ნაცვლიშვილის კადრებს სასჯელაღსრულებას თანდათან ატოვებინებენ

ნაცვლიშვილის კადრებს სასჯელაღსრულებას თანდათან ატოვებინებენ

სასჯელაღსრულების სამინისტროში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას გიორგი კიკნაძე დაიკავებს, რომელსაც მანამდე გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. კიკნაძე კი ზვიად ლათიბაშვილმა შეცვალა. ამასთან უკვე ცნობილია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ახალი მოადგილის ვინაობა - სოფო ჯაფარიძეს ეკა ქრისტესაშვილი შეცვლის. სოზარ სუბარმა მისი მოადგილის პოსტზე ქრისტესაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკვე წარუდგინა. 
მინისტრის განცხადებით, ქრისტესაშვილი ადამიანის უფლებების დამცველია და ამ კუთხით ბოსნია-ჰერცოგოვინაში მუშაობდა.

გარდა ამისა, შეიცვალა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსიც. მიხეილ ღურწკაია დიმიტრი დარბაისელმა ჩაანაცვლა. რაც შეეხება მიხეილ ღურწკაიას, სოზარ სუბარის განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია რა თანამდებობას დაიკავებს იგი. მინისტრი აცხადებს, რომ მისი შეცვლა რამე კონკრეტულ მიზეზს არ უკავშირდება და ეს ჩვეულებრივი პროცესია. ღურწკაია აღნიშნულ თანამდებობაზე დიმიტრი დარბაისელმა შეცვლა. 

პოლიციის პოლკოვნიკი დიმიტრი დარბაისელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა. დიმიტრი დარბაისელმა, რომელიც წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა, 2008 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა და საქმიანობა კერძო სექტორში განაგრძო. სამართალდამცავ სისტემას ის 2012 წელს დაუბრუნდა.
რაც შეეხება მიხეილ ღურწკაიას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად დანიშვნამდე, ის მთავარ პროკურატურაში პროკურორად მუშაობდა. კულუარული ინფორმაციით, ღურწკაია სასჯელაღსრულების სამინისტროში მთავარი პროკურორის ყოგილი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის რეკომენდაციით დანიშნეს. ნაცვლიშვილი კი, მთავრობაში მაშინ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.

თავად ლაშა ნაცვლიშვილი ღურწკაიასთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს, თუმცა, ფაქტია, მის კადრებს თანამდებობის დატოვება მოუწიათ როგორც გენერალურ პროკურატურურაში, ასევე რაიონულ პროკურატურაში. ამ დრომდე თანამდებობის დატოვების ოფიციალურ ვერსიაზე არ საუბრობს თავად მიხეილ ღურწკაია.

არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღურწკაიას განთავისუფლება ქსნის მე-15 დაწესებულებაში სკაიპით „კანონიერ ქურდად“ კუკური გურგენიძის მონათვლის ფაქტს უკავშირდება. ამავე ინფორმაციის თანახმად, გურგენიძის ნათლობის „ცერემონია“ 17 ნოემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს მოხდა. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მართვის სამმართველოს უფროსი ზურაბ ვარდიძე დააკავეს. ერთ-ერთი ვერსიით, ვარდიძის დაკავებაც ქურდის „ნათლობას“ უკავშირდებოდა.

როგორც დაკავებულის ადვოკავი მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, დაკავებული წაყებულ ბრალს არ აღიარებს, თუმცა, ჯერჯერობით, დუმილის უფლებას იყენებს. For.ge-სთან საუბრისას ის ადასტურებს, რომ ვარდიძეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.

„არასრულწლოვანთა დაწესებულებაში დაძაბულობა იყო. ვინაიდან სიტუაციას ვერ აგვარებდნენ, მან საპატიმროს დირექტორს მისცა მითითება, სამი არასრულწლოვანი გადაეყვანათ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და შეეხვედრებინათ „კანონიერი ქურდებისთვის“, ფოცხვერიასა და ჯაფარიძისთვის. ამ გზით განმუხტეს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში სიტუაცია.

ეს მოხდა ივლისსა და აგვისტოში, როგორც ვიცი, იქ მართლაც ქაოსი იყო, სკოლაში არ ტარდებოდა გაკვეთილები. პატიმრები მასწავლებლებს აბუჩად იგდებდნენ, დირექტორს გადაუყირავეს მაგიდა, ბოლოს საქმე ბუნტამდე იყო მისული... არასრულწლოვანების გადაყვანით დაირღვა ადმინისტრაციული კოდექსი, რადგან მათი სრულწლოვან პატიმრებთან კონტაქტი იკრძალება. ქურდული სამყაროთი არ უნდა მართო სისტემაო, ამას ედავება მას პროკურორი“, - ამბობს ადვოკატი და აქვე დასძენს, რომ ეს ამბავი ვარდიძის დონეზე არ გადაწყდებოდა. როგორც ჭაბაშვილი ამბობს, ვარდიძე მიანიშნებს, რომ ამ საქმის უკან სამინისტროში არსებული შიდა დაპირისპირება დგას და ისიც ამას შეეწირა.

ჯერჯერობით, უცნობია დაკითხა თუ არა პროკურატურამ ის არასრულწლოვნები, რომლებიც ფოცხვერიასთან მიიყვანეს, ასევე თავად ფოცხვერია და ჯაფარიძე და ისინიც, ვინც არასრულწლოვნები მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.