გაოცებული მამუკა კიკალეიშვილი

გაოცებული მამუკა კიკალეიშვილი

რამდენიმე ათეული წლის წინ მას-მედიის საშუალებები შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, ამიტომ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე ხელოვანებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება.

საქართველოს ისტორია ისე წარიმართა, რომ დიდი ხნის განმავლობაში დიადი სსრკ-ის შემადგენლობაში შევდიოდით. კომუნისტური იდეოლოგიის ბატონობის პერიოდში ქართველები საკუთარი ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნებას მაინც ახერხებდნენ. საბჭოთა სინამდვილე მძიმე გახლდათ და ნიჭიერ ადამიანს ამასთან შეგუება ძალიან უჭირდა. ამის მიუხედავად, არაერთი ჩვენი ხელოვანი საკუთარ თვითმყოფადობას ინარჩუნებდა და არსებული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში იუმორის გრძნობას არ კარგავდა.

დღევანდელ წერილში პოპულარულ ქართველ მსახიობებზე და მათ თავს გადამხდარ, “კადრს მიღმა” დარჩენილ სახალისო სიტუაციებზე ვისაუბრებთ.

თავდაპირველად სიტყვას ბატონ სოსო ჯაჭვლიანს გადავცემთ, რომელიც რამდენიმე საინტერესო „ისტორიას“ გაიხსენებს. ერთხელ „დონ კიხოტის“ გადაღებებზე კახი კავსაძესა და მამუკა კიკალეიშვილს შორის „საყურადღებო დიალოგი“ გაიმართა.

„კახი კავსაძეს და მამუკა კიკალეიშვილს ფილმ „დონ კიხოტში“ იღებდნენ. მაშინ კახი ძალიან გახდა როლისთვის, დაახლოებით, 25 კილო დაიკლო, მამუკამ კი ისე მოიმატა ორმოცდაათი კილო, ტყავში ვეღარ ეტეოდა. მოკლედ, რომ იტყვიან, ორივემ მსხვერპლი გაიღო ამ ფილმისთვის.

ერთ კადრში მთაზე ადიან კახი და მამუკა. კახი თავისუფლად ადის, მამუკა კი ქლოშინ-ქლოშინით მიჰყვება უკან. რეჟისორის ასისტენტი მსახიობებს დაბლიდან აძლევს მითითებებს და ხმამაღლა უყვირის: ბატონო კახი მარჯვნივ... ბატონო კახი მარცხნივ... ბატონო კახი ისევ მარჯვნივ და ასე შემდეგ.

მოკლედ, დაიღალა მამუკა, შეჩერდა. კახიმ ჰკითხა, რა იყო, ვეღარ მომყვებიო. მამუკამ ამოიქლოშინა და კახის თავის კილოზე უთხრა, “ბატონო კახის” რომ გეძახიან, მოგწონსო? კახიმაც უპასუხა, დიახ, მომწონსო. მამუკა გაბრაზდა და კახის შესჩივლა - მე კიდევ, უბრალოდ მამუკას მეძახიანო. კახიმ გაიკვირვა და ჰკითხა - კი მაგრამ, რამდენი წლის ხარო. იმანაც უპასუხა - ოცდაშვიდისო. ჩაეცინა კახის და უთხრა: ჰოდა, რა გიკვირს, შენხელა რომ ვიყავი, ეეე, შე „სამო ასოვ“, ასე მეძახდნენ და ასე მარტო ქართულ „კინოშნიკებში“ თუ მოსულა. ახლა ძლივს ვეღირსე, რომ ბატონოთი მომმართავენ და ეგ შეგშურდაო“.

ბატონი სოსო კახი კავსაძეზე კიდევ ერთ „ამბავს“ მოგვიყვება.

„ნატვრის ხეში“ „გაულაწუნეს“ როლს თამაშობს დათო აბაშიძე. ვერანაირად ვერ გააცინეს, არადა როლია ისეთი, უნდა ჩაეღიმოს. რუსთაველის მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას ამ ფილმში. გადაღებები ამ ამბის გამო გაიწელა, მათ აგვიანდებათ თეატრში, სპექტაკლზე და შეიქნა ერთი ვიშ-ვიში.

კახი კავსაძე გაბრაზდა, მივიდა რეჟისორთან და უთხრა: მე მიმიშვით და გავაცინებო. გაუკვირდათ, ეგ როგორო. კახის გაეცინა, როგორ და დაგანახვებთო. მივიდა დათოსთან, შეტრიალდა, ჩაიხადა შარვალი და უკანალი აჩვენა. „გაულაწუნემ“ იცინა, მაგრამ რა იცინა. ფილმშიც ხომ გაღიმებულია და მთელი ერთი კვირა ასე გაღიმებული დადიოდა ქუჩაშიც კი“.

