ადგილობრივი მწარმოებლები პროდუქციის ეტიკეტზე არანაირი ტერმინის დატანას არ ერიდებიან. შეესაბამება თუ არა ნაწარმი იმ კატეგორიას, რომელიც იარლიყზეა მითითებული, არავინ დაგიდევს. მთავარია, მომხმარებელს ათასგვარი საშუალებით გონება გაეფანტოს და რეკლამას წამოეგოს.
როგორც ჩანს, ასეთი ფანდების გამოყენება თანდათან აიკრძალება. მაგალითად, 2014 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის მიერ 30 ივლისს მიღებული დადგენილება „ბიოწარმოების შესახებ“, რომლის თანახმად, პროდუქტის, მათ შორის, სურსათის ეტიკეტზე იკრძალება ტერმინების - „ორგანული“, „ეკო“, „ბიო“-ს გამოყენება თუკი პროდუქტი ან სურსათი არ არის ამ დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად დამზადებული.
შესაბამისი სერტიფიცირების არარსებობის შემთხვევაში, პროდუქტის ეტიკეტზე ტერმინების აღნიშნული ტერმინების გამოყენება აიკრძალება.
„იმისათვის, რომ ბიზნესოპერატორს მიეცეს უფლება, ეტიკეტზე დაიტანოს მსგავსი აღნიშვნები, აუცილებელია, მთელი საწარმოო ჯაჭვი იყოს სერტიფიცირებული შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს მიერ. ბიოწარმოების - ბიომეურნეობის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და ხორციელდება ბიზნესოპერატორის ინიციატივით“, - განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტო.
ის ბიომწარმოებლები, რომელებიც ბაზარზე ასე თუ ისე დამკვიდრებულნი არიან, სამთავრობო ინიციატივას მხარს უჭერენ. მათი აზრით, მომხმარებელმა უნდა შეძლოს ბაზარზე არსებული პროდუქციის ერთამანეთისგან ადვილად განსხვავება.
სერტიფიცირების არარსებობის შემთხვევაში ტერმინების გამოყენების აკრძალვას დადებითად აფასებენ კომპანია „ბიო ღვინოში“. „ძალიან კარგი ინიციატივაა, რადგანაც ყველა აწერდა პროდუქციას ამ ტერმინებს, ნამდვილად ბიოწარმობის პროდუქტის გამოშვებისთვის კი, განსაკუთრებული პირობების დაცვაა საჭირო“, - განაცხადა „ბიო ღვინოს“ მენეჯერმა ზაზა დვალმა.
მისი თქმით, „ბიო ღვინო“ უკვე ფლობს „კავკასსერტის“ სერტიფიკატებს, რომელიც აღიარებულია, როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის მიერაც. აღსანიშნავია, რომ „კავკასსერტის“ სტანდარტების თანახმად, ბიოსერტიფიკატის მისაღებად სამი წელია საჭირო.
კომპანია „ჩირინა“, რომელიც მეფრინველეობის პროდუქტებს „ბიო-ბიო“-ს ბრენდით უშვებს, მიიჩნევს, რომ ბიოწარმოების შესახებ მთავრობის დადგენილება მათ არ ეხება.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჩირინა“ სართიჭალის მახლობლად ფლობს მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოჰყავს, გარდა ამისა, კომპანია იბარებს და ამუშავებს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებულ ადგილობრივ ნედლეულს. „პროდუქციის ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე სრულად კონტროლდება“, - განუცხადეს სააგენტო „ჯიბისის“ კომპანიაში.
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის თამარ თაბაგარის განმარტებით, ბიოწარმოების დანერგვა ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდნენ.
ამ სტანდარტის დასანერგად, საჭიროა, ინფრასტრუქტურა, დანადგარები, პროცესი საკმაოდ ვრცელ კომპონენტს მოიცავს. საბოლოდ კი მოგებული რჩება მომხმარებელი, რომელსაც უხარისხო საკვებისგან დაიცავს. ფერმერებიც საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას შეეცდებიან. ვფიქრობ, ეს ყველაფერი წარმოებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - ამბობს თამარ თაბაგარი.