„ყოლბაიას ხელფასი 2 000 ლარია, დამატებით 28 ლარს იღებს და ახლა 45 ლარი უნდა“

„ყოლბაიას ხელფასი 2 000 ლარია, დამატებით 28 ლარს იღებს და ახლა 45 ლარი უნდა“

დევნილთა შემწეობა დაახლოებით 6 000-დან 7 000-მდე დევნილს მოეხსნება. შემწეობა მოეხსნებათ იმ დევნილებს, რომელთა დასაბეგრი შემოსავალი 1 250 ლარია. აქედან გამომდინარე, 2014 წლის 1 მარტის შემდეგ დევნილთა ეს კატეგორია შემწეობას არ მიიღებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ მომავალ თვეში ამ პირების შემოსავალი იქნება 1250 ლარზე ნაკლები, მას როგორც for.ge-სთან საუბრისას დავით დარახველიძე აღნიშნავს, ავტომატურად აღუდგება დევნილის შემწეობა. დევნილთა და განსახლების მინისტრთან ინტერვიუს ჩაწერას დიდი ხანია ვცდილობდით, თუმცა, სამწუხაროდ, პრეს-სამსახურში ხელოვნური ბარიერების შექმნის გამო, ეს ვერ ხერხდებოდა.

ბატონო დავით, როდიდან მიიღებენ დევინლები გაორმაგებულად შემწეობის თანხას? გაცხადებული იყო 1 იანვარი...

- სამწუხაროდ ინავრიდან არ ორმაგდება. მარტიდან იქნებ გაორმაგდეს.

რატომ?

- იმიტომ, რომ უარს მეუბნება ფინანსთა სამინისტრო, ამბობს, რომ ფული არ არისო. სწორედ მაგისთვის ვემზადები ახლა, რომ დავუსაბუთო, რომ არის აქ რესურსი და არის უამრავი ხარჯი, რომელიც არაა იმაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი, ვიდრე დევნილის დახმარება. მაგალითად, ვიღაცეების მანქანების, ავეჯის ყიდვა და ა.შ. ვეძებ ამ რესურსებს, ვაგროვებ. ისიც ჩემი მოძებნილია რაშიც ერთ-ერთი ქალბატონი მადანაშაულებს. ამბობს, რომ დარახველიძემ და მისმა მეგობრებმა ნახევარი მილიარდი იშოვესო. ასე ადვილად რომ იშოვებოდეს ნახევარი მილიარდი, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა. ერთ სიტყვას არ ამბობს ამ გაზეთში, რისთვის არის ეს ხელშეკრულება და რისთვის არის ეს ნახევარი მილიარდი, რომ კიდევ 20 წლით არ გაგრძელდეს დევნილების ბინით უზრუნველყოფა, - ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობს. იმას ამბობს, რომ დარახველიძემ მოძებნა დონორი, მოატანინა ნახევარი მილიონი, მოატყუა მთავრობა და ამაში 2 მილიონ 700 ათასი აიღოო და ეს უნდა ვაპატიო?!

ის დევნილები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარს აღემატება, შემწეობას ვეღარ მიიღებენ. სანაცვლოდ ხელმოკლე დევნილებს სახელმწიფო ყოველთვიურად 45 ლარით დაეხმარება. თქვენს ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა გამოხმაურება და კრიტიკაც საჯარო მოხელეებიდან, რომლებიც არიან დევნილები და იღებენ მაღალ ხელფასს. როგორია თქვენი არგუმენტები?

- აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გამაკრიტიკა, რომელიც 20 წელია დანიშნული დეპუტატია, 20 წელია იმაზე მეტი ხელფასი აქვს, რა ნორმაც ჩვენ შემოვიღეთ. 20 წელია თითი-თითზე არ დაუდია, ერთი დევნილის პრობლემა არ მოუგვარებია და დღეს გული წყდება 28 ლარი რატომ არ უნდა მივიღოო. საკანონმდებლო ნორმა რომ იძლეოდეს საშუალებას, აქამდე რაც აქვს აღებული, იმისაც გამოვართმევდი მას, მის მეგობრებს და კოლეგებს, რომლებსაც არც სრცხვენიათ ამ ფულს რომ იღებენ.

ტრანზიტის როლს ასრულებენ. მივა მათთან დევნილი, წერილი მოდის ჩემთან, გაჩერდეს მაინც რა, მთავრობა არის. 10-12 მილიონი აქვთ წლიური ბიუჯეტი, წელიწადში ერთი 20 ადგილიანი ობიექტი რომ გააკეთონ არ შეუძლიათ? მე დამსდევენ ობიექტების გახსნაზე, რომ რაღაცა დაიბრალონ.

