„ეს არის დასავლეთის არა რეკომენდაცია, არამედ უპირობო დიქტატი“

„ეს არის დასავლეთის არა რეკომენდაცია, არამედ უპირობო დიქტატი“

თეა წულუკიანის ნათქვამმა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა ნაადრევია, სამართლიანობის მომლოდინე, ღირსებაშელახულ ადამიანებში გაუგებრობა გამოიწვია.

ის რომ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა, თავის დროზე, რეკომენდაცია გასცა -   მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია არ უნდა შეიქმნას, რადგან არ შეიძლება, პარალელური სასამართლო არსებობდესო - არავის ეგონა, რომ შესრულდებოდა. თუმცა საბოლოოდ, კუბლაშვილის სურვილი აღსრულდა. არადა, იმ პერიოდში იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ირწმუნებოდა, რომ ვენეციის კომისიამ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ დადებითი რეკომენდაცია წარადგინა.

რაც შეეხება თეა წულუკიანის ახლანდელ არგუმენტს, რომ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის დაზარალებულთა მატერიალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, უფლებაშელახულ ადამიანებს დამაჯერებლად არ ეჩვენებათ. ისინი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან და ელიან, რომ ამ ხელისუფლების ასეთ უპრინციპობას სავალალო ფინალი მოჰყვება.

უკვე ცნობილია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით 15 დეკემბერს თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც მოძრაობა „სამართლიანობა უნდა აღსდგეს“ სახელით ნანა კაკაბაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლებამ უარი თქვა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი იმ კომისიის შექმნაზე, რომლის ჩამოყალიბებასაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამაოდ ელოდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ეს კი „უდანაშაულო დამნაშავეებისათვის“ მიცემული დაპირების შეუსრულებლობაა, რომელთა მხარდაჭერამაც ბევრწილად განაპირობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა.

„ასეთი ცინიკური გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ შეურაცხყო ქართული საზოგადოება, რომლისთვისაც მთავრი ღირებულება ღირსების აღდგენა და არა ფულადი კომპენსაციების მიღებაა. შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლო, ერთმანეთისაგან გაემიჯნა სისხლის სამართლებრივი და სამოქალაქო წესით კომპენსაციის მიღების საკითხები და ამ უკანასკნელის აღსრულება გადაევადებინა რამდენიმე (თუნდაც 10) წლით. თუმცა, ხელისუფლებამ უფრო მარტივი გზა აირჩია და უსამართლო სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ მოქალაქეებს მოუწოდა, „გაგებით მოეკიდონ“ შექმნილ მდგომარეობას და კვლავაც უდრტვინველად ატარონ დამნაშავეების სახელი“, -  ნათქვამია განცხადებაში.

რამ გამოიწვია მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიაზე უარის თქმა, რომლის შექმნაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ პომპეზურად დააანონსა? ხომ არ შეასრულებს ამ კომისიის ფუნქციას პროკურატურა და რა რეაქცია ექნება საზოგადოებას ამ კომისიაზე უარის თქმის შემდეგ? ამის შესახებ უფლებადამცველები და პოლიტიკოსები გვესაუბრებიან.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე For.ge-სთან საუბარში არ მალავს, რომ თეა წულუკიანის განცხადებამ იგი დააბნია და საგონებელში ჩააგდო - ხელისუფლება რევოლუციის პროვოცირებას ახდენდა, თუ ეს გაუთვლელი ნაბიჯი იყო.

ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ მას ბევრი ხელისუფლება უნახავს, რომელმაც თავისი დანაპირები უკან წაიღო და არ შეასრულა, მაგრამ ამ დანაპირების უკან წაღება პირადად ამ ხელისუფლების ყოფნა-არყოფნაზე აისახება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 1-ელ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ხმა მისცა არა მიწების გადახვნას და ვაუჩერების დარიგებას, არამედ სამართლიანობის აღდგენას. სინამდვილეში, მართლმსაჯულების ხარვეზების აღდგენაზე მარტო ამ ეტაპზე კი არ გვეუბნებიან უარს, არამედ საერთოდ, უარყოფენ ამ კომისიის შექმნას, რადგან ამას მოჰყვება დამნაშავეთა დასჯა.

