ციხეებში მასობრივი შიმშილობის დაწყება არ დასტურდება

ციხეებში მასობრივი შიმშილობის დაწყება არ დასტურდება

იუსტიციის მინისრტის განაცხადებამ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე არ შეიქმნება, პატიმართა პროტესტი გამოიწვია. მსჯავრდებულებმა მასობრივი შიმშილობა დაიაწყეს. კერძოდ, 8 საპყრობილეში შიმშილობა დაიწყეს სამუდამო პატიმრებმა. ინფორმაცია ა-ო „ყოფილი პოლიტ პატიმრები ადამიანის უფლებეისათვის“ ხელმძღვანელმა გაავრცელა. ნანა კაკაბაძის განმარტებით, ის პატიმრებს მხარდაჭერას უცხადებს, რადგან მათი პროტესტი სამართლიანია. როგორც კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ხელისუფლება თუ ვერ ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებას სამართლანობის აღდგენის თაობაზე, აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

სასჯელაღსრულების სამინისტრო ადსატურებს საპატიმროში დაწყებულ შიმშილობის აქციას, თუმცა ციხეებში მასობრივი შიმშილობის დაწყება არ დასტურდება. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის, გიგა გიორგაძის განცხადებით, მოშიმშილეთა რაოდენობა იმდენია, რამდენიც სხვა დროსაც დაფიქსირებულა, უკანონო განაჩენების გადახედვასთან დაკავშირებით. 

„დღეის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 22 ადამიანი შიმშილობს, მათ შორის 15 - უკანონო განაჩენის გადახედვის მოთხოვნით. სიტუაცია კონტროლდება. შიმშილობას თავის წესი აქვს. თითოეული მოშიმშილე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, - განაცხადა გიგა გიორგაძემ.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა სასჯელაღსრულების მინისტრმა. სოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობის სხდომაზეც იყო ამ საკითხზე მსჯელობა და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში ეკონომიკური შედეგების შესახებ იქნება მსჯელობა სამთავრობო გუნდში და ამის შემდეგ გადაწყდება ამ საკითხის დაძვრის რა ტემპს აიღებს მთავრობა იმისათვის, რომ პარლამენტს გადაეგზავნოს შესაბამისი კანონპროექტი.

„22 პატიმარი შიმშილობს, თუმცა პირადად ვეუბნები ყველას, რომ ტყუილად ღელავენ, რადგან აღნიშნული კომისიის შექმნა არავის გადაუფიქრებია. რადგანაც ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს გარკვეულ ფინანსურ საკითხებთან, რაღაც დეტალები უნდა დაზუსტდეს და შესაძლებელია გარკვეული კომისიაც შეიქმნას, რომელიც უკვე იმუშავებს არა იმდენად კანონპროექტზე, არამედ უკვე შემდგომ რა ნაბიჯები უნდა იყოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა და აქვე განმარტა, რომ ყველაფერს სჭირდება გააზრებული დაგეგმვა.

იუსტიციის მინისრტის განაცხადებას, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამ ეტაპზე არ შეიქმნება, გამოეხმაურნენ სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამ საკითხზე კომენტარს არც ახლა აკეთებენ.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის საკითხის გადადებას დაუშვებლად მიიჩნევს.

„მესმის, რომ კომისიის შექმნას ძალიან ბევრი სირთულე აქვს და არსებობს სერიოზული რისკები, თუმცა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შესთავაზოს საზოგადოებას და, პირველ რიგში, უკანონობის მსხვერპლ ათასობით ადამიანს რაღაც მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მათი განაჩენების გადახედვა მოხდება. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაღაც ფორმით ეს კომისია შეიქმნას, ამუშავდეს. იქ შეიძლება იყოს ბევრი განსხვავებული აზრი, მაგრამ ზოგადად ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ამის გაჩერება, ჩემი აზრით, დაუშვებელია“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და აქვე განმარტავს და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ აღნიშნული კომისიის შექმნის გადადება დაუშვებელია.

„საიას“ ხელმძღვანელი კი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომიისიის შექმნის გაურკვეველი ვადით გადადებას მიუღებელს უწოდებს. კახა კოჟორისძის თქმით, მათთვის მიუღებელია მთავრობის ის არგუმენტი, რომელსაც კომისიის შექმნის გადავადება დაეფუძნა. 

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადახედოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. გაანალიზოს რა ფინანსურ პრობლემასთან არის დაკავშირებული აღნიშული საკითხი. მთავარია შეიქმნას მექანიზმი, რომელიც, პირველ რიგში, სამართალს დაადგენს. ამის შემდეგ, ფინანსური ვალდებულების მექანიზმი შეიქმნას, რომელიც 3-4 წელზე გაიწერება. ეს ადამიანებისთვის მიღებული ფორმა იქნება, რადგან მათთვის მთავარია სიმართლის დადგენა და ფინანსური ანაზღაურება უკვე მეორეხარისხოვანია. აღნიშნული საკითხის გაურკვეველი ვადით გადადება კი ამ პრობლემის გადაწყვეტაზე უარის თქმას ნიშნავს“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

განმარტებები გააკეთა იუსტიციის მინისტრმაც, თეა წულუკიანის განცხადებით, ხარვეზების დამდგენი კომისიის იდეა უარყოფილი არ ყოფილა და არასამთავრობოების დღევანდელი განცხადებები, რომ ეს იდეა უარყოფილია, არასწორია. წულუკიანი დღეს ამბობს, რომ ხარვეზების დამდგენი კომისიის საკითხი ერთ-ერთ წინა მთავრობის სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული და ეს იდეა უარყოფილი არ ყოფილა. 

„როგორ შეიძლება უარყოს ვინმემ იდეა, რომ არის ბევრი უკანონო განაჩენი და, რომ ეს განაჩენები არის გადასახედი. მე გუშინ აღვნიშნე, რომ დროებით არის შეჩერებული, რადგან მოხდეს გათვლა ფინანსურ-ეკონომიკური კუთხით, კიდევ რაღაც დეტალები დაიხვეწოს.

ეს პროექტი მომზადდა იუსტიციის სამინისტროში და შემდეგ ჩვენ სისხლის სამართლის საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებთან გავიარეთ კონსულტაციები რამდენჯერმე, ასევე კონსულტაციები ჩატარდა ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან და ვენეციის კომისიამ დადო დასკვნა. დღეს ეს პროექტი მზად არის, მაგრამ მთავრობას სჭირდება უფრო მეტი დრო, რომ შედეგებზე მოხდეს მსჯელობა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.