რუსთავის ფაქტს გულისხმობთ, როდესაც ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა თქვენათ ერთად ბინების გადაცემის პროცესს?

- დიახ, დიახ. არ ვლაპარაკობ ამაზე ასე ღიად, მაგრამ უკვე მივედი ამ მდგომარეობამდე.

ბატონო დავით, მათი არგუმენტია, რომ სახელმწიფო განურჩევლად უხდის 28 ლარს ყველა დევნილს. ეს გადაწყვეტილება კი თანაბარ პირობებში არ აყენებს იძულებით გადადგილებულ პირებს...

- წლების მანძილზე საერთაშორისო ორგანიზაციები გვიჩიჩნებენ დევნილთა მდგომარეობის გაუჯობესებაზე. ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, მაგრამ არიან დევნილები, რომლებიც ამას ელოდებდნენ, როგორც მისი სიცოცხლის ერთად-ერთ საშუალებას. რა მორალი და რა ზნეობაა ამაში, რომ წილში უჯდები იმიტომ, რომ შენც დევნილი ხარ. კი ბატონო დევნილი ხარ, პოლიტიკურ სტატუსს არ ვაპროტესტებთ ჩვენ.

რას ამბობენ არგუმენტად არ გაინტერესებთ? სახელმწიო მაინც იძლევა და ამას რა უნდაო. ე.ი. სახელმწიფო მეწველი ძროხაა. ის, რომ ვითომ ამუშავებს და დანიშნული ჰყავს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ფორმალურად იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია არ დაეკარგოს აფხაზეთს და ამაში 2 000 ლარს უხდის, კიდევ 28 ლარს იღებს და ახლა 45 ლარი უნდა. არ სრცხვენია? ხმას მაინც არ იღებდეს, გულში მაინც თქვას რასაც ამბობს. შეადარონ 20 წელი რა გააკეთეს და მე რა გავაკეთე ერთ წელიწადში. მე არ მომითხოვა დევნილთა მინისტრად დამნიშნეთ-თქო. არჩევნებში წავაგე თუ წამაგებინეს, დავიხურე ქუდი და წავედი ჩემთვის. ვიღაცა წამოაყენეს თაბამდებობაზე...

ვახტანგ ყოლბაია ამბობს, ის წამოაყენეს ამ თანამდებობაზე, მაგრამ, თითქოს, დავით საგანელიძემ სთხოვა, რომ ეს ადგილი ჩემი სიძისთვის დამითმე და მერე დაგეხმარები, რომ სხვა თანამდებობა დაიკავოო. ეს განცხადება მან მთვარობის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა, ეს სიმართლე?

- მინისტრები როგორ ინიშნებიან ეს ხომ ვნახეთ?! მთავრობის მეთაური წარადგენს, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები იმართება და შემდეგ კენჭს უყრიან. გაირა ეს პროცედურები იმ ვიღაცამ, ვინც თქვენ დაასახელეთ? რანაირად დაინიშნა? დააყენეს მისი კანდიდატურა და მისი განვლილი გზიდან გამომდინარე? მე არ ვიცი ეს გზა დადებითია თუ უარყოფითი, მაგრამ გაივსო „ქართული ოცნების“ ეზო მოწინააღმდეგეებით. დავით საგანელიძე რა შუაშია? არანაირი სიძე მისი არ ვარ. დევნილებთან სამ-სამი დაცვით და ოთხ-ოთხი მანქანით რომ დადიან, გავიდნენ   დევნილებთან და მერე წამოაყენონ პრეტენზიები.

თქვენ არ სარგებლობთ დაცვით?

- არა. თუმცა, ამასაც კი მაბრალებდნენ, რომ დაცვით დადისო. ამ შენობაში არის არასაუწყებო დაცვა, რომელიც იცავს შენობას და არა მე. ამ შენობას აქვს საიდუმლო შემოსასვლელი, არც ერთხელ არ მისარგებლია და არც არასოდეს ვისარგებლებ ამ კარით.

ამბობენ, რომ ეს საიდუმლო შემოსასვლელი გააკეთა კობა სუბელიანმა...

