პარლამენტის 360 მლნ ლარიანი შენობის შენახვა ყოველთვიურად, 90 ათასი ლარი ჯდება

პარლამენტის 360 მლნ ლარიანი შენობის შენახვა ყოველთვიურად, 90 ათასი ლარი ჯდება

პარლამენტის საგაზაფხულო სესია, შესაძლოა, თბილისის ნაცვლად, ქუთაისში გაიხსნას. საკანონმდებლო ორგანოში ინფორმაცია ვრცელდება, რომ კომპანია „სონი“ რუსთაველის გამზირზე არსებული შენობის სხდომათა დარბაზების ელექტრონული სისტემებით აღჭურვასა და აღდგენას თებერვლამდე ვერ ასწრებს, რის გამოც, დამატებით ვადას ითხოვს.

წყაროს ცნობით, „სონის“ მიერ დაქირავებული ქართული კომპანიები შესაბამისი სამუშაოების წარმოებას თებერვლამდე ვერ ასწრებენ, რის გამოც, ვადების გადაწევის მიზნით, ამჟამად, პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციებს მართავენ.

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დავით უსუფაშვილი უცნობია, მაგრამ „სონის“ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა თებერვალში ეწურება.

თუ როდის დაბრუნდება პარლამენტი თბილისში, ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატებიც არ ფლობენ და მათ პროგნოზის გაკეთებაც უჭირთ, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე თვის წინ, აცხადებდა, რომ „1-ელ თებერვალს, პარლამენტის შენობა მზად იქნება იმისთვის, რომ საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნას“.

რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია 5 თებერვალს გაიხსნება და დიდი ალბათობით, სახელმწიფო ჰიმნი ქუთაისის 360 მლნ ლარიან შენობაში გაისმება, უწყება კი, თბილისში დაბრუნებისთვის მზადებას მარტში დაიწყებს.

თუ რა განთავსდება მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით აშენებულ გამჭირვალე შენობაში, ამის თაობაზე მმართველ ძალაში კონსულტაციები მიმდინარეობს და რამდენიმე ვერსია განიხილება. მათ შორის, შენობაში განთავსდეს - რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონალური ცენტრი, ან შენობა გახდეს „ქუთაისის ადმინისტრაციული ჰაბი“.

მთავრობის სახლისგან განსხვავებით, რომელიც ერთი წელია უფუნქციოდ არის დარჩენილი, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ამ შენობის მინდროში მიტოვებას არავინ აპირებს“.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ვილნიუსის სამიტის შემდეგ, შესაძლოა, ევროკავშირს, ნატო-სა და ევროსაბჭოს შესთავაზონ, რომ შენობაში რეგიონალური ცენტრი განათავსონ.

„მათი თანხმობის შემთხვევაში, მინიმალურ ქირაზე იქნება საუბარი. შენობაში საერთაშორისო ორგანიზაციების განთავსებას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. ამას გარდა, იდეა არის, რომ შენობაში საგანმანათლებლო ცენტრი შეიქმნას, მაგრამ ეს პრობლემას შექმნის, რადგან შენობა უფრო ადმინისტრაციული უწყებისთვისარის განკუთვნილი, რის გამოც, აზრი მუსირებს, რომ ქუთაისში თავმყოყილი ყველა ადმინისტრაციული დაწესებულება ამ შენობაში განთავსდეს. კერძოდ, როგორც მერიის შენობა, ასევე სოციალური სამსახურები, გამგეობები და გუბერნია. ამ უწყებებისთვის, ეს შენობა ზედგამოჭრილი იქნება. ამასთან, შესაძლებელია, აღნიშნული სტრუქტურების გარდა, უწყებაში სემეკი და ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციული სკოლაც განთავსდეს, რომელიც ქუთაისში ფუნქციონირებს. ანუ, ეს შენობა ქუთაისის ადმინისტრაციულ ჰაბად გადავაქციოთ“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა, რომელიც პარლამენტის შენობიდან დაახლოებით 200 მეტრში მდებარე მთავრობის სახლის ბედსაც ეხმაურება და ამბობს, რომ შენობა უფუნქციოდ არ უნდა დარჩეს.

დეპუტატის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ მთავრობის სახლის შენობა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობას გადაეცეს.