ერთხელ სოსო ჯაჭვლიანსა და დოდო აბაშიძეს სასტუმროში ერთად ცხოვრება მოუწიათ.

„დოდო აბაშიძე უვაჟკაცესი ადამიანი იყო. ინფარქტი ახალი გადატანილი ჰქონდა და ექიმები სმას უკრძალავდნენ. თან, იმ პერიოდში, „მშრალი კანონი“ შემოიღეს და ჩერნობილის ტრაგედიაც ახალი მომხდარი იყო.

მე და დოდოს ერთად მოგვიწია სასტუმროში მეფურად ცხოვრება. არადა, ვინც კი მოდიოდა დოდოსთან, ყველას ღვინო მოჰქონდა ბოთლში ჩამოსხმული. მაშინ პატარა ბოთლებში ისხმებოდა და ასეთი ღვინოები სუვენირებად გაჰქონდათ უცხოეთში. მკაცრად გამაფრთხილეს, არ დაალევინოო. მოკლედ, გაივსო სასტუმროს ნომერი ღვინის ბოთლებით ამ „სუხოი ზაკონის“ დროს.

ერთ დღესაც, დოდოს სულმა სძლია, თქვა, რაღა ღვინოს მოვუკლივარ და რაღა წნევასო, გახსნა ერთი ბოთლი და მოიყუდა, კარგად წავიდა. მეორეც გახსნა და დაცალა. მეც გამოვცალე რამდენიმე ბოთლი. ავდექით და ამ ცარიელ ბოთლებში ჩავასხით კოკა-კოლა, ჩავედით სასტუმროს ფოიეში, დავდგით მაგიდაზე, ჩამოვასხამდით და ნელ-ნელა ვსვამდით. გავიხედეთ, კარი გაიღო და შემოვიდა ვიღაც ორმეტრიანი, მთვრალი რუსი. ატეხა გინება, ყვირილი. მივაქციეთ ყურადღება. ადმინისტრატორმა შეუბღვირა, თუ არ გაჩერდები, ახლავე გამოვიძახებ მილიციას და შენს თავს დავაჭერინებო. მივუბრუნდი ადმინისტრატორს და ვუთხარი: ამას ვერ დაიჭერთ, ეს საბჭოთა კავშირის გმირია, ავღანეთში ნაბრძოლი კაცი-მეთქი. ის უცნობი გაჩერდა, მოგვიახლოვდა, შეხედა, მაგიდაზე ღვინის ბოთლები დგას. „გაუსწორდა“, იფიქრა, აქაც დავამატებ სასმელსო. ჩამოგვართვა ხელი, გაგვეცნო და აღმოჩნდა, რომ ჩერნობილის აფეთქების დროს ეს იქ იმყოფებოდა, პირველ სამაშველო რაზმში ყოფილა, დასხივება მიუღია და დღეს თუ ხვალ შეიძლება, იქ მიღებული დასხივების გამო, დაიღუპოს. ამიტომ, მას ამ „სუხოი“ კანონის დროსაც კი დალევის უფლება ჰქონდა. დოდოს უთხრა, ახლა მკლავი უნდა გადაგიწიო, შეგეჯიბროო. დოდომ უთხრა, აი ეს ჩემი ბიჭია და თუ გადაუწევ, რასაც გინდა, იმას მოგცემო. ჩააცივდა, გინდა თუ არა, შენ უნდა შემეჯიბრო, ეს არ მინდაო.

გაბრაზდა დოდო, კარგი, შევეჯიბროთო. თქვენ წარმოიდგინეთ, ათჯერ გადაუწია დოდომ მკლავი. გაგიჟდა ის რუსი. ბოლოს ვუთხარით, კარგი დამშვიდდი, მოდი, ჭიქა აიღე და დაგვლოცეო. თვალები გაუფართოვდა, დიდი „რეჩი“ დაარტყა და რომ მოსვა კოკა-კოლა... აბა იქ წავიდა სართულებიანი გინება... თქვენი ასე, თქვენი ისე... ჯერ მკლავის გადაწევაში მაჯობეთ, მერე ღვინის მაგივრად რაღაც საზიზღრობა დამალევინეთ... მე თქვენ ხალხი მეგონეთ... თქვენი დედა, თქვენი მამაო...“

ქართველ მსახიობებს ქვემოთ მოყვანილი დაუჯერებელი შემთხვევა შუა აზიაში გადახდათ.

