[თეონა ხარაბაძე]
მთავრობა ხაზინიდან ფულის ხარჯვის ახალ გზებს ეძებს და სახელმწიფო ხაზინის მიერ თავისუფალი ფულადი სახსრების გამოყენების წესის დამტკიცების უფლებას საკუთარ თავს ანიჭებს. ექსპერტებისთვის კი ეს ინიციატივა კატეგორიულად მიუღებელია. მთავრობის ინიციატივით ცვლილება „საბიუჯეტო კოდექსში“ შედის.
ამჟამად მოქმედი ნორმით, დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობების მიღების მიზნით სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია, მის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები განათავსოს დეპოზიტებზე კომერციულ ბანკებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით.
კანონპროექტის თანახმად კი, „დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობების მიღების მიზნით, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილი იქნება, მის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები, მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით გამოიყენოს“.
კანონპროექტში არაფერი არ არის იმაზე ნათქვამი, ცვლილება მხოლოდ იმას ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო ხაზინის მიერ თავისუფალი ფულადი სახსრების განკარგვის უფლება ფინანსთა მინისტრის ნაცვლად, მთავრობას გადაეცემა, თუ ეს გადაწყვეტილება უკვე არსებული უფლების გაზრდასაც ითვალისწინებს.
ყოველ შემთხვევაში, დღეს მოქმედი ნორმით, ფინანსთა მინისტრი ბრძანებით განსაზღვრავს ხაზინაში დარჩენილი ფულის კომერციული ბანკების დეპოზიტებზე განთავსებას. კანონპროექტში კი საერთოდ არ არის დაკონკრეტებული, თუ ეს ფული საერთოდ როგორ უნდა იქნას გამოყენებული.
სწორედ ამიტომ, ექსპერტი ნოდარ ჯავახიშვილი ვარაუდობს, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობის უფლებების გაფართოებას ნიშნავს.
„როდესაც ჩვენი ხელისუფლება რაიმე მიმართულებით უფრო მეტ თავისუფლებას იწესებს, ეს ყოველთვის ხალხის საზიანოდ გამოიყენება,“ - აცხადებს ჯავახიშვილი.
რაც მთავარია, მისი თქმით, ხაზინაში არსებული ფულის მიმართ ის დამოკიდებულებაც მცდარია, რაც დღეს მოქმედებს. ახალი ინიციატივა კი კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია. როგორც იგი განმარტავს, „ხაზინას თავისუფალი სახსრების განკარგვის არანაირი უფლება არა აქვს. ხაზინიდან ფული მხოლოდ ბიუჯეტით გაწერილი მიზნებისთვის უნდა იხარჯებოდეს. თუ დარჩა, ისიც საკითხია, რატომ დარჩა და მეორეა, სად მიდის“.
„საერთოდ ეს გადაწყვეტილებაა არანორმალური. რა არის თავისი არსით ხაზინა? ეს არის სახელმწიფო ფული, მარტივად რომ ვთქვათ. სახელმწიფო ფული კი არის ბიუჯეტში და ბიუჯეტის ნორმალური დაგეგვმის პირობებში თავისუფალი სახსრები, პრაქტიკულად, არ უნდა იყოს. გამონაკლის შემთხვევაში, აუცილებელი, გარანტირებული რეზერვის ტოლი შეიძლება დარჩეს. მაგრამ თუკი ხაზინაში ერთი მილიარდი დარჩება (მაშინ, როდესაც მთლიანი ბიუჯეტი 5-6 მილიარდია), ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა დანაშაულს ჩადის. საერთოდ, ბიუჯეტში შემოსავლები და ხარჯები ერთმანეთის ადეკვატური უნდა იყოს და ხაზინაში დიდი ფული არასდროს უნდა რჩებოდეს“, - აცხადებს ჯავახიშვილი.
მის ამ მოსაზრებას ექსპერტი ნოდარ ხადურიც იზიარებს.
„პირველ რიგში, ის უნდა დაზუსტდეს, თუ მთავრობა ხაზინაში თავისუფლად დარჩენილ სახსრებში რას გულისხმობს. იმიტომ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი არის გაწერილი და ეს არის დამტკიცებული დოკუმენტი და, თუკი წლის განმავლობაში ხაზინაში რაიმე თანხა დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა ზედმეტია და პრობლემა ბიუჯეტის დაგეგვმასთან დაკავშირებით არსებობს. მეორეც, თუკი მაინც დარჩა, ეს თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა გადავიდეს და მისი დახარჯვა მხოლოდ ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს.
ამდენად, ნებისმიერი სხვა გამოყენება მთავრობის ან სხვა ვინმეს ინიციატივით, არ იქნება მიზანშეწონილი. მთავრობა და პარლამენტი დღეს ერთი გუნდია და მათ თავისუფლად შეუძლიათ, რომ ცვლილებები ბიუჯეტში როცა უნდათ, მაშინ შეიტანონ. ეს კი საშუალებას მისცემთ, რომ ამ თანხების დახარჯვა კანონიერად მოხდეს. საბიუჯეტო წესრიგისთვის აუცილებელია, რომ თუკი დარჩება თანხა, ბიუჯეტში შევიდეს ცვლილება. ანუ, კარგად დაგეგმილი ბიუჯეტის პირობებში დაუხარჯავი თანხა არ უნდა დარჩეს. თუკი რაიმე მიზეზის გამო მაინც დარჩება, ეს დარჩენილი თანხა უნდა გადავიდეს მეორე წლის ბიუჯეტში და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, იმ წლის ბიუჯეტში უნდა შევიდეს ცვლილება და ისე დაიხარჯოს კანონის შესაბამისად, პარლამენტის გადაწყვეტილებით,“ - აცხადებს ნოდარ ხადური.
ფაქტია, რომ მთავრობას საკმაოდ საკამათი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილების დასაკანონებლად პარლამენტის თანხმობაა საჭირო. პარლამენტში კი აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა წერილობითი ფორმით არ უნახავთ და ამის გამო კომენტარის გაკეთება უჭირთ. თუმცა, კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და ხელისუფლებას განმარტებების გაკეთება განხილვის დროს მაინც მოუწევს.