ბრიტანელი ექსპერტები ქართველებს სამხედროების კვების სისტემის გაუმჯობესებაში დაეხმარებიან. ბრიტანელმა ექსპერტებმა არსებული ვითარება შეისწავლეს. მათ უკვე აქვთ გარკვეული წინადადებები და 2014 წელს კვლავ გეგმავენ ჩამოსვლას, რომ სამხედრო მოსამსახურეთა კვების სისტემის გაუმჯობესებაში დაეხმარონ შეიარაღებულ ძალებს. For.ge-სთან საუბრისას, გენერალური შტაბის უფროსი, ვახტანგ კპანაძე აცხადებს, რომ ბრიტანელი ექსპერტები, ძირითადად, რჩევებით და სისტემური მეთოდოლოგიის გაცნობით შემოიფარგლებიან.
როდიდან ჩაერთვებიან ბრიტანელები ქართველი სამხედროების კვების გაუმჯობესების პროცესში და რა სახით ჩაერთვებიან ისინი?
ვახტანგ კპანაძე: შეიარაღებული ძალების კვებას თავისი სპეციფიკა გააჩნია, რომელიც საჭიროებს მორგებას იმ რეალობაზე და გეგმებზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ბრიტანელებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს და შესაბამისად, ბრიტანელების ძალისხმევა, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესოები არიან შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკაში, ვთხოვეთ, რომ აღმოეჩინათ დახმარება ამ საქმიანობაში. წელს იყვნენ ჩამოსულები, შეისწავლეს არსებული მდგომარეობა. 2014 წელს ველოდებით მათ დახმარებას. ისინი, ძირითადად, შემოიფარგლებიან რჩევებით და სისტემური მეთოდოლოგიის გაცნობით, რაც შემდეგ უკვე ჩვენი ძალებით უნდა გამოვიყენოთ.
რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეების მოწამვლის ფაქტებს, ფაქტია, რომ ეს თემა საზოგადოებისთვის გაზვიადებულად იყო მიწოდებული. ბატონო ვახტანგ, სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის პრობლემები სასადილოების არასათანადო ინფრასტრუქტურული მდგომარეობით იყო რეალურად გამოწვეული?
- დაგეთანხმებით, ძირითადად გადაჭარბებული იყო ეს მონაცემები, რომელიც გავრცელდა, ის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების სიმძიმეც გადაჭარბებით იყო მოწოდებული. ყველა კონკრეტულ შემთხვევას კონკრეტიული მიზეზი ჰქონდა. ის მონაცემები, რომელიც ამ საკითხზე გავრცელდა, საკმაოდ გაზვიადებული იყო. მე შეიძლება, სამედიცინო ტერმინოლოგიაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ეს ინტოქსიკაცია ნაკლებად იყო. თუმცა შემიძლია მოგახსენოთ, რომ ნებისმიერ თითოეულ ამ შემთხვევაზე, სამინისტროს და თავად მინისტრის მხრიდან ძალიან კატეგორიული რეაგირება იყო. საკმაოდ ბევრმა დატოვა თანამდებობები, რაღაც საკითხები გადაიხედა. გარკვეული საკითხები პროკურატურაშია გადაგზავნილი.
ამას სწავლობს შესაბამისი უწყებები, ჩართულია სამხედრო პოლიციაც და, რა თქმა უნდა, რაც თქვენ ბრძანეთ, სასადილოების მოძველებული ინფრასტრუქურა თავისი აღჭურვილობით, თავის დაღსაც ასმევდა ამ ვითარებას. ვიცი, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება სასადილოების განახლების და ზოგიერთ შემთხვევაში აშენების შესახება კი ისე, რომ შეესაბამებოდეს ნატოს წამყვანი ქვეყნების სასადილოების სტანდარტებს. უახლოეს მომავალში მარნეულში გავხსნით სასადილოს, რომელიც ფაქტობრივად, თითქმის, თავიდან გაკეთდა.