„ერთხელ, კახი ყვება: შუა აზიაში შეხვედრაზე ვიყავით მე, ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი და დუდუხანა წეროძე. გამოვიდა იქაური რეჟისორი და წარადგინა: სიტყვა ეძლევა, ასეთ და ისეთ რეჟისორს, ასეთ და ისეთ კაცს, ბატონ ელდარ შენგელაიასო. გამოვიდა ელდარიც და ომახიანი ხმით ჩაარაკრაკა თავისი სიტყვა.

ახლა ისევ გამოაცხადეს, სიტყვა ეძლევა მერაბ კოკოჩაშვილს, ასეთ და ასეთ კაცს, ასეთ და ასეთ ადამიანსო. გამოვიდა მერაბიც და თქვა ომახიანად თავისი სათქმელი. გავიხედეთ და ისევ დაიწყო გამოცხადება და არ თქვეს: სიტყვა ეძლევა ბოზ-მასხარას ქალბატონ დუდუხანა წეროძესო. გადავირიეთ ყველანი, კინაღამ ხმლები ვიშიშვლეთ და თურმე „ბოზი“ იქაურად ლამაზი ყოფილა და „მასხარა“ კი მსახიობი“.

ჩვენი მომდევნო სტუმარი ბატონი ილია ფერაძე იქნება. ბატონი ილიკო ნაღდი თბილისელია. ამ ქალაქში მისი საძმაკაცო და სამეგობრო წრეც ძალიან ფართოა. მისი ძმა გია ფერაძე კი, სწორედ ის ადამიანი იყო, ვისაც თბილისში, მის საყვარელ დედაქალაქში მისამართი არ ჰქონდა.

ილია ფერაძის პირველი მოგონება ცნობილი მუსიკოსი ჯანსუღ კახიძის დაბადების ამბავს ეხება.

„მამას უბნელი და ახლო მეგობარი იყო, ჯანსუღ კახიძის მამა, ბატონი ვანიჩკა კახიძე. როდესაც ჯანო დაიბადა, სულ მთლად თეთრი, ქათქათა ბავშვი იყო, თითქმის ალბინოსი, არც მერე გამხდარა მაინცდამაინც შავტუხა. მამას ძეობაზე საჩუქრად მუქი ფერის ზეწრები მიუტანია. გადარეულან, ეს რა არისო. მამასაც უთქვამს, ბავშვი ლოგინში რომ არ დაგეკარგოთ და დაფერთხვის დროს ზეწარს არ გააყოლოთ, ამიტომაც შეგირჩიეთ მუქი ფერის ზეწრებიო“.

ერთ მშვენიერ დღეს გია ფერაძე საავადმყოფოში აღმოჩნდა და საკუთარი „ოხუნჯობები“ ამ დაწესებულებაშიც ვერ მოიშალა.

„ინფექციურ საავადმყოფოში არის შარდის გამოკვლევის ეგრეთ წოდებული ზიმნიცკის მეთოდი, როდესაც ავადმყოფი დღე-ღამის განმავლობაში ყოველ სამ საათში აგროვებს ქილაში შარდს და მერე იკვლევენ სხვადასხვა დაავადებაზე. თითოეული ავადმყოფის რვა ქილა, ქაღალდზე მიწერილი გვარებით, იდგა ტუალეტში. ამ ქილების რაოდენობა, დაახლოებით, 50 იყო. ექიმებს და ავადმყოფებს ქილათა სიმრავლე დიდ უხერხულობას უქმნიდა და ამ რიტუალის შესრულება ბევრ კურიოზთან იყო დაკავშირებული.

ჩემი ძმა ერთი პერიოდი იქ იწვა. მისი ოხუნჯობები ხომ მთელ თბილისში იყო განთქმული და იქ დააკლებდა? მოკლედ, გია ჩუმად შედიოდა ტუალეტში და დაკრულ ქაღალდებს გადააწებებდა, აურევდა ერთმანეთში სხვადასხვა ავადმყოფების ქილებს და ეს ავადმყოფების და ექიმების სრულ გაგიჟებას იწვევდა.

