საქართველოს გადაწყვეტილი აქვს რეგიონში ევროპული ინტეგრაციის ნაწილად დარჩეს

საქართველოს გადაწყვეტილი აქვს რეგიონში ევროპული ინტეგრაციის ნაწილად დარჩეს

უკრაინაში კრიზისი ღრმავდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან არჩიოს ქვეყანამ ეკონომიკური ინტეგრაცია, ევროპის კავშირთან, თუ რუსეთთან. ამ კრიზისმა საქართველოში, მოლდოვის აღმოსავლეთით, ალბათ, უკანასკნელ პროდასავლურ ქვეყანაში შფოთიც დათესა და ანტირუსული წინააღმდეგობაც გააღვიძა. მაგრამ საქართველოს ახალი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სიტუაცია უკრაინაში მხოლოდ ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროკავშირთან.

წელს საქართველო იმის მოწმე გახდა, თუ როგორ ჩამოშორდა პროევროპულ კლუბს ორი მეგობარი ექსსაბჭოთა რესპუბლიკა. ჯერ კარის მეზობელმა სომხეთმა მიიღო მოულოდნელი გადაწყვეტილება მოსკოვის თაოსნობით მოქმედ საბაჟო კავშირს მიერთებოდა, ახლა უკრაინამ აიღო ტაიმაუტი და გადადო დაგეგმილი საეტაპო ხელშეკრულების ხელმოწერა ევროპის კავშირთან.

ეს იმას ნიშნავს, რომ 28-29 ნოემბერს, ვილნიუსის სამიტზე კანდიდატების დიდი ჯგუფის მაგივრად მხოლოდ საქართველო და მოლდოვა, მხოლოდ ეს ორი ქვეყანა მოახდენს ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების პარაფირებას, ანუ ევროპასთან ურთიერთობების გაფართოებას.

უკრაინის დაკარგვამ, იმ სლავური ქვეყნისა, რომელთანაც საქართველოს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, დაუცველობის განცდა გააჩინა.

„უკრაინა ჩვენი ყველაზე სერიოზული პარტნიორი იქნებოდა ვილნიუსის სამიტზე. უფრო მყარად დგახარ ფეხზე, როდესაც ასეთი დიდი ქვეყანა დგას შენ გვერდით“, განაცხადა თინა ხიდაშელმა, პარლამენტარმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, იუწყებოდა „ინტერპრესნიუსი“.

ქართველი ლიდერები დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ ინტეგრაცია დასავლეთთან ის საკითხია, რომელიც არასდროს შეიცვლება.

27 ნოემბერს, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ხაზგასმით ამბობდა, რომ „გზა ევროპისკენ შეუქცევადი პროცესია…“, იტყობინებოდა საინფორმაციო გამოშვებები.

მაგრამ საქართველოც, ზუსტად ისე, როგორც მისი მეზობლები, მოწყვლადია მოსკოვის შესაძლო ზეწოლისათვის უამრავ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს ექსპორტის პრობლემა თუ სეპარატისტული ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მიუხედავად ამისა, პროგრესული ქართველები ახლა მხარდაჭერას უცხადებენ კიევის ქუჩებში დაბანაკებულ, პროევროპელ უკრაინელებს და ფეისბუქის ბევრი ქართველი მომხმარებლის პროფილზე დებატებია ამ საკითხზე და სიმბოლიკა, რომელიც საპროტესტოდ გამოსული უკრაინელების მხარდაჭერას გულისხმობს. პარლამენტის ზოგიერთ წევრს სხდომაზე უკრაინის დროშის ფერი, ლურჯ-ყვითელი შარფი ეკეთა.

საზოგადოების მხარდაჭერა 24 ნოემბერს დაიწყო, როდესაც ქართველთა და უკრაინელთა მცირე ჯგუფმა თავი მოიყარა უკრაინის საელჩოსთან თბილისში, რათა მხარი დაეჭირათ პროევროპული ხაზისთვის. საპასუხოდ, საელჩოს მეორე მდივანმა, დიმიტრი ტრეტიაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინას არ უთქვამს უარი ევროკავშირში ინტეგრაციაზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე გახდებიან ევროკავშირის წევრები.

ამ დროს კი მეზობელ სომხეთს, სადაც ანტირუსული ინტეგრაციის ოპოზიცია ძლიერი რჩება, თვალი კიევზე უჭირავს და აზერბაიჯანივით, რომელსაც ევროკავშირთან მიერთების არავითარი სურვილი არა აქვს, ოფიციალურად დუმილს ინარჩუნებს. თანაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 2 დეკემბერს, ვილნიუსის სამიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, სომხეთში ვიზიტს გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პუტინისგან და მისი ძმაბიჭებისგან, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, პრობლემებს ელის, ქართველი პოლიტიკოსები არ ვარაუდობენ, რომ თბილისი უეცრად სომხეთივით 360 გრადუსით შემობრუნდება და ჩამოვა ექსპრესიდან, რომელიც ევროპისკენ მიემგზავრება. ეს რწმენაა, ფაქტობრივად, ის მცირედი, რაშიც მთავრობა და ოპოზიცია ერთიანნი არიან.

სააკაშვილმა ბოლო ინტერვიუში „ვაშინგტონ პოსტთან“ განაცხადა – „რეგიონი მიდის დასავლეთისკენ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მთავრობაში“.


foreignpress.ge