თქვენ უკვე მეორედ გახდით გენერალური შტაბის უფროსი. რამდენად რთულია იყო იმ გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 4 წელი იყო პოლიტიზირებული?
- ეს არის უდიდესი პატივი. ყველა იმ პირს, რომელმაც გადაწყვიტა ჩემი დანიშვნა, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მეორე, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ვინაიდან, საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდია მთელი შეიარაღებული ძალებისთვის, ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებში, გეოპოლიტიკური ვითარებიდან და საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვგულისხმობ ოკუპირებულ ტერიტორიებს იმ მიზნების თვალსაზრისით, რისი განხორციელებაც გვაქვს დაგეგმილი, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე გენერალურ შტაბს. მოხარული ვარ, რომ ჩემი ხედვები და მოსაზრებები დაემთხვა სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხედვებს და მოსაზრებებს.
რაც შეეხება პოლიტიზირებულს, ისევ როგორც მთელი შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბიც იყო პოლიტიზირებული. მე პირადად სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სანამ მე ვიქნები გენერალური შტაბის უფროსი, გენერალური შტაბი არ იქნება პოლიტიზირებული. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაშვებული არ იქნას შეიარაღებული ძალების პოლიტიზირება. თუ ამას ვერ შევძლებ, ვიტყვი, რომ მე ეს ვერ შევძელი, დავწერ განცახდებას და წავალ.
გენერალურ შტაბში გეგმავთ თუ არა საკადრო ცვლილებებს?
- ამჟამად მოადგილეების კანდიდატურებზე ვმუშაობ. რა თქმა უნდა, ჩემი წარდგინების შემდეგ, მათი დანიშვნა მინისტრის პრეროგატივაა, თუმცა ძალიან აქტიურად ხდება ჩვენი თანამშრომლობა როგორც პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, ასევე პრემიერ-მინისტრიც უშუალოდ დაინტერესებულია ამ საკითხებით და მათთანაც გვაქვს აზრების გაცვლა. გარდა ამისა, შეიარაღებული ძალები ცოცხალი ორგანიზმია და გარკვეული პიროვნებები თავიანთ საკონტრაქტო ვადას ასრულებენ, მისაღებია ახალი ხალხი და ა.შ. დადგა ის პერიოდი, რომ ახალი წლიდან ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე გადავიდეთ.
ეს მოიცავს შემდეგს: პირველ რიგში, ოფიციალურად იქნება აღმოსავლეთი და დასავლეთის ოპერატიული სარდლობა, ასევე ოფიციალურდ ჩამოყალიბდება რამდენიმე ცალკეული დანაყოფი, რომელიც წინა სტრუქტურაში იყო გაფანტული და გვინდა კონცენტრირება მოვახდნოთ, ვინაიდან მწირი რესურსების პირობებში, სჯობს, რომ მათი მართვა და მომზადება იყოს ცენტრალიზებული. შესაბამისად, რამდენიმე საბრძოლო მხარდაჭერის დანაყოფი შეიქმნება, რომელიც უშუალოდ გენერალურ შტაბზე დაქვემდებარებული იქნება, ასე რომ, გარკვეული ცვლილებები იქნება, მაგრამ არა - ექსტრემალური და გადამწყვეტი. სტრუქტურა იქნება მორგებული საღ სამხედრო ლოგიკას და აზრს.
მე მქონდა ერთი წელი, რომ გავცნობოდი ვითარებას, მემუშავა პირად შემადგენლობასთან, ვიცი მათი შესაძლებლობები. ხელმძღვანელმა უნდა შეძლოს, აიძულოს პირადი შემადგენლობა შეასრულოს მის მიერ დასმული ამოცანები, ან შეძლოს თვითონ და მოახერხოს ნებისმიერ თანამშრომელთან მუშაობა, რა თქმა უნდა, თუ ის დამნაშავე არაა. შესაბამისად, არავითარ დიდ ცვლილებებს არ ვგეგმავ, საკმაოდ ნორმალური შემადგენლობაა. არავითარ შემთხვევაში კარდინალური ცვლილება არ იქნება. ჩვენ მიერ კარგადაა დაგეგმილი 4 წლის გეგმა და შესაბამისად, მთელი ძალისხმევა 2014 წლიდან მიმართული იქნება ამ გემების განხორციელებისკენ.
