„განცხადებები ბიუჯეტის დანაკლისთან დაკავშირებით რეალურ გათვლებს მოკლებულია“, - აღნიშნეს for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „აფბა“- ს პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, საბიუჯეტო წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად გახშირდა საუბრები ბიუჯეტის გარღვევასთან დაკავშირებით და პოლიტიკოსების თუ ცალკეული ექსპერტების მხრიდან ისმის შეფასებები ბიუჯეტის დანაკლისთან დაკავშირებით.
ვინაიდან, ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკომენტი და მაკროეკონომიკური სატბილურობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტის მიმართ გამოთქმული მოსაზრებები და შეფასებები არ უნდა იყოს სუბიექტური, პოლიტიკურად მოტივირებული და არ უნდა ემსახურებოდეს არსებული ეკონომიკური სიტუაციის მაქსიმალურად დრამატულად წარმოჩენას.
„ასეთი შეფასებები, ბუნებრივია, ხვდება ინვესტორის ყურადრების არეალში და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გამუდმებული დაუსაბუთებელი მტკიცება იმისა, რომ ბიუჯეტში იქნება გარღვევა, თან იმ მოცულობით, რომლის დასახელებაც მათი მხრიდან ხდება, ნეგატიურ გავლენას ახდენს ინვესტორების გადაწყვეტილებაზე. უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ და დავეყრდნოთ იმ შეფასებას, რომლის თანახმად 2013 წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში დანაკლისი იქნება 1 მილიარდი ლარი, გამოდის, რომ 2013 წელს დაგეგმილი შემოსავლების, 7.4 მილიარდი ლარის დაახლოებით 14% მობილიზებული ვერ იქნება.
მსგავსი სცენარი სხვა არაფერია, თუ არა მაკროეკონომიკური სტაბილურობის სრული კრახი. შესაბამისად, პოლიტიკოსების მხრიდან გამუდმებით ამ განცხადების კეთება, მიგვაჩნია, რომ აზარალებს ქვეყნის იმიჯს, თესავს ეკონომიკური კოლაფსის მოლოდინს, ხოლო ნეგატიური მოვლენის მოლოდინის შექმნა, ისეთ სფეროში, როგორიც ეკონომიკა და ბიზნესია, არანაკლებ ცუდი შედეგების მომტანია, ვიდრე რეალური კოლაფსი.
რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფინანსისტები შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები არ არსებობს, თუმცა მივიჩნევთ, რომ პოლიტიკურ ოპონირებას და მთავრობის საქმიანობისადმი ჩრდილის მიყენების მცდელობას ეკონომიკური სტაბილურობის განცდა არ უნდა შეეწიროს“, - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.
„აფბა“ მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის შემოსავლების დანაკლისის შესახებ ექსპერტების და პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან დასახელებული ციფრებიდან რეალობას და ობიექტურ გათვლებს არ შეესაბამება. ახალგაზრდა ფინანსისტებმა გამოვთვალეთ ის შესაძლო თანხა, რომელიც ბიუჯეტს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების შედეგად შეიძლება დააკლდეს.
„მოგეხსენებათ, 2012 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი საბაზრო ფასებში შეადგენდა 26,2 მილიარდ ლარს. ვინაიდან, მიმდინარე წელს ფასების დონე არ გაზრდილა და პირიქით შემცირდა კიდეც, დაგეგმილი 6%-იანი რეალური ზრდა შეგვიძლია ჩავთვალოთ ნორმალურ ზრდად, შესაბამისად 6%-იანი ზრდის შემთხვევაში მშპ მოცულობა 2013 წელს მიაღწევდა 27.72 მილიარდ ლარს, 3%-იანი ზრდის შემთხვევაში მშპ 26.94 მილიარდი ლარი იქნება, ანუ მშპ-ს დანაკლისი, რომელიც 6-ის ნაცვლად 3%-იანი ზრდის გამო იქნება, გამოდის 780 მილიონი ლარი.
ამ ციფრის მიხედვით შეგვიძლია გამოვთვალოთ ის თანხა, რაც ბიუჯეტს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების გამო საგადასახადო შემოსავლების სახით დააკლდება. საგადასახადო ტვირთი, ანუ გადასახადების წილი მშპ-ში საქართველოში 23-24%-ის დონეზეა, შესაბამისად ზრდის შენელების გამო მშპ-ის 780 მილიონ ლარიანი დანაკლისიდან, ბიუჯეტში წავიდოდა დაახლოებით 190 მილიონი ლარი“, - ამბობს „აფბა“ - ვიცე-პრეზიდენტი შოთა გულბანი.
მათივე განმარტებით, სწორედ 190 მილიონი ლარია ის ციფრი, რომელიც შესაძლოა დააკლდეს ბიუჯეტს ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებით, დასახელებული ციფრები, რომლებიც სხვადასხვა შეფასებებით მილიარდ ლარსაც კი აღწევს, ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია. გარდა ამისა, ბიუჯეტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ნათელ სურათს სახავს შესრულების ანგარიში.
შოთა გულბანის განცხადებით, მართალია 2012 წელს პირველ 9 თვესთან შედარებით 2013 წლის იგივე პერიოდში ბიუჯეტში 291 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალია აკუმლირებული, თუმცა 9 თვის საკასო შესრულება 100,3%-ია, ანუ გეგმა უმნიშვნელო, მაგრამ მაინც გადაჭარბებით შესრულდა და 4, 898 მლრდ ლარი შეადგინა. „აფბა“ მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო განცხადებების კეთება ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით საზიანოა ბიზნეს-გარემოსთვის და მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავიანთი შეფასებები ობიექტური გათვლების ფონზე გააკეთონ.