ჩვენ ყველამ ერთად გამოვიარეთ ე.წ. 9 წელი, განვლილმა პერიოდმა ნათლად დაგვანახა რამდენად შეუწყო ხელი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას იმ „წარმატებებმა“ რასაც ვარდების ხელისუფლება ხშირად, სხვადასხვა სახით, შეფუთულს გვაწვდიდა (რაშიც მართლაც შეუდარებელნი არიან).
დღეს ქვეყანამ გამოაცხადა თვითმართველობის რეფორმა, რაც ჩემი აზრით, ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, როგორც ხელისუფლების ასევე სამოაქალაქო საზოგადებისათვის. თვითმართველობის ახალი კანონ-პროექტის მოწინააღმედეგეთა არგუმენტი, თითქოს, ქვეყნის მხარეებად დაყოფა სეპატრატიზმის წამახალისებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს, სუსტ არგუმენტად მიმაჩნია.
რაც შეეხება სხვა არგუმენტებს, მუციპალიტეტების დარაიონება, რეფორმის ფინანსური უზრუნველყოფა და ა.შ. ჩემი აზრით, რთული თემებია და იმედი მაქვს პარლამენტში კიდევ გაიმართება მსჯელობა ამ საკითხებზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მიეცემათ აზრი გამოთქმის შესაძლებლობა.
ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო საზოგადოების მზაობას ხელისუფლების დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით. მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან, გაცილებით დიდი სამუშაოა ჩასატარებელი მოქალაქეთა მენტალობის შესაცვლელად და ამაში დიდი წვლილი უნდა შეიტანოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე მუნიციპალურმა სტუქტურებმა რეალურად უნდა შეძლონ გადაწყვეტილების მიღება და არ უნდა იყონ მთლიანად ცენტრზე დამოკიდებული.
ეს პრობლემა, რომ დგას ამის ნათელი მაგალითია გორში სტალინის ძეგლის აღება-დადგმის საკითხი. ცენტრში გადაწყდა იმ ფორმით (ჩემი აზრით მახინჯი) ძეგლის აღება, შემდგომ ასევე ცენტრში გადაწყდა მისი დადგმა (ასევე ცუდ ადგილას) და ბოლოს, ისევ ცენტრში გადაწყდა სამუშაოების შეჩერება ადგილის მიზანშეუწონლობის გამო. არა და ამ საკითხის მოგვარება გაცილებით ოპტიმალურად, ნაკლები დანახარჯებით ადგილზე უკეთ შეიძლებოდა.
საკითხებზე ამგვარად გადაწყვეტილებების მიღებაზე, ჩემი აზრით, ცენტრალური ხელისუფლების პოზიციაა უპირატესი და ამიტომ, პირველ რიგში, იქიდან უნდა მომდინარეობდეს ნება.
თუ ხელისუფლება რეალურად არ დეცენტრალიზდება და ისევ გაგრძელდება რეგიონალური და მუნიციპალური საკითხების „ზემოთ გადაწყდას“ პრინციპით მიდგომა, ეს რეფორმაც ქაღალდზე დარჩება და ფორმალურ ხასიათს მიიღებს.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამჯერად მთავრობაში მიმდინარეობს რწმუნებულ-გუბერნატორების საკადრო საკითხებზე მსჯელობა, რაშიც მონაწილეობას არ იღებენ ამა თუ იმ მხარის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები. უფრო მეტიც, ჩვენთვის ცნობილი არ არის რა კრიტერიუმებით ხდება იმ კადრების შერჩევა, რომლებიც როგორც ლიდერები უშუალოდ იქნებიან ჩართული თვითმართველობის რეფორმის განხორციელებაში და რომელთაც ჩვენთან ერთად უნდა მოუწიოთ იმ წინააღმდეგობის დაძლევა, რომელზეც თვითმართველობის ახალ კანონპროექტზე საუბრისას აღვნიშნეთ. აქედან გამომდინარე, იქმნება მეტი ალბათობა იმისა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხში ოპტიმალური ვერ იყოს, რაც საბოლოო ჯამში რეფორმის წარუმატებლობის ნიშანი შეიძლება აღმოჩნდეს.
ჩვენი აზრით, რწმუნებულ-გუბერნატორების შერჩევის საკითხი უფრო გახსნილი უნდა იყოს საზოგადოებისათვის. უნდა მიეცეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჯგუფებს ამა თუ იმ კანდიდატზე აზრის გამოთქმის საშუალება, საკადრო საკითხებზე წინადადებების მიწოდების შესაძლებლობა (რაც არ გულისხმობს მათ სავალდებულო გათვალისწინებას) და ა.შ.
ჩვენ ყველა ერთად, ვალდებულნი ვართ ვისაუბროთ, ვიკამათოთ, რათა საბოლოო შედეგი უფრო ნაყოფიერი იყოს.