რომელი მელოდიით გავაოცოთ ევროპელები

რომელი მელოდიით გავაოცოთ ევროპელები

ვილნიუსის სამიტზე „შალახოს“ ჰანგის გაჟღერებამ აქტუალური გახადა შეკითხვა, რომელი მელოდიებით უნდა წარვდგეთ ევროპელების წინაშე?! უამრავ ქართულ ხალხურ მელოდიას შორის რატომ ვერ ამოვარჩიეთ ისეთი მელოდია, რასაც ცინიკური შეფასებები არ მოჰყვებოდა, რომ ევროკავშირში თურმე „შალახოს“ ჰანგით შევდივართ.

მართლია, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე არ მალავს, რომ ცეკვავს „შალახოს“ და მაშასადამე არის ევროპელი“, მაგრამ ვილნიუსის სამიტზე აჟღერებული „შალახოს“ შესახებ ხუმრობანარევი შეფასება გააკეთა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც - „მე ვიცი, რომ მიშამ დატოვა ეს“.

ამ ხუმრობის მიუხედავად, არავინ იცის, კონკრეტულად ვინ შეარჩია ეს მელოდია ვილნიუსის სამისტისთვის. მართალია, საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოკა ყანდიაშვილი ირწმუნება, რომ მუსიკალური გაფორმება ორგანიზატორმა ქვეყანამ, ანუ ლიტვამ განსაზღვრა, მაგრამ ქართული საზოგადოება მაინც კმაყოფილია, კიდევ კარგი „დარი-დური“ და „ტრულალა“ არ დაუკრეს.

„სავარაუდოდ, ეს მასპინძლების თვითშემოქმედება იყო. ჩამოვიდა, ალბათ, ვინმე სტუმრად, წავიყვანეთ რესტორანში, ვუმღერეთ სულიკო, ვაცეკვეთ „შალახო“ და თვითონ გააკეთა დასკვნები ჩვენს ევროპელ-აზიელობაზე“, - წერს გოგა ხაჩიძე ფეისბუკში.

ქართველი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე „ასეთი სიქაჯით“ გაოგნებულია. მისი თქმით, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიასთან „შალახოს“ გაჟღერება ან ხულიგნობაა, ან - პროვოკაცია, რომელიც ვიღაც უსინდისომ იკადრა.

მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, რაც სამიტზე ხდებოდა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე „შალახოს“ თემის წამოწევა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ მელოდიამ ქართველების თავმოყვარეობაზე ბევრად უფრო იმოქმედა. ზოგიერთმა შორსმიმავალი დასკვნაც გააკეთა_ ევროპელებმა ასე გვითხრეს, თქვენ ხართ „შალახოს“ ქვეყანა, ამიტომ ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ, რომ ასეთი ქვეყანა არ ვართ.

ვილნიუსში გამართულ სამიტზე, სადაც ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, მოვლენები ასე განვითარდა: ქართული დელეგაციის წარმომადგენელთა სცენაზე ასვლა ქვეყანასთან ასოცირებული ორი მელოდიის - „სულიკოსა“ და „შალახოს“ დაკვრით აღინიშნა, ეს მაშინ, როცა ნებისმიერი სხვა ქვეყნის დასახელებისას ამ ქვეყანაში პოპულარული მელოდია ისმოდა.

ცერემონიალში ქართული მხრიდან მაია ფანჯიკიძე და გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობდნენ. პარაფირებაში ჯერ მაია ფანჯიკიძემ მიიღო მონაწილეობა და ამ მონაკვეთში დარბაზში „სულიკო“ ისმოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ხელმოწერისთვის მაგიდას გიორგი კვირიკაშვილი მიუჯდა, „სულიკო“ „შალახომ“ ჩაანაცვლა.

„შალახო“, ანუ თბილისურად თუ ვიტყვით „კინტაური“, პირველად ვილნიუსში არ გაჟღერებულა. ბევრად უფრო ადრე ანალოგიური რამ მოხდა კანადაში და ქართველი ემიგრანტებისგან მიწოდებულმა „შალახოს“ მელოდიამ იხსნა მოკრივე გიორგი კანდელაკი. იმ დროს კანადაში ჰიმნის მელოდია ქართველ სპორტსმენებს არ წაუღიათ, რადგან არავინ ელოდა, რომ გიორგი კანდელაკი მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა. თუმცა დაჯილდოების ცერემონიალისთვის საჭირო გახდა ქართული დროშა და ქართული ჰიმნი. ამიტომ საქართველოს ჰიმნი კასეტაზე ჩაწერილმა „შალახომ“ ჩაანაცვლა.