როგორც ცნობილია, თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების რეზერვის ახალ კონცეფციაზე მუშაობს, რომელშიც ქართულ მხარეს ალიანსის კონსულტანტები ეხმარებიან. ახალი კონცეფციის განხორციელება 2014 წლიდან დაიწყება. დასრულდა კონცეფციაზე მუშაობა?
- ჩვენ ვმუშაობთ საქრთველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის კონცეფციაზე. ფაქტიურად, ჩვენ, ჩვენი ნაწილი ამ ეტაპზე დასრულებული გვაქვს და გადაგზავნილი გვაქვს პარტიორი ქვეყნების ექსპერტებთან, მათგან ველოდებით დასკვნებს. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ საქართველო დამკვირვებლად შეყვანილი იქნა ნატო-ს რეზერვის კომიტეტში, რაც ნიშნავს, რომ ნატოს რეზერვის სფეროში მომუშავე ექსპერტები ჩაერთვებიან ამ ჩვენი კონცეფციის შემუშავებაში და აღმოგვიჩენენ დახმარებას. საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ ამას, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და შესაბამისი რესურსების გათვლებს და დაზუსტებებს მოითხოვს. 2014 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება დადებული დოკუმენტი და შემდეგ ვიწყებთ ამის იმპლიმენტაციას.
უსაფრთხოების კუთხით, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას?
- უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემის აზრით ეს ყველანაირად წაადგება საქართველოს როგორც ნატო-ს, ასევე ქვეყნის განვითარების მიმართულებით.
პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტა 21 ნოემბერს გააკეთა განცხადება, რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ბლოკის ინფრასტრუქურის მიახლოება გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენსო...
- ბალტიისპირეთშიც მიუხალოვდა ნატოს ძალები და ჯერჯერობით, რუსეთს არავითარი საფრთხე არ შექმნია. ეს უფრო პოლიტიკური განცხადებაა და პოლიტიკოსები გააკეთებენ ამაზე განცხადებას. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სამხედრო სფეროში მიმდინარე მოვლენებს, საქართველოს საზღვრების გარეთ, მთელს რეგიონში და შესაბამისად, გვაქვს სცენარები, ვმუშაობთ გეგმებზე, საქართველო საჭირო შემთხვევაში მიიღებს ადეკვატურ ზომას, გამოწვევიდან გამომდინარე.
ეს არ ნიშნავს, რომ გადაიხედება ნატოსთან ურთიერთობის საკითხები?
- თავისთავად. ამაზე საუბარი აღარ არის. ჩვენ ვითვლებით უკვე ნატოს წევრ ქვეყნად, უბრალოდ ფორმალურ არ ვართ შესული, თორემ ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ნატოს ეგიდით და ნატოსთან შეთანხმებით. ასევე ძალიან ბევრი ნატოს წევრი ქვეყანიდან ჩამოდიან ჩვენთან გამოცდილების გაზიარების მიზნით. ასე რომ ნამდვილად არ ვართ შორებელი ნატოსთვის და ჩვენი უკან მობრუნება შეუძლებელია.
ბატონო ვახტანგ, შეგიძლიათ თქვათ რომელი მინისტრი ჯდებოდა ნატოს სტანდარტებში ამ 9 წლის განმავლობაში?