„ყოველი უკანონო განაჩენის უკან დგანან კონკრეტული დამნაშავეები - პროკურორების, მოსამართლეების, გამომძიებლების, ხელისუფლების წარმომადგენლების სახით და ეს ყველაფერი ნათელს მოჰფენდა ცხრაწლიან პერიოდს. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დადგებოდა არა მარტო საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების, ნაციონალების და მისი ლიდერის (რომელიც ქვეყანაში წამების, ქონების წართმევის, ხალხის გაუპატიურების, ქუჩაში ადამიანების ჩახოცვის გარანტად იქცა), არამედ გაირკვეოდა, რომ ამ პროვინციულ ფაშიზმს მხარს უჭერდა დასავლეთი და მას დემოკრატიის შუქურას ეძახდა. ამიტომ მსოფლიოს წინაშე ცუდი სახით მოუწევდა დასავლეთს წარდგენა. ეს არის მიზეზი, რის გამოც დასავლეთი ლობირებს, რათა არ მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახის წარმოჩენა და დამნაშავეების გასამართლება. თანაც, ეს არის დასავლეთის არა რეკომენდაცია, არამედ უპირობო დიქტატი და მოთხოვნა“, -აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

აქვე გაიხსენა, რომ, როცა საბჭოთა პერიოდში დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდა, ვერ წარმოიდგენდა, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველოში ისევ მონობა და მონური ხელისუფლება იქნებოდა. „დღეს კი, ვინც ამ დაკვეთას ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ ასრულებს, არიან მონები. სწორედ ასეთი ხელისუფლებები ანგრევენ სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის მორალს, ზნეობას, ღირსებას. ასეთი ხელისუფლება ბადებს უიმედობის განცდას საზოგადოებაში და სასოწარკვეთილი საზოგადოება ვერ განვითარდება“.

ჩვენს შეკითხვაზე, შეძლებს თუ არა პროკურატურა ხარვეზების დამდგენი კომისიის ფუნქციის შესრულებას, ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია. პროკურატურისთვის ისედაც მიმართული აქვთ ამ ადამიანებს და კანონი ამ საქმეების გადახედვის საშუალებას პროკურატურას არ აძლევს. ერთადერთი, პარლამენტი რჩებოდა, რომელსაც დამატებითი რეგულაციის შემოღება ხელეწიფებოდა ამ კომისიის სახით, რადგან ამოწურული იყო გასაჩივრების ყველა შესაძლებლობა.

„როცა ხელისუფლებას ამის გამართლება უნდა ბიუჯეტში თანხის არარსებობით, ეს სამარცხვინოა. თქვენ არ იცით, ამ განცხადების შემდეგ რა ხდებოდა ჩვენს ოფისში, ციხეებიდან როგორი ზარები ხორციელდებოდა. ხალხი იძახდა, ხელწერილს დავუწერთ ხელისუფლებას, რომ არ გვინდა კომპენსაციები, ოღონდ გადახედონ ჩვენს საქმეებს და თქვან, რა ხდებოდა სინამდვილეში. ამათ უნდათ, ყველაფერი მატერიამდე დაიყვანონ. კი ბატონო, ისეთი საქმეები გადაიხედოს, სადაც ეს ხალხი კომპენსაციას არ მოითხოვს, სამაგიეროდ, მოითხოვს ღირსების აღდგენას. ხელისუფლება ვალდებულია, უკანონოდ დასჯილებს კომპენსაცია მისცეს, მაგრამ ასი ათასობით ადამიანი მათ დაუწერს, რომ არ უნდათ მათი კომპენსაცია, უბრალოდ, აღუდგინონ ღირსება“, - გვითხრა ნანა კაკაბაძემ.

უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გაკვირვებულია, რომ ხელისუფლებამ სულ რაღაც ერთ წელიწადში დაივიწყა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება სამართლიანობის აღდგენის შესახებ. ეს მაშინ, როცა ხალხის უდიდესი მხარდაჭერა დიდწილად განპირობებული იყო სწორედ სამართლიანობის აღდგენის სურვილით.

