკის „ომსა და მშვიდობაში“: უკრაინის ევროკავშირში გადასვლა.

კიევის დაკარგვა

უკრაინის დაკარგვა რუსეთისთვის იქნებოდა მისი ცივილიზაციის, კიევის რუსეთის – პირველი სლავური სახელმწიფოს და რუსული მართმლადიდებელი ეკლესიის საყრდენის დაკარგვა.

ქვეყნის ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელსაც რუსეთში ოდესღაც მცირე რუსეთს ეძახდნენ, ევროპელმა დიპლომატებმა უკეთეს შემთხვევაში ვერ გააცნობიერეს, უარესში კი უბრალოდ არაფრად ჩააგდეს. საქმე ის არის, რომ უკრაიანა 45 მილიონიანი ბაზარია, კვალიფიციური და განათლებული მუშახელით, ის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული აუზი იყო ყოფილი სსრკ-სთვის და ძალიან ნაყოფიერი მიწების ერთობლიობა.

ამიტომ უკრაინის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია დიდი მოულოდნელობა არ უნდა ყოფილიყო. ცხადია, რომ ასეთი გრანდიოზული გარდაქმნებისათვის რეგიონში საჭირო იყო რაღაც გაცილებით მეტი, ვიდრე უკრაინის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებაზე დაპირება, ევროკავშირში, რომელსაც თავადაც რთული დღეები უდგას.

გასულ ხუთშაბათს, რუსებმა დაგვანახეს, რომ ეხერხებათ ფიქრი და ახალ გარემოებებთან ადაპტირება. უკრაინელები კი თავის მხრივ ძალიან გაქნილები აღმოჩნდნენ და შესანიშნავად იციან ის, თუ როგორ გაზარდონ საკუთარი თავის ფასი. ევროკავშირმა კი იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ მას არანაირი საგარეო პოლიტიკა აქ აქვს. ამიტომ, დღეს იძულებული ვარ ბოდიში მოვუხადო ჩემს მეგობარ გოგონას, რომელიც წარმოშობით რუსეთიდანაა, შესანიშნავი, მაგრამ ისეთივე მტრულად განწყობილი ქვეყნიდან, როგორიც მარიონ მარეშალ ლე პენის კამპანიაა.


foreignpress.ge