- გელა ბეჟუაშვილი პირველი სამოქალაქო მინისტრი იყო რომელიც ნატოს სტანდარტებში ჯდებოდა. ბატონ ირაკლიზე არ მინდა ვილაპარაკო, იმიტომ, რომ ნამდვილად ახლაგზარდა სამოქალაქო ტიპის მინისტრია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეიარაღებულ ძალებზე იყოს სამოქალაქო კონტროლი. ძალიან ბევრს აკეთებს ჯარისკაცის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. ჩვენ თუ მივაღწვეთ მიზნებს შეიარარებულ ძალებში, მე ვიტყვი, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. არ გამომივიდა ის, რაც მაქვს დაგეგმილი? - ვიტყვი, რომ არ გამომივიდა.
სოციალურ საკითხს რაც შეეხება, ალბათ, მნიშვნელოვანია ამ კუთხით ის ფაქტი, რომ სამხედრო მოსამსახურის და მინისტრის დაზღვევა არის გათანაბრებული. რაც არ იყო წლების განმავლობაში. თუნდაც ერთი წლის წინ, მაგალითად, მინისტის დაზღვევა იყო 120 ლარი, ხოლო სამხედრო მოსამახურის 6 ლარი და 50 თეთრი...
- ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და საკამოად დადებითად აღიქმება როგოც სამხედროს, ასევე მათი ოჯახის მიერ. როდესაც ვამბობთ, რომ თავდაცვის მინისტრს გაცხადებული აქვს 2016 წლიდან გადავდივართ პროფესიულ ჯარზე, პროფესიული ჯარი არ ნიშავს მხოლოდ ხელფასის სახეობას. პროფესიული ჯარი ეს არის მენტალიტეტი, ეს არის გამოცდილება, ეს არის მისი კარიერული განვითარების სოციალურად უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამას. ამას გარდა, არ დაგავიწყდეთ, რომ მაქსიმალურად აღსგდა თანასწორობა თვითონ შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა ხელფასების და პრემირების საკითხებში. აღარ არის არავის ფავორიტი დანაყოფები და მეთაურები.
ფავორიტი მეთაურები რომელთა პრემია იყო საკამოდ მაღალი?
- და ამავდროულად იყო მარნეულის საავიაციო ბრიგადა, რომლებიც საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ. შემიძლია ვთქვა, რომ არადამიანურ პირობებში იყვნენ.
2012 წელს დანიშნულ არც-ერთ სამხედრო მოსამსახურეს არ აგვიღია პრემია. ხელფასი დაგვაკლდა ხელმძღვანელ პირებს, რათა სამხედრო მოსამსახურეებს მომატებოდათ ხელფასი, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო. მე ვთვილი, რომ როდესაც მაღალი წოდების თანამდებობის პირი ხარ და სამხრეებზე გიკეთია უშველებელი ვარსკვლავები და როცა იცი, რომ შენს შეიარარებულ ძალებში არის ისეთი ტიპის დანაყოფებები, რომელზეც უკვე გითხარით, ნამუსით არ უნდა აიღო პრემია. ორჯერ არაღებული პრემიით შეეძლოთ საქმით კარგად დახმარებოდნენ იმ სამხედროებს, რომელებიც უმძიმეს პირობებში იმყოფებოდნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალები ვითარდება, უახლოვდება ნატოს სტანდარტებს, მაგრამ ქვეყანას აქვს ორი კონფლიქტური რეგიონი. როგორია თქვენი პროგნოზი?
- სხვათაშორის, ერთ-ერთ შეკრებაზე, სადაც ჩვენი დაჭრილი ბიჭები იყვნენ, აფხაზების და ოსების სადღეგრძელოც კი დავლიეთ და ვისურვეთ, რომ მათ მიეღოთ გადაწყვეტილება, დაენახათ სიმართლე და გაესწორებინათ თვალები სიმართლისთვის. დარწმუნებულიყვნენ სად არის მათი სრული უსაფრთხოება, ვისთან ერთად არის მათი გავნითარება და მომავალი.