მკვეთრი შემობრუნება - აჭარა “ციტრუსის რევოლუციის”  ზღვარზე

მკვეთრი შემობრუნება - აჭარა “ციტრუსის რევოლუციის” ზღვარზე

აჭარაში ციტრუსის მოსავლის რეალიზების ირგვლივ ვითარება კალეიდოსკოპური სისწრაფით შეიცვალა. მოსახლეობა იმედი ჰქონდა, რომ მთავრობა დახმარებას გაუწევდა და რუსეთის ბაზრის გახსნა ვითარებას რადიკალურად შეცვლიდა. აქედან რეალურად არც ერთი ჩანს და არც მეორე.

სუბსიდირება არ იქნება - ეს უკვე გადაწყვეტილია. რაც შეეხება ჩრდილოეთში ნარინჯოვანი ნაყოფის რეალიზაციას, იქ უჩვეულოდ მაღალ ხარისხს ითხოვენ. აჭარლებს კი ასეთი სტანდარტული მანდარინი და ფორთოხალი, თითქმის, არ მოეძევებათ. ამიტომაც პროდუქტის რეალიზაცია მკვეთრად შეფერხდა, ხალხი აღშფოთდა და „ციტრუსის რევოლუციით“ იმუქრება.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ აჭარის ხელისუფლებას ციტრუსისთვის სუბსიდირების გამოყოფაზე უარი განუცხადა, შესაბამისად, ციტრუსის ფასი 30-35 თეთრამდე დაეცა, ეს ფასი კი, ხარჯსაც არ ანაზღაურებს.

„აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფასის დაცემას იმით ხსნიან, რომ უკრაინამ საბაჟო გადასახადი გაზარდა. ერთი სიტყვით, აჭარაში კატასტროფული მდგომარეობაა - აქეთ იპოთეკით დაზარალებულები, იქეთ - ციტრუსის გაყიდვის ჩავარდნა. რომ შეეკითხო, ხელისუფლება ცამდე მართალია, მაგრამ სინამდვილეში, მურმან დუმბაძის მიერ დაკომპლექტებული აჭარის ხელისუფლება აბსოლუტურად უუნაროა“, - აცხადებს უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე.

მისი თქმითვე, აჭარაში, შესაძლოა, „ციტრუსის რევოლუცია“ დაიწყოს.

„არარეალიზებული ციტრუსი ხალხმა შეიძლება, აჭარის მთავრობის სახლის წინ დაყაროს და ხელისუფლების უუნარობა ასე გააპროტესტოს. აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები კი თავიანთი ყოფითი პრობლემების მოგვარებით არიან დაკავებულნი და ამომრჩევლები ფეხზე ჰკიდიათ“, - ამბობს მერაბ ბლადაძე, რომელიც აჭარლების სახელით, ცენტრალურ ხელისუფლებას შველას სთხოვს.

აჭარელი მეციტრუსები მარტოოდენ სუბსიდირების პრობლემით რომ იყვნენ შეწუხებულნი, კიდევ გაუძლებდნენ როგორმე, მაგრამ პრობლემა რუსეთში გასატან პროდუქციასაც შეექამნა. აჭარაში ციტრუსის ჩასაბარებელ პავილიონებში ინვესტორები 55-მილიმეტრიან მანდარინს ითხოვენ, რის გამოც ამ დროისთვის ციტრუსის ჩაბარება შეწყვეტილია. გლეხები კი უიმედოდ დგანან თვალუწვდენელ რიგში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის ციტრუსების მიმღები პავილიონის კომერციული დირექტორის დავით მალაყმაძის განცხადებით - „ინვესტორებს, რომლებმაც უკვე მიღებული ციტრუსი რუსეთის ბაზარზე გაიტანეს, დაბალი ხარისხის გამო, პრობლემები შეექმნათ, რადგან მიღებული პროდუქციის 45-50 მილიმეტრზე ქვემოთ იყო, ასეთი პროდუქცია კი ინვესტორებს არ აწყობთ, რის გამოც შეჩერდა ციტრუსის მიღება“, - განაცხადა მალაყმაძემ.

ადგილობრივი მოსახლეობა აჭარის ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს. მათი თქმით, არავინ ყურადღებას არ აქცევს გლეხს, რომელმაც არ იცის სად წაიღოს ის მოსავალი, რომლის იმედიც ჰქონდათ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თვითმართველობის თავმჯდომარე ანზორ თხილაიშილმა „საქართველო და მსოფლიოსთან“ საუბრისას ინვესტორის გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნია. დეპუტატის განცხადებით, რუსეთის მიერ დაწესებული სტანდარტების ფონზე ინვესტორებს, მგავსი მოთხოვნის უფლება არ აქვთ, რადგან აჭარის მოსახლეობის უმრავლესობა ამით დაზარალდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გლეხმა ერთი ტონა მანდარინიდან მხოლოდ 200 კილოგრამი უნდა გაყიდოს.