ტყითსარგებლობის პრობლემა მოგვარების ნაცვლად უფრო და უფრო მწვავე ხდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით დარჩენილი არ არის რეგიონი, სადაც გაურკვევლობა და ქაოსი არ სუფევდეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი პალური, რომელიც ლიას თემში შედის, ოკუპაციის ზოლს ესაზღვრება. შეშის დასამზადებლად პალურის მოსახლეობამ 25 კილომეტრი მანქანით უნდა იაროს, 10 კილომეტრი კი - ფეხით.
„ტყეკაფში ჩასვლა მხოლოდ ვეტმფრენით თუ შეიძლება, იქიდან შეშის გამოტანაზე ხომ ლაპარაკი აღარაა“, - ამბობს სოფლის მკვიდრი ტარიელ სამუშია.
მოსახლეობა იძულებული ხდება, სიცოცხლის რისკის ფასად შეშა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოიტანოს. სოფლიდან 300 მეტრის მოშორებით, ენგურს გაღმა 20 ჰექტარი თხმელის ტყეა. სინამდვილეში ეს ჩვენი სახნავ-სათესი მიწები იყო. ომამდე მდინარე ენგურზე ჯებირები მოაწყეს. არეულობის დროს ხალხმა ეს ჯებირები დაშალა და მდინარემ კალაპოტი შეიცვალა. აფხაზებმა ეს სასაზღვრო ზოლად ჩათვალეს და სოფლის სახნავ-სათესი მიწები ოკუპირებულ აფხაზეთში აღმოჩნდა. მიტოვებულ მიწებზე თხმელის ტყე გაიზარდა.
„არსად არ ვმუშაობ და შეშის ყიდვა არ შემიძლია, ტყეკაფები კი მიუვალ ადგილებზეა. სხვა გზა არ მქონდა, გავრისკე და ენგურს გაღმა შეშის მოსაპოვებლად გადავედი. წელს გადავრჩი დაჭერას და გალის იზოლატორში გადაყვანას“, - განუცხადა კავკასიის გარემოსდაცვის არასამთავრობო ქსელს (CENN) ტარიელ სამუშიამ.
სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ სოფელ პალურთან ახლოს მდებარეობს „ხოკოს“, „ოხაჩქუეს“ და „ლანჯიშის“ ტყეები. ეს ტყეები შედარებით ახლოს არის და რაც მთავარია, გზებიც არსებობს, მაგრამ აქ ხე-ტყეს კერძო კომპანია მოიპოვებს.
„იქ ნარჩენების გამოსატანადაც არ გვიშვებენ. ერთხელ შევიკრიბეთ და ლიცენზიანტს ნარჩენების გამოტანის ნებართვა ვთხოვეთ, მაგრამ უარი გვითხრა“, - ამბობენ ადგილობრივები.
მაია კოდუა, ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში: „სოფელში 115 ოჯახი ცხოვრობს. შეშა მოსახლეობის იმ მცირე ნაწილს აქვს, ვინაც 1 კბ/მ სვანეთიდან ჩამოტანილი წიფელში 80 ლარის გადახდა შეძლო. შედარებით იაფია თხმელის შეშა, რომელსაც ადგილობრივი უკიდურესად ღარიბი ოჯახები საკუთარ ეზოებში ჭრიან და ყიდიან. ზოგიერთები კი ფიჩხს აგროვებენ ან ხეხილს ჭრიან და ასე აპირებენ ზამთარში გათბობას“.
ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა საქართველოს მთავრობას სოფლის პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
პრობლემები ოღონდ აბსოლუტურად სხვაგვარი არის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ხეობის თემის სოფლის მცხოვრებლებს ტყეკაფები იქ გამოუყვეს, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება. მითითებულ ადგილზე შეშის მოჭრა დაუშვებელია. სოფელს მეწყერი და ღვარცოფი წაიღებს.
