უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ლალი ლაზარაშვილის პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. ყოფილმა მოსამართლემ კუბლაშვილის იმპიჩმენტის დაწყების მოთხოვნით საქართველოს პარლამენტს 21 ნოემბერს მიმართა, სადაც მის მიერ მოყვანილი კონკრეტული ფაქტების შესასწავლად კომისიის შექმნას და კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტისთვის შესაბამისი პროცედურების დაწყებას თხოვს. განცხადებას თან ახლავს სამართლებრივი საფუძვლები, კანონის რა ნორმებია დარღვეული მის წინააღმდეგ.
ყოფილი მოსამართლე, მისი მისამართით კონსტანტინე კუბლაშვილის მხრიდან ჩადენილ კონკრეტულ დარღვევებზე ღიად საუბრობს. ლაზარაშვილის განცხადებით, შრომის დავაზე მისმა კოლეგიამ დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ გამოიტანა გადაწყვეტილება. მისი თქმით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი დამსაქმებლის საზიანოდ, დასაქმებულის სასარგებლოდ განმარტეს. ამ გადაწყვეტილების გამო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა მოსამართლეები და სამოქალაქო პალატის წევრები დაიბარა და მკაცრად უსაყვედურა და ამ კონკრეტულ საქმეზე ანგარიშიც მოსთხოვა.
ლაზარაშვილის თქმით, ამავე შეხვედრაზე კუბლაშვილმა მათ პალატის ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე და ახალ თავმჯდომარესთან გადაწყვეტილების შეთანხმებამდე ამ კატეგორიის საქმეების განხილვის შეჩერება მოითხოვა.
„ეს იყო მოსამართლისთვის ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმეზე და მოსამართლის დამოუკიდებლობის და მის საქმიანობაში ჩაურევლობის კონსტიტუციური პრინციპის მთლიანი უგულებელყოფა. იყო შემთხვევები, როდესაც საქმეებზე უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელებისგან განსხვავებული აზრი მქონდა, რის გამოც სასამართლოში არასასურველი პირი ავღმოჩნი. ჩემთან მიმართებაში მიიღეს გადაწყვეტილება, გავდენილიყავი სასამართლოდან, რათა, რაც შეიძლება ნაკლები არამორჩილი მოსამართლე დარჩენილიყო სასამართლოში. ჩემთან ამ საკითხებზე მუშაობა განახორციელა სამოქალაქო პალატის თავმჯდომარემ ვასილ როინიშვილმა. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმებული იყო ხელმძღვანელობასთან, ბატონ კოტესთანაც.
როინიშვილი მიბარებდა კაბინეტში, მემუქრებოდა დისციპლინური დევნის აღძვრით, მთავაზობდა სასამართლოს დატოვებას, სხვა სამსახურში გადასვლას და ისინი იზრუნებდნენ ჩემს დასაქმებაზე, რაზეც არ დავთანხმდი. მეუბნებოდა, რომ სასამართლოში ჭირდებოდა გუნდი და მე აქ ჩემი განსხვავებული მოსაზრებებით ხელს ვუშლიდი. მეუბნებოდა, რომ ჩემი განსხვავებული მოსაზრებებით იქ გავმართე „დეტსკი სადი“. როდესაც შეთავაზებებზე უარი განვაცხადე, გადამიყვანეს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, - აღნიშნა ლალი ლაზარაშვილმა.
ლაზარაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის ინიცირება თავად კოტე კუბლაშვილმა გააკეთა. მისივე განმარტებით, ეს მოხდა არაკანონიერად, იძულებით, რის გამოც დაირღვა კონსტიტუცია და მთელი რიგი კანონები. ყოფილი მოსამართლე ასევე აცხადებს, რომ თავდაპირველად, ზაფხულში საქმის განხილვის თაობაზე მისი განცხადება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ საბჭოს არც კი გადასცა და ერთპიროვნულად, უფლებამოსილების გადამეტებით განიხილა. საბჭოს 12 ნოემბრის სხდომაზე კი, მოსამართლე წევრებმა კონსტანტინე კუბლაშვილის პოზიცია გაიზიარეს.
საქმესთან დაკავშირებით, კოალიციაში „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიიჩნევენ, ლაზარაშვილის საქმის განხილვამ გამოავლინა, რომ საბჭოს მუშაობა დიდწილად წევრთა სუბიექტურ, არათანმიმდევრულ ინტერპრეტაციებსა და ურთიერთშეთანხმებებზეა დამოკიდებული, რაც ხშირად არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და სახიფათოა მართლმსაჯულების ინტერესებისთვის.