- არ ვიცი ვინ გააკეთა, მაგრამ სარგებლობდა კობა სუბელიანი და სხვებიც. თქვენ გგონიათ იოლია ყოველდილით 20 ადამაინი რომ გხვდება გაღიზიანებული და პრეტენზიული? მაგრამ მე ვთქვი, რომ არ ვისარგებლებ უკანა კარებით, არ შემომიშვებენ გავტრიალდები და წავალ. არც მანქანა მიყიდია,  ამ მანქანით ჯერ სუბელიანი დადიოდა, მერე ხომერიკი და ახლა მე დავდივარ. ამ კაბინეტშიც ხატის გარდა ჩემი არაფერია. მობილური ტელეფონიც კი, რომელიც მიჭირავს, დალი ხომერიკმა დატოვა. სანამ აქ ვიქნები გამოვიყენებ.

ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა ეს არის უსახლკარო დევნილები. დევნილების საცოვრებელი ბინით დაკმაყოფილების პროცესი დაწყებულია, რამდენწლიანია ეს პროგრმა და როგორ მოხდება კონტროლი, რომ არ დაიჩაგროს ის დევნილი, რომელსაც არაფერი გააჩნია?

- მოსვლის შემდეგ 1134 დევნილს მივეცით ბინა. წლის ბოლომდე სრული შესაძლებლობა გვაქვს, რომ ეს ციფრი 2000-მდე გავზარდოთ. გარდა ამისა, მიმდინარეობს ისეთი ობექტების გარემონტება და მშენებლობა, რომელიც მაისამდე გაგრძელდება და ასეთი სულ 1200-ია. სულ 3 000-ზე მეტი ბინაა გარანტირებულად, ჩემი შეფასებით ეს ცოტაა, მაგრამ არაა ცოტა იმ სტატისტიკიდან გამომდინარე, რაც დღემდე იყო. ყოველ წელიწადს 3 ათასი ბინა რომ ყოფილიყო აშენებული დღეს 60 ათას დევნილს ბინა ექნებოდა. ახლა კი მხოლოდ 25 ათას ოჯახს აქვს ბინა. სწრაფი ტემპით მასიური მშენებლობა უნდა დაიწყოს.

ქვეყნის მასშტაბით 7 და მათ შორის თბილისში 4 მიწის ნაკვეთი მაქვს აღებული. მოგეხსენებათ, თბილისში ახალი მშენებლობის დაწყება აკრძალული იყო, ჩემი ინიციატივით და მთავრობის მხარდაჭერით დაშვებული იქნა უფლება იმისა, რომ დევნილებისთვის თბილისშიც აშენდეს ახალი ბინები. მარტო თბილისში 20 ათასი უბინაოა, 500-600 მიიღებს წელს, 19 ათასი ხომ რჩება. ამიტომ, დავასრულეთ ჩვენ პროექტები 4 500 ბინიანი მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა ვარკეთილში, 2 060 ბინიანი კრწანისში და 4,5 ჰექტარზე მიმდინარეობს პროექტი, სადაც ასევე 3 ათასი ბინა იქნება აშენებული.

გარდა ამისა, წელს 4 ობიექტი გამოვისყიდეთ 200 ოჯახისთვის, მათ შორის ვაკეში. დავიწყეთ კერძო სახლების შესყიდვის პროცესი. ამას იმ ბიუჯეტით ვაკეთებთ, რაც იყო წინა წლებში. რაიმე დამატებითი ბიუჯეტი არ მიგვიღია.

დევნილთა სამინისტროში დამკვიდრებული იყო ნაცნობობით საცხოვრებელი ბინების გადაცემა. ბატონო დავით განმსაზღვრელი არ იქნება ნაცნობობა?

- ბინის განაწილების წესი აქ არ ყოფილა. გააკეთებდნენ ერთ ბინას, დაჯდებოდნენ ამ ოთახში და ანაწილებდნენ, ამას მივცეთ, იმას მივცეთო. მე დღეს სრულიად გამორთული ვარ ამ პროცესისგან. არსებობს ნორმატიული აქტი ბინების განაწილების პროცედურები და კრიტერიუმები, ამაში ჩართულია ადამიანური რესურსი. სამი ქვეკომისია და ერთი დიდი კომისია მუშაობს. ამ ყველაფერს ვადევნებ თვალყურს. სხვათშორის, ვერ აუვედი აფხაზეთის მთავრობისგან გამოგზავნილ თხოვნებს. 6 თვეა ვუხსნი, რომ ბინის განაწილება არ ხდება რეკომენდაციის და ვიღაცის მოტანილი წერილის მიხედვით.

რა სახის თხოვნით მოგმართავენ აფხაზეთის მთავრობიდან?

