ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, კომუნისტური პარტიის ბელადი - იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ტურისტულ ბრენდად გადაიქცევა. ქართულ მხარეს განსაკუთრებული გათვლა ჩინეთზე აქვს, სადაც ერთ მილიარდ სამას მილიონზე მეტი კომუნისტი ცხოვრობს და მესამე კლასის სკოლის სახელმძღვანელოებში იქაურ ბავშვებს ასწავლიან, რომ სტალინი უდიდესი პიროვნება და მათი სახელმწიფოს სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომელიც ჩინელებს ეხმარებოდა.
„სტალინს, როგორც ტურისტულ პროდუქტს, ჩინეთში კარგად გავყიდით, ისევე, როგორც ისრაელის ხალხი ვერ იტანს ქრისტეს, თუმცა მას ტურისტულ პროდუქტად იყენებენ“, - აცხადებდა თავის დროზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა.
მისივე თქმით, შესაძლებელია, დაინიშნოს რეგულარული ავიარეისები პეკინი-თბილისის მიმართულებით და უზარმაზარი ჩინური ბაზარი ავითვისოთ. ამას ხელს ისიც შეუწყობს, რომ ჩინელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის სტალინის ქართული წარმომავლობის შესახებ და არც ის იცის, რომ აქ არის მისი სახლ-მუზეუმი, იგი აქ დაიბადა და გაიზარდა.
სტალინის თემა პერიოდულად აქტიურდება ხოლმე. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის ამპლუაში მყოფი გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ პირადად იგი სტალინს ტირანად მიიჩნევდა, მაგრამ დაახლოებით ერთ საუკუნეში სტალინს აღიქვამდნენ, როგორც ძალიან დიდ პოლიტიკოსსა და მხედართმთავარს, რომელმაც მოიგო მეორე მსოფლიო ომი. ეს ერთ საუკუნეში იმიტომ მოხდება, რომ ის ოჯახები, რომლებსაც სტალინის რეჟიმმა ეპოქალური ტკივილი მიაყენა,1 დაივიწყებენ ამ ტკივილს, მათ აღარ ეყოლებათ ბებიები და ბაბუები, რომელთაც უშუალოდ იწვნიეს რეპრესიის სუსხი. გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი სტალინის მოღვაწეობას იმთავითვე უარყოფითად აფასებდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არაერთი ჩინელი ითხოვს გორში სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერებას, ასევე, ავლაბრის სტამბის მონახულებას. ამდენად, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ფაქტორი და წმინდა კომერციულ პროექტად რატომ არ უნდა ვაქციოთ?! რატომ არ უნდა იშოვოს ქვეყანამ ფული ამ პიროვნების სახელით?
„მე აბსოლუტურად შორს ვარ პოლიტიკისგან და შეფასებებისგან, ცუდი იყო თუ კარგი სტალინი. ამ წუთას ჩემთვის ის არის ისტორიული პერსონაჟი, რომელზეც შეიძლება, აშენდეს უზარმაზარი ბაზარი და ბევრი ჩინელი ტურისტი მოვიზიდოთ. სხვა ქვეყნებსაც აქვთ საკულტო ადგილები, სადაც მომლოცველები თუ თაყვანისმცემლები ჩადიან. ასეთი საკულტო ადგილი საქართველოში არის გორი. ჩემთვის და საქართველოს ბევრი მაცხოვრებლისთვის, შესაძლოა, ეს საკულტო ადგილი არც იყოს, მაგრამ ვიღაცისთვის ასეთ ადგილად რჩება,“ - აცხადებს გიორგი სიგუა და მიიჩნევს, რომ გარდაცვლილმა სტალინმა მაინც უნდა მოგვიტანოს შემოსავლები და მოგება.
მისთვის მთავარია სტალინის, როგორც ბრენდის გაყიდვა, ისევე, როგორც შესანიშნავად იყიდება ჩე გევარა, როგორც ბრენდი და მაისურებსა თუ ბრელოკებზე იხატება მისი სახე, მის სახლ-მუზეუმშიც დამთვალიერებლები ჩადიან.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, დიქტატორი იყო თუ არა სტალინი, შეიძლება, მის მიმართ იყოს გარკვეული ინტერესი. ამიტომ იგი ბრენდად კი არ უნდა გაყიდონ, არამედ როგორც ისტორიული ფაქტი, ისე უნდა არსებობდეს.
„წინა ხელისუფლებას ჰქონდა ისტორიის გადაწერის სურვილი და ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. სტალინის ბრენდად გადაქცევაშიც ახალი ისტორიის დაწერის სურვილი ჩანს. თუმცა ამას არაფერი სჭირდება, ეს ისედაც ისტორიული ფაქტია და მას ეყოლება თავისი მნახველი, თავისი დამფასებელი თუ კრიტიკულად შემფასებელი. ასე თუ მივყვებით, მაშინ ბრენდად ყველაფრის გადაქცევა შეიძლება, რაც მარკეტინგის არასწორი გაგებაა. ჩინელი იქნება თუ ამერიკელი, შეიძლება, ისედაც დაინტერესდეს სტალინის პიროვნებით, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი კომუნისტი. ასე რომ, მარკეტინგის პრინციპებს პროვოცირება არ სჭირდება“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე ჩვენთან საუბარში.
ტურიზმის ექსპერტი მარინა მეტრეველი მიიჩნევს, რომ სტალინის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის და ამის აქცენტირება თუ პედალიზირება საჭირო არ არის.
„ტურისტულ სეგმენტად ამის გამოყენება და ამაზე აქცენტის გაკეთება სწორად არ მიმაჩნია. მაშინ შოთა რუსთაველის შესახებაც უნდა იცოდეს მსოფლიომ. სტალინი იყო ქართველი, მაგრამ ის ჩვენი ერის შვილი არ ყოფილა. ტურიზმის დეპარტამენტმა ამაზე აქცენტი რომც არ გააკეთოს, ისედაც მოაგნებენ. ამავდროულად, მე გახლავართ მენეჯერი ჩინურ კომპანიაში და გეტყვით, ჩვენთან ბევრი ტურისტი ჩამოდის, მაგრამ, რაღაც არ დაინტერესებულან სტალინის თემით“, - აღნიშნა მარინა მეტრეველმა For.ge-სთან საუბრისას.
სტალინთან მიმართებით რადიკალურია „დეოკუპაციის ცენტრის“ დირექტორი გია თორთლაძე. ამჯერად იგი კომპანია „წინანდლის ძველი მარნის“ მიერ წარმოებული ღვინო „სტალინის“ გაყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი გამოშვება აუცილებლად აიკრძალება.
„ეგ ღვინო აუცილებლად აიკრძალება. ვერ გამოუშვებენ ასეთ ღვინოს. ეს კანონით აკრძალულია“, - განაცხადა გია თორთლაძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი სიმბოლიკის გამოყენება პარლამენტმა 2011 წელს „თავისუფლების ქარტიის“ მიღებით აკრძალა. ამ დროს კი თბილისის სუპერ თუ ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული წარმოების ღვინო „სტალინი“ იყიდება.