„ამ წინადადებას მივესალმები, რადგან ახალგაზრდები უფრო ნაყოფიერად იმუშავებენ, ვიდრე რომელიმე ჩინოსანი. ახალგაზრდობა ამ შენობას კულტურის ცენტრად გადააქცევს. თუმცა, ასევე მეორე ვარიანტია, რომ შენობა არასამთავრობო ორგანიზაციებს შტაბ-ბინად გადავცეთ“, - აღნიშნავს კანონმდებელი, რომლის მსგავსადაც, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტის შენობა უფუნქციოდ არ დარჩება.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, რაციონალური ღირსებებიდან გამომდინარე, შენობას დატვირთვა ექნება და ასევე გადაწყვეტილება იქნება მიღებული მთავრობის სახლთან მიმართებაშიც.

„შენობები უფუნქციოდ რომ არ უნდა დარჩეს, ეს ფაქტია, მაგრამ მნიშნელოვანია, რომ ჯერ, პარლამენტის ბედი გადაწყდეს. თბილისში, პარლამენტის შენობაში დიდი სამუშაო არის ჩასატარებელი და ხელშეკრულება თებერვალს მოიცავს, მაგრამ თუ რაიმე გართულდა, დაუსრულებელ შენობაში ვერ გადავალთ. იმისათვის, რომ თბილისში დავბრუნდეთ, დარბაზი უნდა იყოს გამართული. კანონში ცვლილებაც რომ შევიდეს, თუ შენობა არ იქნება მზად, ვერსად გადავალთ. ყველა პირობაა იმისათვის, რომ სამუშაოები დასრულდეს, მაგრამ თუ ეს პროცესი გაჭიანურდა და ამისგან დაზღვეული არავინ არის, მაშინ, ქუთაისში ყოფნა მოგვიწევს. „სონი“ თავის იმიჯს უფრთხილდება და ვფიქრობ, რომ სამუშაოები ვადებში დასრულდება. რთულია იმის თქმა, თუ რომელ დღეს გადავალთ, მაგრამ ამის დიდი საჭიროებაა, რადგან ჩვენ ფულს მოგზაურობისთვის არ გვიხდიან, ამჟამად კი, სულ გზაში ვართ“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.

მეორე ვიცე-სპიკერი, რომელიც თბილისში პარლამენტის შენობის აღდგენის პროცესს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ „სონი“-მ, რომელმაც დარბაზების რესტავრაცია უნდა განახორციელეოს და ტელე-ტრანსლირება დაამონტაჟოს, თუ ეფექტურად იმუშავებს, სამუშაოები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.

„ამ შენობისთვის 360 მლნ ლარი დაიხარჯა და წარმოუდგენელია, რომ ეს შენობა რაიმეში არ გამოვიყენოთ. თუ როგორ, ამაზე ვიმსჯელებთ“, - აღნიშნავს for.ge-სთან საუბარში ზვიად ძიძიგური.

ოპონენტებისგან განსხვავებით, ნაციონალი მიხეილ მაჭავარიანი პარლამენტის თბილისში დაბრუნების შანსს, ბუნდოვნად უყურებს.

„მთავრობის სახლის შენობიდან გამომდინარე, ძალიან კარგად ჩანს, როგორი მენეჯმენტიც აქვს მთავრობას. თუ ეს შენობა არ სჭირდებათ, მისი პრივატიზება შეეძლოთ, სადაც სხვა ობიექტი განათავსდებოდა. პარლამენტის შენობასაც ასეთივე ბედი ელის. ნათელი მაგალითია, რომ მთავრობას არ აქვს არც ხედვა და არც გამოცდილება - თუ როგორ უნდა მართოს ასეთი შენობები. პარლამენტის თბილისში დაბრუნების შანსს ბუნდოვნად ვუყურებ, მაგრამ ამით, რეგიონის განვითარების იდეას კლავენ. გვსაყვედურობენ, რომ შენობისთვის 300 მლნ ლარი დაიხარჯა, მაგრამ ერთი წელი გავიდა და უკეთესი თავად გააკეთონ“, - განუცხადა for.ge-ს მაჭავარიანმა.

ქუთაისი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უკვე ერთი წელია მასპინძლობს, მაგრამ საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი მაინც ვერ მოიპოვა, რადგან უწყება თბილისში დაბრუნებას უკვე ერთი წელია ელის. თუ როდის დაბრუნდებიან დეპუტატები რუსთაველის გამზირზე არსებულ ისტორიულ შენობაში, ეს არ კონკრეტდება, მაგრამ მანამდე, სახელმწიფო ბიუჯეტს, ქუთაისის გამჭირვალე შენობის ყოველთვიურად შენახვა, დაახლოებით 90 ათასი ლარი დაუჯდება. იქედან გამომდინარე, რომ გამჭირვალე შენობა პარლამენტის ბალანსზე არ არის, კომუნალური ხარჯების დაფარვა, საკანონმდებლო ორგანოს აპარატის ნაცვლად, მომსახურების სააგენტოს უწევს.