- აძლევენ რეკომენდაციას, რომ მე ვიცი ეს ადამაინი ცხოვრობს მძიმე მდგომარეობაში და მიეცი ბინაო. ზოგი რელიგიური მუშაკია და ზოგი კიდევ რა. არ ვასრულებ თხოვნებს, არავისთვის არ მიმიცია და არ მივცემ ბინას დაუმსახურებლად. მიბრძანდით და ნახეთ. მე თუ მედავებიან, რომ არასწორად ვანაწილებ, მაშინ ნახონ ვინ მიიღო, დაადონ ხელი, ვის არ ეკუთვნოდა.

საქართველოს მასშტაბით დაწყებულია დევნილთა რეგისტრაცია და როგორც ცნობილია, უკვე არსებობს მონაცემები, რომ არადევილებზე დევნილის სტატუსი იყო გაცემული. საინტერესოა როგორ ხდებოდა დევნილის სტატუსის გაცემა?

- მეც მაინტერესებს.

რეაგირებისთვის მიმართეთ პროკურატურას?

- რეგისტრაციის გავლისას აღმოჩნდა, რომ დაახლოებით, 500-ზე მეტ ადამიანს არამართლზომიერად აქვს დევნილის მოწმობა აღებული. აქედან 120 საქმე თვითმმარველი ორგანოების, ან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ყალბი დოკუმენტების გაცემის საფუძველზე, დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე, გადაცემულია პროკურატურაში. იუსტიციის სამინისტროსთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ამნისტიის კანონპროექტში ჩართულიყო დევნილთა თემაც.

იმ დევნილებს, რომლებიც განაცხადებენ, რომ სხვადასხვა დროს მიიღეს დევნილის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოკუპირებული ტერიტორიების მუდმივი მაცხოვრებლები არ იყვნენ, ასეთ შემთხვევაში, ეს დევნილები პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან. ასევე, გასული წლის დეკემბერში მთავარ პრკურატურაში გადაგზავნილი იქნა საქმეები, რომელიც ეხებოდა საიდუმლო საწყობებს. სამწუხაროდ, არანაირი მხარდაჭერა სამართალდამცავი ორგანოებიდან არ მიმიღია.

პროკურატურა ამბობს, რომ დაწყებულია გამოძიება კობა სუბელიანის წინააღმდეგ...

- გამოძიება დაწყებულია, მაგრამ შედეგი არაა. მისი მოადგილე ჭულუხაძე, ასევე გიორგაძე და კიდევ 1 პიროვნება დააკავეს, მაგრამ საპროცესოთი გაანთავისუფლეს. აი ამ ჭულუხაძეს მიღებული აქვს ბინა, მის მშობლებსაც მისცა ბინა და ამ დროს ის დევნილი არაა. რამდენიმე ათეულია ასეთი.

არ დაინტერესებულხართ, ვის აძლევდა ბინებს თქვენი წინამორბედი, ან როგორ ხდებოდა ხელოვნურად ოჯახების გაყოფა?

- ახალ კანონპროექტში შემოვიტანეთ ნორმა ოჯახის განმარტება და კანონპროექტის კანონოდა ქცევის შემდეგ, შეუძლებელი იქნება ოჯახის სურვილის და ბუნებრივი გაყოფის გარეშე ვინმემ გაყოს, ან გააერთიანოს ხელოვნურად ოჯახი. ერთ ოთახში შეყრიდნენ 7 და 8 სულიან ოჯახს, ან ხელოვნურად გაყოფდნენ და 2 ბინას მოსცემდნენ 2 ან 1 სულიან ოჯახს, ასეთი რამე არ ხდება და არც მოხდება. ბინას ვაძლევთ სულადობის მიხედვით.

ეს სამინისტრო იყო აბსოლუტურად კორუმპირებული უწყება. რასაც დევნილები ამბობენ, მართალია. ზოგს ორი ბინა აქვს და მერე ყიდიან და ა.შ. გასაჩივრების წესი არ არსებობდა. აქ ამბობდნენ, რომ დამლაგებელიც და მძღოლიც ფულს შოულობდაო.

რატომ შეიტანეთ სასამართლოში სარჩელი გაზეთქრონიკა+“ -ის ჟურნალისტის წინააღმდეგ?