„ეს ყველაფერი საეჭვოდ მეჩვენება. ამ ხელისუფლებაში ვინმემ დათვალა, რამდენია ის თანხა, რომელიც შეიძლება თურმე ბიუჯეტისთვის კატასტროფული აღმოჩნდეს?! ვის-ვის, და თეა წულუკიანს დღევანდელ მთავრობაში ყველაზე უკეთ მოეხსენება სამართლიანობის, ადამიანის დარღვეული უფლებების აღდგენის და მართლმსაჯულების ფასი. ეს ფასდაუდებელი სიკეთეა და, თუკი ხელისუფლება, უკაცრავად, და ამ „ძღინკიანი“ მოტივით, ამ სიკეთეზე უარს ეუბნება თავის საზოგადოებას, წამებაგამომვლილ მსხვერპლებს და უქონელად დარჩენილ გუშინდელ წარმატებულ ადამიანებს, ეს ამ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია“, -   აღნიშნა ლია მუხაშავრიამ For.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, უახლოეს წარსულში განხორციელებული ბოროტება უნდა აღმოიფხვრას არა მხოლოდ ხარვეზების დადგენის ფორმით, არამედ ამ საკითხებში პირდაპირი და უშუალო გამოძიების სრულმასშტაბიანი ჩართვით და სასამართლო სისტემის სრული ამოქმედებით. ამიტომ, იგი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ახალი მთავარი პროკურორი ამ ტვირთს აიღებს, ისტორიულ მისიას შეასრულებს და გამოიძიებს ყველა ამ უბედურებაში დამნაშავე თუ მონაწილე პირთა ბრალეულობას.

„არ ვიტყვი, რომ დამნაშავეები ციხეში ძალიან დიდი ხნით უნდა ჩავსვათ და იქიდან არ გამოვუშვათ. უბრალოდ, დადგინდეს, ვისი მიზეზით, უპასუხისმგებლობით თუ დანაშაულით გამოავიარეთ ეს უბედურებები. დაბალი და საშუალო რგოლის მოხელეებმა უნდა ითხოვონ პატიება და ჩვენ მათ ვაპატიებთ, რათა ისევ არ გავხდეთ ჩემპიონები ციხის პატიმრების რაოდენობის მხრივ. ამ ადამიანების პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს მათ მიერ დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის სამართლიანი და პროპორციული ანაზღაურებით. მე და თქვენ არ ვართ თანახმა, ბიუჯეტში ჩვენს მიერ შეტანილი გადასახადებიდან მოხდეს მათი დანაშაულის გზით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მსხვერპლთათვის“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

ამასთან, უფლებადამცველი არწმუნებს ახალ ხელისუფლებას, თუ ეს სქემა ამუშავდება და დამნაშავეთა პირადი თუ კერძო ქონებიდან მოხდება ზიანის ანაზღაურება, მაშინ არც საქართველოს ბიუჯეტს დაემუქრება საშიშროება და არც მთავრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მძიმე პროცესი იქნება, რადგან სამართლიანობა უნდა აღდგეს.

უმრავლესობის წევრ ზვიად ძიძიგურის თქმით, იგი თავის დროზეც მიიჩნევდა და დღესაც ასე ფიქრობს, რომ მართლმსაჯულების აღდგენის საკითხებს უნდა წყვეტდეს სასამართლო და, არავითარ შემთხვევაში - რაიმე სახის სხვა კომისია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების ხარვეზების დადგენა სასამართლოს სფეროში ჩარევა იქნება.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, სასამართლო გავხადოთ ჯანსაღი, ყველა უსამართლობა სასამართლომ გაასწოროს და სასამართლომ გადაწყვიტოს, სად დაირღვა კანონი, რომელი მოსარჩელეა მართალი და რომელი - არა. პროკურატურის საქმე არის ბრალის წაყენება, ხოლო სასამართლოს ფუნქციაა ამ ბრალის ან დადასტურება, ან უარყოფა. ამიტომ, ორივემ თავ-თავისი საქმე უნდა აკეთოს. რას შეძლებს პროკურატურა და რამდენად მყარ მტკიცებულებებს მოიპოვებს, ეს გაირკვევა. დავაკვირდეთ განახლებული პროკურატურის საქმიანობას“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა For.ge-სთან საუბარში.