[ლელა კობერიძე]
სოფლის მეურნეობის მინისტრი შესამოწმებელი კომპანიების სიაზე ისევ მუშაობს. მიუხედავად სპეციალისტების განცხადებისა, რომ საქართველოში დაბალი ხარისხის უკონტროლო საკვები იწარმოება და უფრო უარესი იმპორტირებულია, მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა შესამოწმებელი 200 კომპანია ვერ ამოარჩია.
კვეზერელს საკვები პროდუქტების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების სია იანვრის ბოლომდე უნდა დაამტკიცებინა, ხოლო თებერვლიდან კომპანიების შემოწმება უნდა დაწყებულიყო. ამჯერად უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყებს რეფორმირებული სურსათის უვნებლობის სამსახური კომპანიების შემოწმებას. თუმცა ისიც, აღსანიშნავია, რომ ეს შემოწმება არაფრის მომტანია, ვინაიდან დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სამსახურის საქმიანობა მხოლოდ რეკომენდაციებით ამოიწურება და დასჯის არანაირი მექანიზმი არსებობს.
მომხმარებელთა უფლებების დამცველებს კი მარტო რეკომენდაციებით სურსათის ხარისხის გამოსწორება ეჭვებათ. ისიც საეჭვოა, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურმა დარღვევების მქონე კომპანიები ღიად დაასახელოს, რათა მომხმარებელმა თვითონ მაინც შეძლოს „სიკვდილის მომტანი“ პროდუქტებისგან თავის დაცვა.
მთავრობამ კომპანიების ინსპექტირების ვადა 2017 წლიდან 2011 წლამდე კი გადმოწია, მაგრამ ამ საკითხს ისევ ულტრალიბერალიზმის კუთხით მიუდგა. ევროკავშირი საქართველოს მთავრობას თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასაწყებად სურსათის ხარისხის კონტროლს თხოვს. ეს საკითხი იმ ოთხ ძირითად მოთხოვნაში შედის, რომელთა შესრულების გარეშე ევროკავშირი საქართველოსთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე თანამშრომლობაზე უარს იტყვის.
ამიტომაც, მთავრობამ „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ კანონში ინსპექტირების მუხლების ამოქმედების ვადები გადმოწია. კანონში ცვლილებები 3 იანვარს შევიდა, რომლის მიხედვითაც ყველა სახის სურსათის მწარმოებელი კომპანია (იმპორტიორი იქნება თუ ექსპორტიორი) უნდა შემოწმდეს.
„მაღალი რისკის საწარმოები ინსპექტირებას დაექვემდებარება. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ჩვენი საქმიანობა ბიზნესთანმიმართებაში პარტნიორულ საფუძვლებზე იყოს დამყარებული“, -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით კობერიძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით, სურსათის მწარმოებელ კომპანიებს საწარმოს კანონით გაწერილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ერთი წელი აქვთ.
„ჩვენი მიზანია, რომ მეწარმეებს „სურსათის უვნებლობისა დახარისხის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები გავაცნოთ. ამ ეტაპზე საწარმოების საქმიანობის შეზღუდვა არ მოხდება, პირიქით, ჩვენ მათ კანონით მოთხოვნილი სტანდარტების დახვეწაშიც დავეხმარებით. ამისათვის კი კომპანიებს 1-წლიანი ვადა აქვთ. მეწარმე სუბიექტებთან თანამშრომლობას პარტნიორულ ფორმატში გავაგრძელებთ“, - განაცხადა კვეზერელმა.
თუ სურსათის უვნებლობის სამსახური შემოწმებულ კომპანიებში დარღვევებს აღმოაჩენს, მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება.
„ჩვენ ასეთ კომპანიებს მივცემთ რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა“, - აღნიშნეს სურსათის ეროვნულ სამსახურში, სადაც განაცხადეს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსი“ ასეთი სახის დარღვევებზე, ჯერჯერობით, სანქციებს არ ითვალისწინებს.
ასე რომ, ინსპექტირების მუხლები ამოქმედდა. დასჯის მექანიზმების გარეშე კი კომპანიებისთვის არაფერი შეიცვლება, არც მომხმარებლისთვის. ასევე ნაკლებად საეჭვოა მთავრობის ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირში დარჩნენ კმაყოფილები, ვინაიდან სურსათის ხარისხის თვალსაზრისით ბაზარზე არაფერი შეიცვლება.
კომპანიების რეგისტრაცია 2010 წელს უკვე დასრულდა. დაახლოებით 200 კომპანიის სია სოფლის მეურნეობის მინისტრს უდევს მაგიდაზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ის გრაფიკი, რა დროს, რომელი კომპანია შემოწმდება.
მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ რეკომენდაციები ბევრს არაფერს შეცვლის. გარდა ამისა, ექსპერტი ეჭვობს, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაშიც სამსახურმა კომპანიები ღიად დაასახელოს. „არადა ეს აუცილებელია, რადგან მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს, რომელი პროდუქტი შეიძინოს და რომელი არა“, - ამბობს მადონა კოიძე.
შეგახსენებთ, რომ „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ კანონში ინსპექტრების შეჩერებული მუხლები 2010 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა იმ მოტივით, რომ კომპანიები შესამოწმებლად მზად არ იყვნენ, ამ მუხლების ამოქმედება გადაიდო.
კერძოდ, 2010 წლიდან კანონის მხოლოდ ის მუხლები ამოქმედდა, რომლებიც სურსათის მწარმოებელი კომპანიების რეგისტრაციას გულისხმობდა. მათი კონტროლი კი, კანონით ეტაპობრივად უნდა დწყებულიყო, ის საწარმოები, რომელთა პროდუქცია ევროკავშირში ექსპორტზეა ორიენტირებული, 2011 წლიდან შემოწმდებოდა. მალფუჭადი და სხვა მაღალი რისკის მქონე პროდუქტების მწარმოებლები კი 2013 წლიდან. სურსათის უვნებლობის კანონი საქართველომ 2006 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიიღო. თუმცა, კანონის მოქმედება მეწარმეობისათვის ხელშეწყობის მიზეზით მიღებისთანავე შეჩერდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე უმთავრესი ხელისშემშლელი ფაქტორი სურსათის უვნებლობის დაბალი დონეა. პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თამარ კოვზირიძის განცხადებით, სურსათის უვნებლობის სისტემის მოქმედების გარეშე ევროკავშირთან „თავისუფალი ვაჭრობის“ შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხდება.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ გაკეთებული დასკვნის მიხედვით კი საქართველოდან ექსპორტის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორები სწორედ სურსათის უვნებლობის სუსტი კონტროლი და სურსათის მწარმოებლების მიერ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის დაბალი მაჩვენებელია.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სკანდალური დასკვნის მიხედვით, საქართველოში არსებული სურსათის 90%-ზე მეტი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.