„ჩვენ არც ვჭრით, მაგრამ გამოყოფილი ტყეკაფები ბულაჩაურსაც ემსახურება და იქაურების შეჩერება არ შეგვიძლია. გვეუბნებიან, კანონით აქ უნდა მოვჭრათო. სოფლის დანგრევა და ჩვენი გადასახლება დაუკანონებიათ და ეგაა“, - აცხადებენ დუშეთის მუნიციპალიტეტის ხეობის თემის მაცხოვრებლები.
ხეობის თემის სოფელი საცხავათლო მდინარე ციდრალის ხევის ზემო წელში მდებარეობს.
„მდინარე ცირდალის ხევის ხეობაზე გადის ტექტონიკური რღვევა, ხოლო ტერიტორიის სტრუქტურული აგებულება გართულებულია უახლესი მეორადი რღვევებით. სოფელ საცხავათლოს ტერიტორიაზე ჩამოედინება მცირეწყლიანი ღვართას ხევი. ხევის კალაპოტში განვითარებულია დენადი ტიპის მეწყერი, რომელიც გადასულია ღვარცოფულ პროცესში. მეწყრული სხეულის სიგრძე 2კმ-მდეა, სიგანე, სოფლის ზედა ნაწილში - 60 მეტრამდე, ქვედა ნაწილში კი ფართოვდება, 100-120 მეტრს აღწევს. ხევის მარჯვენა ბორტზე 12 - 15 მეტრი სიმაღლის ფლატეა წარმოქმნილი, მარცხენა მხარეს ფიქსირდება დაჭაობებული უბნები. მარცხენა მხარეს და ქვედა ნაწილში ფიქსირდება ღია ნაპრალები, რომელთა სიგანე 0.3-1 მეტრის ფარგლებში ცვალებადობს. არის საშიშროება, რომ მეწყრულმა პროცესებმა ჩაითრიოს მარცხენა ბორტზე დაჭაობებული და დანაპრალებული უბანი“, - აღნიშნულია ვიზუალურ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნაში საცხავათლოს ტერიტორიებზე განვითარებული საშიში გეოლოგიური პროცესების შესახებ.
გეოლოგიური საშიშროების ვიზუალური შეფასება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დუშეთი მუნიციპალიტეტის გამგებლის წერილის საფუძველზე მოამზადა.
ხეობის მკვიდრი ჯამბულ ბუჩუკურის განცხადებით, მეწყრული კერა დაახლოებით 10 წლის წინათ წარმოიშვა და ყოველ წელიწადს იზრდება. „მეწყერი და ღვარცოფი ტყის გაჩეხვას რომ მოსდევს, ამას არავინ უყურებს. გასულ წელს თავდაცვის სამინისტრომ ხეობის თემის მიმდებარე ტყეებიდან 4 ათასი კბ/მ ხე-ტყე გაიტანა“, - ამბობს ჯამბულ ბუჩუკური CENN-თან საუბრისას.
გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, ჯანგულ ვეშაგურის საცხოვრებელ სახლს ამჟამად საშიშროება არ ემუქრება, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მეწყერი მარცხენა ბორტზე არსებულ დაჭაობებულ და დანაპრალიანებულ მონაკვეთს წაიღებს, მარცხენა ბორტის ჩამოშლა დაიწყება და საცხოვრებელი სახლი რეალური საშიშროების წინაშე აღმოჩნდება. ამჟამად მეწყერი საშიშროებას უქმნის სოფელ ხეობასთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზას.
ლუხუმ წოწკოლაური, ადგილობრივი მკვიდრი: „სოფლის ერთადერთი გზა წვიმებისა და თოვლის დნობის დროს სეზონურად იკეტება და სოფელი გარესამყაროს წყდება. ტყეკაფები სწორედ ამ მეწყრის თავში გამოგვიყვეს. იქ ჩვენ ხის მომჭრელები არ ვართ, მაგრამ მთელი ბულაჩაური ამ ტყეკაფებით სარგებლობს“.
რაც ყველაზე საგანგაშოა, მეწყრული პროცესის განვითარების შემთხვევაში, მისი შეჩერება შეუძლებელი გახდება და გასასახლებელი ეკომიგრანტების 11 000-იან სიას ახალი ოჯახები დაემატება.