„საიას“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე კი მიიჩნევს, რომ საქმეში მოყვანილი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, კონსტიტუციის დარღვევის ნიშნები იკვეთება, რაც კონსტანტინე კუბლაშვილის იმპიჩმენტის საფუძველს ქმნის.
„მიუხედავდ იმისა, რომ ზემოთ ხსენებული ქმედებები შეიცავს დისციპლინური, სისხლისამართლებრივი და კონსტიტუციური ნორმების დარღვევის ნიშნებს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამაზე რეაგირება არ მოახდინა. საბჭომ არ იმსჯელა უზენაესი სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესაძლებლობასა და საგამოძიებო ორგანოებისთვის განცხადების გადაგზავნაზე.
გრადა ამისა, საბჭომ საერთოდ უარი თქვა ლაზარაშვილის მიერ ექვსი მოსამართლე წევრის მიმართ აცილების საკითხის განხილვაზე, მაშინ, როდესაც მოქმედი საბჭოს რამდენიმე წევრი 2010 წელს უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრების რანგში მონაწილეობდნენ ლაზარაშვილის სისხლის სამართლის პალატაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო ერთი ჩართული იყო ლაზარაშვილის მიმართ მიმდინარე დისციპლინური დევნის დაწყების საქმეში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა კოჟორიძე, რომლის განცხადებით, ეს საქმე, ერთ-ერთი ნათელი გამოვლინებაა იმ ხარვეზებისა, რაც საბჭოს საქმიანობაში შეინიშნება.
ჩვენ დაუკავშირდით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, თუმცა, ბესელიასთვის ეს ინფორმაცია სიახლე აღმოჩნდა. როგორც მან აღნიშნა, ის ამ კონკრეტულ საქმეს არ იცნობს.
„თუ ჩვენს კომიტეტეში შემოვა ეს საკითხი, ბუნებრივია შევისწავლით. მაგრამ ჩვენ უკვე შევისწავეთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების: ტურავა, გვენეტაძე, ლალიაშვილის და ისაევის განთავისუფლების საკითხი. განცხადებით მოგვმართეს ამ მოსამართლეებმა და ისინი ითხოვდნენ, რომ პარალამენტს შეესწავლა ეს საკითხი და შესაბამისი სამართლებლივი შეფასება მიეცა იმ საკითხზე, რომ მათ მიმართ განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება. 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვსწავლობდით ამ საქმეს და კომიტეტმა უკვე დადო დასკვნა. ჩვენ დავადასტურეთ, რომ კოტე კუბლაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ დევნას. ეს არის ოფიციალური დასკვნა, რომელიც ჩვენმა კომიტეტმა უკვე დადო, ეს დასკვა ამჟამად შემდგომი რეაგირების მიზნით წარსდგენილია ბიუროსთვის. ბიურო დაუბრუნდება ამ საკითს და შესაბამისად მსვლელობაც მიეცემა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიურო, მე ვერ გეტყვით. თუმცა ვფიქრობ, რომ ძნელი გამოსაცნობი არაა ამის გაგრძლება რა შეიძლება იყოს, მაგრამ დაველოდოთ როგორი იქნება ბიუროს გადაწყვეტილება“, - აცხადებს for.ge - სთან საუბრისას ეკა ბესელია.
მაშინ, როდესაც უმარავლესობა და მათ შორის უფლედამცველები ღიად საუბრობენ, რომ ყველა უკანონო გადაწყვეტილებების უკან, კოტე კუბლაშვილი იდგა, ამის მიუხედავად, ფაქტია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განთავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. უზენაესი სასამრთლოს ყოფილი მოსამართლე, ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ იმპიჩმენტის დაწყების საკითხი საკამაოდ რთული პროცედურაა.
„სანამ კონკრეტული პიროვნებები არ იქნებიან ინიციატორები, საკითხის კონკრეტიზაცია არ დგება, ეს ძალიან ბევრ რამეს აფუჭებს და ცვლის. ამიტომ, ლალის გადაწყვეტილებაც ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მექანიზმია იმის პროვოცირების, რომ სხვა ადამიანებიც გააქტიურდნენ და სხვა ფაქტებზეც მოხდეს რეაგირება. რატომ არ დგას მისი განთავისუფლების, ან თუნდაც იმპიჩმენტის საკითხი, თუ ერთწლიან პერიოდს ვნახავთ, ვიცით, რომ ეს იყო კოაბიტაციის პერიოდი, ამ შემთხვევაში გასაგებიც არის, მაგრამ ახლა განსხვავებული ვითარებაა და ვნახოთ რა მოხდება. საბაბი შექმნილია, საფუძვლიანი იქნება თუ არა ლალის მოთხოვნები, ამას თვითონ პარლამენტი იტყვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ნინო გვენეტაძემ.