ვილნიუსის სამიტის შემხედვარე, ვერ ვიტყვით, რომ მოვლენები ამავე სიზუსტით განმეორდა და გიორგი კანდელაკის მსგავსად, „შალახომ“ იხსნა ქართული დელეგაცია.

For.ge დაინტერესდა, რომელი მელოდიით უნდა წარვდგეთ უცხოელების წინაშე?! ამის შესახებ ჩვენი რესპონდენტების გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა.

ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ემოციებს ვერ მალავს - „რა უბედურებაა ეს „შალახო?!“ ისე გამოვიდა, თითქოს, ჩვენ უცხოეთში ერთადერთი საჩვენებელი „შალახო“ გვაქვს. სირცხვილია, კინაღამ გულზე გავსკდი, ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა, ეს არ ეკადრება ჩვენს ხალხს. ვერავინ მიხვდა, რომ „შალახო“ არ უნდა წაეღოთ ჩვენს სიმბოლოდ? „შალახო“ რაიმე ქართულს მოგვაგონებს?! ეს არის კონგლომერატი სხვა მელოდიის“.

მისი თქმით, ვერავინ იმართლებს თავს, რომ ეს მელოდია მხოლოდ ლიტვის მხარემ შეარჩია. უფრო მეტიც, ჯემალ ჭკუასელი არ მალავს, რომ ანსამბლში „ყარაჩოხულს“ რომ ცეკვავენ, ესეც დიდად არ ეხატება გულზე, მაგრამ „შალახოზე“ ზედმეტია საუბარი. მისი აზრით, „შალახო“ დასაშვებია ქორწილებში და არა - ვილნიუსის სამიტზე, რადგან ეს ყველაზე დაბალი დონის საზოგადოების საცეკვაო მელოდია იყო.

„გამოკვეთილად სხვისი მელოდიებით რატომ უნდა გავაცნოთ მსოფლიოს თავი? „სულიკო“ ევროპელებს ძალიან უყვართ, ეს კიდევ გასაგებია, მაგრამ წაგვეღო სხვა ქართული ხალხური სიმღერა. სიტუაციას გააჩნია, თორემ „ჩაკრულო“ ძალიან კარგი იქნებოდა, „ჩაკრულოს“ ჰანგი კოსმოსში წავიდა და „ჩაკრულო“ ჩვენი არაღიარებული ჰიმნია“, - გვითხრა ჯემალ ჭკუასელმა.

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე განმარტავს, რომ თავის დროზე „შალახო“ ითვლებოდა მდაბიო კინტოების მელოდიად.

„ამ თემამ შეიძლება სიღრმისკენ წაგვიყვანოს. კინტოები იყვნენ ცვედანები, რაც მხოლოდ ფიზიკურ ცვედანობას არ ნიშნავდა და მათ ფსიქიკაზეც მოქმედებდა. ჩვენს მდგომარეობას კი დასახასიათებლად ცვედანობა არ სჭირდება. ეს მუსიკა ქართველების დასახასიათებლად ძალიან საქილიკოა. ამას სჭირდება პატრონი, ხოლო ასეთი პატრონი კულტურასთან მიმართებით დღევანდელ ვითარებაში ჯერჯერობით ვერ დავინახე. საჭიროა, ყველა მოვლენა, რაც დაკავშირებულია საქართველოსა და ქართულ ღირსებასთან, დროულად გაკონტროლდეს. ამ მელოდიის წაღებაც უნდა გაეკონტროლებინათ“, - აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ. ამასთან, არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ჩვენს კულტურის სამინისტროს არაფერს შეუთანხმდნენ, თორემ ამ სამინისტროში, ალბათ, მოიძებნებოდა ვინმე, ვინც ამას წინააღმდეგობას გაუწევდა.

