„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული განხეთქილება, შესაძლოა, პარტიიდან ლიდერების წასვლით დასრულდეს. for.ge-ს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გუნდში დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი პარტიის სამდივნოები გახდა, რომელიც პოლიტსაბჭოს ხვალ, დაგეგმილ სხდომაზე უნდა შეიქმნას.
წყაროს ცნობით, ყოფილი სახელისუფლებო პარტია ექვსი, ან შვიდი სამდივნოს შექმნას აპირებს და სწორედ, ამ პოსტებს ვერ ინაწილებენ ლიდერები.
კერძოდ, გიორგი ვაშაძე და დავით საყვარელიძე სამდივნოს ხელმძღვანელის პოსტების ჩაბარებას და პარტიაში რადიკალური ცვლილებების გატარებას ითხოვენ, რასაც მიხეილ მაჭავარიანი ეწინააღმდეგება და წინადადებით გამოდის, რომ სამდივნოს ხელმძღვანელების არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდეს.
თუ რა შედეგით დასრულდება პოლიტსაბჭოს სხდომა, ეს ცნობილი ხვალ გახდება, მაგრამ წყაროს ცნობით, თუ გიორგი ვაშაძისა და დავით საყვარელიძის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვებას აპირებენ.
ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ცვლილებების გატარებაზე, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, გიორგი ვაშაძემ ღია წერილში ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ მის მსგავსად, ალბათ, ბევრი სვამს კითხვებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით.
„მოგვწონს ის, რაც გვაქვს? რა არის ის პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგავართ? საჭიროა თუ არა ცვლილებები? სად არის გამოსავალი? ცალსახად ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ფუნდამენტური, სისტემური, ეფექტური ცვლილებები და მხოლოდ აქაა გამოსავალი. ჩვენი ამოცანა, უნდა იყოს ნდობის დაბრუნება და კვლავაც გავხდეთ მიმზიდველი უამრავი ნიჭიერი და ენერგიული ადამიანისათვის, რომელიც ჩვენს მოძრაობში დაინახავს ქვეყნისა და საკუთარი განვითარებისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ინსტრუმენტს“, - აცხადებს ვაშაძე.
დეპუტატი იმ ძირეულ ცვლილებებზეც საუბრობს, რომელიც პარტიაში უნდა გატარდეს.
„რაში გამოიხატება ცვლილებები? ფუნდამენტური ცვლილებები შიდა სამენეჯმენტო სისტემაში მეტი თანამონაწილეობაა, ნაცვლად ზევიდან ქვევით მართვის პრინციპისა, რომელიც დომინირებდა და რაც, უამრავი მომხრის დემოტივაციასა და პროცესებიდან გარიყვას იწვევდა. საჭიროა გავაღოთ კარი, მოვხსნათ ბარიერი პარტიის მომხრეებს, მის წევრებსა და პარტიის მმართველ რგოლს შორის. გზა მივცეთ ახალ ენერგიას, ახალ სახეებს, ახალ იდეებს, მიდგომებს. ჩემი აზრით, კარდინალური განახლება არის ის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენს მოძრაობას გახდის საინტერესოსა და მიმზიდველს ნიჭიერი, ენერგიული, ინოვაციური ადამიანებისთვის. ამის ერთადერთი გამოსავალი არის ღია კარები, ბარიერების რღვევა! და ამიტომ, მე მინდა ჩემი ენერგია, ჩემი მენეჯერული გამოცდილება მოვახმარო ჩვენი მოძრაობის ტრანსფორმირებას, ამ მიზნით, ვფიქრობ, დავაყენო ჩემი კანდიდატურა მოძრაობის სამდივნოს არჩევნებში“, - აღნიშნავს საკუთარ განცხადებაში ვაშაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პარტიაში არსებულ დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა, პარლამენტში, ამ დროისთვის, ტარიელ ლონდარიძე და გიორგი თევდორაძე იმყოფებიან. ლიდერთა დიდი ნაწილი კი, წუხელ გვიან ღამით, თბილისში დაბრუნდა, სადაც for.ge-ს ინფორმაციით, „დიდ გარჩევებს“ აქვს ადგილი.
გიორგი თევდორაძე გვარწმუნებს, რომ მისი მეგობრები - ვაშაძე და საყვარელიძე პარტიდან წასვლას არ გეგმავენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ მუშტად შეკრულ, მონოლითურ გუნდად დარჩება.
„პოლიტიკურ ოპონენტებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლiს ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად დაპირისპირებების და განხეთქილებების შესახებ ინსინუაციების გავრცელება დარჩათ. ამიტომ, მათმა იმედიანმა განწყობამ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური რუკიდან გაქრებოდა, შედეგი არ გამოიღო. ჯიუტ ფაქტს უნდა შევეგუოთ! ჩემი მეგობრები ვაშაძე და საყვარელიძე პარტიის დატოვებას არ აპირებენ. ჩვენ ერთ მუშტად შეკრულ, მონოლითურ გუნდად დავრჩებით, რომლის წევრებსაც შიდა პარტიული იერარქიული ამბიციები კი არ გააჩნიათ, არამედ ის ღირებულებები, რითაც აქამდე მოვედით“, - განუცხადა for.ge-ს თევდორაძემ.
„ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო“ თევდორაძის რწმუნებაზეა ნათქვამი, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა ერთი წლის წინ დაიწყო და მათი რიგები უკვე 14-მა დეპუტატმა დატოვა.