იქ ერთი სომეხი პაციენტი ამოიჩემა და გამწარებული ჰყავდა. არ აკმარა ასეთი სასჯელი და უფრო დაამძიმა მისი სიტუაცია. მოკლედ, დილის პორციას რომ მოშარდავდა ის სომეხი თავის ქილაში და გამოვიდოდა, გია ჩუმად შევიდოდა და მის სხვა ქილებსაც შარდით ავსებდა. შევიდოდნენ ექიმები და მერე გამოუხტებოდნენ იმ საწყალ სომეხს: რა არის, შე კაი ადამიანო, რით ვეღარ გაგაგებინეთ, რომ მარტო ერთ ქილაში უნდა ჩააფსა და არა ყველაში. ვერ გავიგეთ, შადრევანი ხომ არ ხარ, ერთი ქილა რომ არ გყოფნისო“.

სომხებთან გია ფერაძის „ურთიერთობა“ ამით არ დასრულებულა.

„გიას ბავშვობის მეგობარს თამაზ ანდღულაძეს გარდაეცვალა ბაბუა. ანდღულაძეების ოჯახი ცნობილი იყო ქალაქში და თამაზის ბაბუის დასაფლავების დღეს მთელმა თბილისმა მოიყარა თავი. ეზოში დადგა პანაშვიდზე მისული ხალხის რიგი. ანდღულაძეების კარის მეზობლად ცხოვრობდა პლასტიკური ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში, თავად არაჩვეულებრივი იუმორით დაჯილდოებული ადამიანი, ქირურგი, ვახტანგ ხურციძე, რომელსაც მთელი ქალაქი სიყვარულით „წოპეს“ ეძახის და ბევრი ცხვირი აქვს გაკრეჭილ-გალამაზებული, არა მარტო თბილისელებისთვის. იმ დღეს, რასაკვირველია, „წოპეც“ პანაშვიდზე იდგა ჭირისუფლის გვერდით.

თამაზის მეგობრები ეზოს გარეთ, ქუჩაში იყვნენ. ამ დროს მათ სიახლოვეს გაჩერდა „ვოლგა“, ერევნის ნომრებით და მანქანიდან სამი გრძელცხვირა, შავტუხა სომეხი ქალი გადმოვიდა. ბედი არ გინდა? მათდა საუბედუროდ, პირველი, ვინც მათ შემოხვდა, გია ფერაძე იყო.

ქალებმა ბოდიშის მოხდით ჰკითხეს, სად შეიძლება პროფესორი ვახტანგ ხურციძე ვნახოთო. გია არ დაიბნა და სერიოზული გამომეტყველებით მიუთითა პანაშვიდის რიგზე, აი, ამ რიგს ხომ ხედავთ, ეს ყველა მისი პაციენტიაო და გაუშვა ეს გრძელცხვირა ქალბატონები პანაშვიდის რიგში ჩასადგომად. ადვილი წარმოსადგენია, ალბათ, იქ რაც მოხდებოდა. გია რასაკვირველია, იქაურობას გაეცალა და შორიდან ადევნებდა თვალს სიტუაციას. სადარბაზოდან კი ის ქალები ისეთი სიცილ-ფხუკუნით გამოცვივდნენ პირზე ხელაფარებულები, გეგონებოდათ, მიცვალებულმა ჰკრა პანღურიო“.

დღევანდელი წერილის დასასრულს ილია ფერაძის მიერ მოყოლილ კიდევ ერთ ისტორიას გაგაცნობთ.

„ამ ამბავს ხშირად იხსენებს ხოლმე მერაბ თავაძე. მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის იზა გიგოშვილის საღამო იმართებოდა მოსკოვში. მე, იზამ და გიამ წინა ღამით გადავწყვიტეთ რესტორან „პეკინში“ შესვლა სავახშმოდ.

რესტორნის შესასვლელთან მოსკოველი ბომჟები მათხოვრობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ჩვენი ქართული საუბარი რომ გაიგონა, მოგვიახლოვდა და მოგვმართა: „ზემლიაკი, ნე პომოჟეტე?“ გია მიუბრუნდა და ჰკითხა: „კაკოი ტი მნე ზემლიაკ?“ ბომჟმა ხმას აუმაღლა: „კაკ, კაცო, უ მენია ჟენა გრუზინკა“. გია დაფიქრდა და ისევ ჰკითხა: „კაკ ზავუტ?“, ბომჟმა ამაყად უპასუხა: როზა. გია ჩაეძია: „კაკ ფამილია?“. ბომჟი დაფიქრდა და კარგა ხნის ფიქრის შემდეგ უპასუხა: რუსთაველი. გიას გაეცინა, ამოიღო ჯიბიდან სამი მანეთი, მისცა ბომჟს და რუსულად უთხრა, თუ რუსთაველია, მაშინ მეტიც გეკუთვნის, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენც გვიჭირს და იმედია, რუსთაველი გაგვიგებსო“.