რაც შეეხება უცხოელებს, მომღერლის აზრით, იქითა მხარისთვის აბსოლუტურად სულერთია - სამხრეთი თუ აღმოსავლეთი. ამიტომაც საქართველო და „შალახო“ მათ გონებაში ერთად ამოტივტივდა და რატომღაც დაგვაკავშირეს „შალახოსთან“.

თამრიკო ჭოხონელიძე იმასაც იხსენებს, რომ უახლოეს ისტორიაში კულტურასთან მიმართებით ჩვენ თვითონვე ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული. კერძოდ, ქართველებმა გააკეთეს ბევრი ისეთი რამ, რაც თურქეთმა და, საერთოდ, აღმოსავლეთმა ვერ გაგვიკეთა - ქართველებმა, თავისი არაქართული საშემსრულებლო მანერით, მუსიკა იმდენად არაქართული, აღმოსავლური გახადეს, რომ, ცხადია, უცხოელებს ქართული ეგონებათ.

„თვითონ ქართველებმა შეურაცხყვეს ქართული მუსიკა და აღმოსავლური მანერით შეასრულეს ბევრი სიმღერა. მე არ დავაკონკრეტებ, მაგრამ, ალბათ, საზოგადოება მიხვდება, ვისზეცაა საუბარი. პატრონი არ ჰყავდა ამ სფეროს. ამიტომ ლიტველებს ნუ ვედავებით, მხოლოდ მათი ბრალი არ არის. ახლა უკვე შეგვიძლია ზომიერი პოზიციის დაფიქსირება. მათ უნდა გავაგებინოთ, რომ ამ მელოდიის გაჟღერებას აპროტესტებს ქართველი ერი, რადგან ეს არ არის ქართული, მაგრამ ამაზე სკანდალის ატეხვა სწორი არ არის. უბრალოდ, უცხოელებმა უნდა იცოდნენ ჩვენი უკმაყოფილების შესახებ, რათა სხვა დროს მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. რაც შეეხება „სულიკოს“, ის ქართული მელოდიაა და საქართველოდან გახდა ეს სიმღერა პოპულარული“, - აღნიშნა მომღერალმა.

ამასთან, „შალახოს“ ნაცვლად, ნებისმიერი ქართული ხალხური სიმღერის შეთავაზება ისურვა, რომელიც ჩვენს გამარჯვებას, წინსვლას, ან თუნდაც, ჩვენს საბრძოლო სიმღერებს დაუკავშირდებოდა. ამ მხრივ ვილნიუსის სამიტზე „ჩაკრულოს“ დაგუგუნება იდეალურად მიიჩნია. მისი აზრით, „ჩაკრულოს“ კიდევ სხვა დანიშნულებაც აქვს - ეს არის მრავალხმიანობა და იმის წარმოჩენა, რომ ქართველებს გვერდში დგომაც შეგვიძლია. მართალია, ამაში თითქოს მოვიკოჭლებთ, მაგრამ ბოლო პერიოდმა დაამტკიცა, რომ თურმე შეგვიძლია ერთად დგომა და ერთმანეთის მხარდაჭერა.

„მრავალხმიანობის არაერთი შედევრი შეგვიქმნიათ ქართველებს. მით უმეტეს, „ჩაკრულოში“ ისეთი ამაღელვებელი ტექსტია: „ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში, მაგრამ არ დამიკვნესია, მაცალე, ერთი გავლესო, ხმალ-ჩახმახ ცეცხლის მკვესია, სულ წმიდად მოგაკმევინო, რაც ჩემთვის დაგითესია“, - აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ.

ჩვენთან საუბრისას კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილიც ამავე ტონალობას იზიარებს: „რა უბედურებაა ეს „შალახო“, ჩვენ ისეთი მდიდარი ქართული სიმღერები, ცეკვები, საესტრადო თუ პატრიოტული სიმღერები გვაქვს, რომ ძალიან გაკვირვებული დავრჩი“. „ჩაკრულო“ გენიალური სიმღერაა, რომელიც ამერიკელებმა კოსმოსში გაუშვეს. ამიტომ ეს მელოდია წარედგინათ ვილნიუსის სამიტზე და არცერთ შემთხვევაში, შალახო. ეს როგორ შეიძლებოდა?!“