სატრანსპორტო კოლაფსი და უკმაყოფილო საზოგადოება - საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე აქციებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პროტესტის ორგანიზატორების მთავარი მიზანი ქვეყანაში ქაოსისა და არეულობის მოწყობაა. სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ 2 და 3 მაისს, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ დამაკავშირებელ მოედანზე განვითარებული მოვლენები სხვა არაფერია, თუ არა - ძალადობა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე, რადგან გმირთა მოედნის ბლოკირებამ ადამიანთა შეფერხება და მრავალსაათიანი საცობი გამოიწვია.
საზოგადოების უკმაყოფილება, თბილისის მერის განმარტებით, ჩაკეტილმა გმირთა მოედანმა და სატრანსპორტო მოძრაობის ბლოკირებამ გამოიწვია. ამაზე პასუხისმგებლობა კი, კახა კალაძის თქმით, აქციის იმ მონაწილეებს ეკისრებათ, რომლებიც გვიან ღამემდე, გმირთა მოედნის მიმდებარე ქუჩებზე მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილების შესაძლებლობას აღარ აძლევდნენ, რამაც ქალაქში კოლაფსი გამოიწვია. მერი პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, კანონის ფარგლებში იმოქმედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეთა გუშინდელი ქმედებები თავისუფალი გამოხატვისა და კანონის ფარგლებში ჯდება. მათი განმარტებით, ახლა მთავარია, პროტესტით მმართველ ძალას დისკომფორტი შეუქმნან და კანონპროექტის უკან გაწვევა აიძულონ. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო კოლაფსზე მნიშვნელოვანი ახლა სწორედ ეს არის.
მიმდინარე აქციებსა და დისკომფორტზე, რომელიც გადაკეტილი გმირთა მოედნით მოქალაქეებს შეექმნათ, ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ქალაქში.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამ საპროტესტო აქციის მწვერვალს ჰყავს რადიკალები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში, ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში არიან, ხოლო მათი ვითომ ეს სრულიად საქართველოს პროტესტში მოცული აქციები მათ თანამოქალაქეებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„ძალიან უგუნური უნდა იყო ადამიანი, რომ გმირთა მოედნის და სხვა ტერიტორიების გადაკეტვა მოიდნომო. ეს იყო სრულიად პოლიტიკური სიბრიყვე, რადგან მათ დისკომფორტი შეუქმნეს არა ხელსიუფლებას, რომელიც იმ მიდამოებში არც კი ცხოვრობს, არამედ თბილისელებს, დედაქალაქში ჩამოსულებს, რომლებიც სხვადასხვა მიზნით გადაადგილდებიან ქალაქში. არ არის ისიც გამორიცხული, რომ ის გამწარებული მძღოლები მათი მოადგილეებიც კი იყვნენ. ასე რომ, იქ გმირთა მოედანზე ვითომ რაღაცა მასობრივი პროტესტი შექმნა სრულიად დამაზიანებელი იყო, ნაცრადიკალებისთვის.
გამაოგნებელი იყო პირადად ჩემთვის, რომ ამ ქუჩის პროტესტში მონაწილეობდნენ ის პერსონაჟები, რომლებიც დიპლომატები, აკადემიური წრის წარმომადგენლები არიან. მათსაც და კრებსით მაქარაშვილებს შორის ხომ ინტელექტუალური განსხვავებები არის. თუმცა ქმედებებმა აჩვენა, რომ ეს ცალკეული პროფესორ - მასწავლებლები, დიპლომატები არაფრით განსხვავდებიან ნატა ფერაძისა და მისი მიმდევრებისგან. ეს არის კატასტროფა, რადგან ძალიან ცუდია, როცა ქუჩის ხულიგან აქტივისტებს აყვები“,-ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, გააგრძელონ აქციის მონაწილეებმა ასეთი დისკომფორტის შექმნა მოსახლეობისთვის და ნახავენ, მათგან რა პასუხსაც მიიღებენ, ხოლო ბოლოს, რა პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებენ, ამას თავად და მათი სპონსორებიც კარგად დაინახავენ.
მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ იძულებულები გახდნენ გმირთა მოედანზე გადასულიყვნენ და ამ პერფორმანსით ყურადღება მიექციათ, რომ ამით რიცხობრივი სიმცირე დაეფარათ. ახვლედიანი for.ge-სთან აცხადებს, რომ მსგავსი ექსტრემიზმი საზოგადოების გაღიზაინებას იწვევს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ნათლად გამოჩნდა.
„როდესაც „ნაცმოძრაობა“, ზურაბ გირჩი, „ლელო“, ხოშტარია რუბლების მოყვარული ქალი აქციას აანონსებს, რა თქმა უნდა, იქ ბევრი ხალხი არ მივა. ამიტომ გადავიდნენ გზის გადაკეტვაზე. ამას რა შეიძლება მოჰყვეს კარგადაც დაინახეს. მათი აქტივი სხვა ადამიანებს ვერ მიიზიდავს, რადგან მათი ქცევები არის ფაშისტური, ლიბერალიზმს ამოფარებული ძალადობა, რომლის გამოც ხალხი, ლამის, გზაზე სცემეს. არავის ამ ქვეყანაში, ვინც საღად ფიქრობს, ამ ხალხის რაღაცა ფორმით ისევ უკან დაბრუნება არ სურს. არ მივიდნენ იქ სტუდენტებიც, რომლებიც ხვდებიან, რომ ეს არის პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი და აქ კანონი მხოლოდ საბაბია.
18-19 წლის ბავშვებს არც განათლება, არც პრაქტიკა არ უწყობს ხელს, რომ რაღაცა ფორმით ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღონ. ეროვნული მოძრაობის ავანგარდში ჩვენც ვიყავით ჩართულები, მაგრამ 20 წლის ბავშვებს იმის პრეტენზია არ გაგვაჩნდა, რომ ქვეყანა ჩვენ უნდა გვემართა. იმ პროცესებში ჩართულები ვიყავით, მაგრამ იქ პროცესებს გამოცდილი ადამიანები ხელმძღვანელობდნენ. ამათ ვინ ხელმძღვანელობს? მიატოვებენ ბავშვებს და კაფეებში სხედან თავად. ხალხის აგრესია და ეს ცემა-ტყეპა კი მათზე გადადის“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, უცანურია ამ ლაწირაკებს საიდან გაუჩნდათ ამხელა ამბიციები, რომ ქვეყანა მათ უნდა მართონ და ყველამ მათ ჭკუაზე უნდა იაროს.
„ეს ბავშვები თავიდან ბოლომდე ნაცების საქმეს აკეთებენ და მათ ნარატივზე სხედან. მათი ტერმინოლოგიებით საუბრობენ და მათი მიმართულებებით დადიან. რა მიიღეს მათ ამ გზის გადაკეტვით? მიიღეს ის, რომ მთელმა თბილისმა დედა აგინა. მართლა ძალიან მძიმე საყურებელია, როცა ნაციონალების მიერ მოტყუებული და დაზომბირებული ბავშვები საგინებელი და დასაცინები ხდებიან. ხალხი მანქანებში საათობრივად გამოკეტეს, მერე მიდიან და ეუბნებიან, გინდა თუ არა, შემოგვიერთდითო. ჯერ ცხოვრებაში რას წარმოადგენენ თავად, რომ მათ სიტყვას დაუჯერონ და გვერდით დაუდგნენ, რა გაუკეთებიათ ქვეყნისთვის, ახლა ამოწიეს ტელეფონიდან თავები. ის რეალობაც ვერ გაურკვევიათ, ვისი სათამაშოები არიან“, - ამბობს ახვლედიანი.