ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას მაისის შემდეგ აპირებს. for.ge-ს ინფორმაციით, საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ დახურულ სხდომაზე, ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში თვითმართველობის არჩევნებიდან რვა თვის შემდეგ დაბრუნდება და დროებით, ქართველ ხალხს თავს დაავიწყებს.
თუ როდის დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ქვეყანაში, ამის შესახებ ინფორმაციას უმცირესობის ლიდერები არ აკონკრეტებენ, მაგრამ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ არენაზე დაბრუნდება, რადგან მათი თქმით, „სააკაშვილის თემა ამოწურული არ არის“.
ნაციონალები აცხადებენ, რომ მათი ლიდერი დროებით, აკადემიური საქმით დაკავდება და ლექციებს წაიკითხავს საერთაშორისო დონის უნივერსიტეტებში.
როგორც for.ge-ს დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, საერთაშორისო დონეზე, სააკაშვილს ძალიან ბევრი შეთავაზება აქვს.
„ის აპირებს, გარკვეული პერიდიოდი აკადემიური საქმით დაკავდეს. ამავე დროს, საქართველოში, პრეზიდენტის ბიბლიოთეკა შენდება და მიშა, იქაც დაკავებული იქნება. ამას გარდა, ის პოლიტიკური პარტიის თამჯდომარედ რჩება. თუკი, ის დღეს სხვა საქმეებზეა გადართული, ეს მისი პიროვნული გეგმების განხორციელებისთვის საჭირო და გარდაუვალია. მიშა, საზღვარგარეთ თუ რამდენი ხანი დარჩება, ეს დამოკიდებულია მის აკადემიურ გეგმებზე და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე“, - აცხადებს დარჩიაშვილი, რომლის ცნობითაც, ყოფილმა პრეზიდენტმა ლექციების წაკითხვის თაობაზე შეთავაზება კოლუმბიისა და სტენფორდის უნივერსიტეტებიდან მიიღო.
თანაგუნდელის მსგავად, მიხეილ მაჭავარიანი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების თარიღს არ ასახელებს და ამბობს, რომ ამ საკითხზე, მოგვიანებით განცხადება გაკეთდება.
„თუ ვინმე თვლის, რომ სააკაშვილის თემა ამოწურულია, ნაადრევად თვლის. თუმცა, თუ როდის დაბრუნდება და რა პერიოდში, ამაზე სხვა დროს გავაკეთებთ განცხადებას“, - განუცხადა for.ge-ს მაჭავარიანმა.
სერგო რატიანი კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი აქტიურ პოლიტიკაში რჩება, უბრალოდ, მას ტაიმ-აუტი აქვს აღებული.
„რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტმა არაერთი შემოთავაზება მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. თუ როდის დაბრუნდება, ეს ზუსტად არ ვიცი, იმიტომ, რომ მიშა თავის განრიგს ადგენს. ის თავის საქმეებს აგვარებს. პრეზიდენტი გამჭირვალე პოლიტიკით გამოირჩევა. ჩვენთან იმასვე ამბობს, რასაც თქვენთან“, - განუცხადა for.ge-ს რატიანმა.
უმცირესობისგან განსხვავებით, უმრავლესობას ყოფილი პრეზიდენტის ადგილსამყოფელი არ აღელვებს, მაგრამ მმართველი ძალა იმ საკითხით ინტერესდება - თუ რა თანხებით ცხოვრობს ამერიკაში სააკაშვილი.
for.ge-სთან საუბარში გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ამერიკაში სააკაშვილი ოჯახთან ერთად, გატყავებული ხალხის ფულს ხარჯავს.
„სააკაშვილი ნიუ-იორკში ფუფუნებაში ცხოვრობს. ყოფილი პრეზიდენტი რა სახსრებით არის იქ? საკუთარი ხელფასი დაზოგა და იმით ცხოვრობს?! ეჭვი მეპარება, რადგან მან ქვეყანა გამოშიგნა და ასობით მილიონი დოლარი გაიტაცა. როგორც ჩანს, ამერიკაში იშოპინგებს ისე, რომ ფოტოებს არავინ გადაუღებს. ასევე, ჩვენი ხარჯით, რამდენიმე ძვირადღირებულ საათს იყიდის. ცნობილია, რომ მიშას საათების კოლექცია აქვს, მაგრამ რა თანხით ყიდულობდა 15 ათასს ლარიან საათებს?! ის ცნობილი მეზღაპრე იყო და ახლაც, ამ ზღაპრების ტირაჟირებით დაკავდება. არ ვისურვებდი, რომ სააკაშვილის მსგავსი ლექტორი მყოლოდა. თუ როდის ჩამოვა, ნაკლებად მაღელვებს და ასემც უქნია, თავში ქართული რიყის ქვა უხლია. ის ჩემთვის მოძალადე პრეზიდენტი იყო, რომელიც მაოხრებელ მკვრად დარჩა“, - აცხადებს დეპუტატი.
თუ რატომ წავიდა ქვეყნიდან ექსპრეზიდენტი, ამის თაობაზე ცაგარეიშვილი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ის მოსალოდნელ პასუხისმგებლობას გაქცეოდა.
„გრძელი ხელები გვაქვს და მას ყველგან მივწვდებით. მორალურად თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ ის ჩვენს ხარჯზე, უზომოდ გამდიდრდა და ხალხს ტანჯავდა. იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმცია არსებობს, სანამ, სააკაშვილს ბრალი არ წაეყენება, მის დანაშაულ-უდანაშაულობაზე ლაპარაკი არ შეგვიძლია, მაგრამ ფაქტია, რომ მან თავისი „უძღები“ შვილები დატოვა. ღმერთმა არ ქნას, რომ ის ლენინს დაემსგავსოს, რომელიც ფინეთის ტყეებში იმალებოდა და რევოლუციის დროს პეტერბურგში დაბრუნდა, მაგრამ მისგან განსხვავებით, სააკაშვილი სადღაც ტყეში მიწურში კი არ ცხოვრობს, არამედ მანჰეტენზე შოპინგობს და უზრუნველად ცხოვრობს. გირგვლიანების ოჯახმა კი რა დააშავა, რომელიც გაწყვიტეს და საბურთალოზე დააწვინეს?! დევნილებმა რა დააშავეს, რომლებიც სამაჩაბლოდან გამოაძევეს?! რა დააშავეს მეწარმეება და პატიმრებმა, რომლებსაც ცოცხებით აუპატიურებდნენ?! ეს კითხვები, ცაში გამოკიდებული დარჩა და სააკაშვილს ხომ არ დაავიწყდა, ვინ იყო და როგორ მართავდა ქვეყანას! ამის ილუზია, მის მეხოტბე ჩიორას და მასზე შეშლილ აკო მინაშვილს, ნუ ექნებათ“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.
მართალია, თუ როდის დაბრუნდება სააკაშვილი, ეს მმართველ უმრავლესობას ნაკლებად აღელვებს, მაგრამ მათ ის ფაქტი უნდა ადარდებდეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალ საპარლამენტო არჩევებში სიის პირველ ნომრად, სწორედ, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას განიხილავს.