- ახლა იძულებული ვარ, მეორედ მივმართო სასამართლოს, პირველად მივმართე დაახლოებით ორი თვის წინ. საქმე წარმოებაში მიღებული აქვს სასამართლოს, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე არ მომხდარა პროცესის ჩანიშვნა. პირველად მივმართე იმიტომ, რომ ამ გაზეთმა დაიბეჭდა სტატია, სადაც იყო ბრალდებები რაჭაში ჩემი მოღვაწეობისა და წარსულის შესახებ, რომელსაც ნებისმერი გონიერი ადამიანი მიხვდებოდა, რომ ეს იყო თითიდან გამოწოვილი.

ვინ არის ინფორმაციის წყარო?

- ახლა კონკრეტული ადამიანის სახელს გვარს არ დავსახელებ, მაგრამ ვიცი ვინ დგას ამის უკან, არის მისი მეგობარი ქალბატონი, რომელიც ასევე უმიზნებს ამ თანამდებობას. ეს არაა თანამდებობისკენ ლტოლვის სწორი ფორმა. ამბიცია გასაგებია, გამოვიდესა და ღიად განაცხადოს, რომ მას შეუძლია უკეთ გააკეთოს ის, რაც მე მევალება. შემოვლითი გზებით, ჟურნალისტური იმუნიტეტის გამოყენებით, მე შემიძლია ყველაფერი ვთქვა, მაგრამ არაფერზე პასუხი არ ვაგო, ასე არ გამოვა. მე ამას არ ვეგუები და ამიტომაც მივმართე სასამართლოს. რამდენჯერაც იქნება ცილისწამება, იმდენჯერ მივმართავ სასამართლოს.

პატივისა ღირსების შელახვის გამო ითხოვთ 15 ათასს, დიდი თანხა ხომ არაა?

- ერთ-ერთი თქვენი კოლეგა მეკითხებოდა, რომ 5 000 ათასი ბევრი ხომ არ არისო, ახლა 15 ათასს მოვითხოვ. ახლა ბრალდებები გაცილებით მეტია და ბრალდებაში მოყვანილი თანხები არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვათაშორის, ამ მომენტამდე, ვიდრე ვიტყოდი, რომ ვაპირებ სასამართლოს მივმართო, მან შემომთავაზა რაღაცა საიდუმლო შეხვედრა.

სტატიის ავტორი გთავაზობდათ საიდუმლო შეხვედრას?

- დიახ, თითქოს, ჩემი მამხილებელი ჩანაწერები და დოკუმენტები აქვს. დაახლოებით ასეთი პოზიცია ჰქონდა, რომ მოვილაპარაკოთო. პირდაპირ ვუთხარი, რომ მე არაფერი მოსალაპარაკებელი და დასამალი არ მაქვს, თქვენი კოლეგების წინაშე საჯაროდ დამადანაშაულე და გახადე საჯარო რაც გაქვს-თქო. ზუსტად ვიცი, რომ არაფერიც არ აქვს და ვერც ექნება, იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობს. სამსახურიდან შონია გაუშვა და ცუდად მოიქცაო, მერე ნაცები არ გაუშვა და ამიტომაც ცუდად მოიქცაო. შონიაზე მეტი ნაცი ვინ შეიძლება ყოფილიყო?! ატერორებდა მთელ წყნეთს.

აფხაზეთის - ყოფილი კულტურის მინისტრის, სალომე კაპანაძის მეუღეს გულისხმობთ?

- დიახ, მოვიშველიებ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ჟურნალისტებს მოსთხოვა ფაქტებით საუბარი, ანალოგიურს მოვითხოვ მეც. მე ძალიან სწრაფად შემიძლია მივიღო გადაწყვეტილება და დავთმო ის, რაც ვიღაცას პრივილეგია ჰგონია. იმ ხელფასს, რომელიც დღეს აქ მაქვს, რაშიდაც ჩემს ჯანმრთელობას ვდებ, დამიჯერეთ, რომ ასეთ ხელფასს ძალიან მარტივად ვღებულობდი, ვიდრე აქ მოვიდოდი. ფულს არასოდეს არ მოვიპარავ, დევნილს არ მოვპარავ. ეს ჩემი ცხოვრების პრინციპია. არათუ მე არ მოვიპარავ, არამედ პრეტენზია მაქვს, რომ არავის არ მოვაპარინო. იკითხეთ მინისტრი, რომელიც თვითონ ახდენს ელექტრონულ ხაზინასთან ურთიერთობას, გადარიცხვას ჩემს მეტი არავინ აკეთებს. არის ეს მინისტრის ფუნქცია? ყველა ტრანზაქცია ჩემს მიერ მოწმდება და სრულდება. ამის გამო ერთი საათით დამატებით ვმუშაობ.