„ნაბიჯი, რომელიც რეალურად გვაახლოებს ევროპასთან“, - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დუკუმენტის პარაფირების ფაქტი.
„მოსახლეობას, მთელ ჩვენს ქვეყანას ვულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ნაბიჯს. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს ეკონომიკურ თემებზე, შეხვედრებს ადამიანის უფლებებისა და არასამთავრობო სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თემებზე. ჩვენ დღეს ვიწყებთ უაღრესად მნიშვნელოვან გზას, რომელიც საქართველოს ისტორიულ არჩევანს, იყოს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახის წევრი, ფაქტობრივად გარანტირებულს ხდის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება ითვალისწინებს პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ პოლიტიკურ ინტეგრაციას. გარდა ამისა მოხდება შეთანხმება კონკრეტულ დოკუმენტებზე - 29 ნოემბერს ხელი მოეწერება ევროკავშირის სამოქალაქო მისიებსა და სამხედრო ოპერაციებში საქართველოს ჩართვის თაობაზე ჩარჩო ხელშეკრულებას. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესრულების კუთხით მოხდება საქართველოს შეფასება, სამიტზე დაფიქსირდება ევროკავშირთან სხვა პრიორიტეტულ სფეროში, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და განათლების სფეროებში დაახლოების კუთხით მიღწეული პროგრესი.
სამიტზე ასევე შემუშავდება ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც მიღწეული პროგრესის შეფასებასთან ერთად განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პრიორიტეტებს.
ასოცირების შესახებ შეთანხმება ჩაანაცვლებს 1996 წელს ხელმოწერილ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს შექმნის.
ასოცირების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2010 წლის ივნისში დაიწყო, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტზე 2011 წლის დეკემბერში.
რეალურად რას მოუტანს ქვეყანას ამ დოკუმენტის პარაფირება, შემდეგ კი ხელმოწერა, როდის და როგორ აისახება იგი საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე და რა სიკეთეებს იგრძნობენ საკუთარ თავზე რიგითი მოქალაქეები, ექსპერტების შეფასებით, ეს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
ექსპერტი კოტე ჟღენტი თვლის, რომ დოკუმენტის პარაფირების ეტაპზე საქართველო არაფერს მიიღებს. შემდეგ, უკვე, როდესაც დოკუმენტებს, რომელიც ხელშეკრულებას ახლავს - ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობისა და სავიზო რეჟიმის გამარტივებასთნ დაკავშირებით ხელი მოეწერება, შედეგების ხილვის შესაძლებლობა გაჩნდება.
„ამ მიმართულებით შესაძლოა, ნაბიჯები გადაიდგას მანამდე, ანუ დაჩქარდეს პროცესი, ვიდრე ხელი მოეწერება ასოცირების შეთანხმებას“,- მიიჩნევს კოტე ჟღენტი.
ექსპერტი არჩილ გამზარდია თვლის, რომ როგორც წესი, ნებისმიერი სამიტის დროს ჩვენი განცდები და მოლოდინები ან ნეგატიური განწყობები ცოტა გადაჭარბებულია-ხოლმე. მისივე შეფასებით, პიარის შედეგად ისე გამოჩნდა, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება რაღაც გრანდიოზული დოკუმენტია. გამზარდია თვლის, რომ მას, რა თქმა უნდა, თავისი დადებითი მახასიათებლები გააჩნია, მაგრამ ნაკლებად კეთდება აქცენტები იმ ვალდებულებებზე, რომელსაც სანაცვლოდ საქართველო იღებს.
„ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, გაგვეთვალისწინებინა, რომ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელსაც ქვეყანა იღებს ამა თუ იმ დოკუმენტიდან, მთელ რიგ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული და ჩვენს შემთხვევაში, ეს ვალდებულებები ცოტა გაურკვევლად არის ჩამოყალიბებული. არ ვამბობ, რომ ეს ფაქტი ნეგატიურად შესაფასებელია, ბუნებრივია, იმ არჩევანის ფარგლებში, რაც ჩვენ გაგვაჩნია საგარეო ორიენტირებთან დაკავშირებით, დადებითი მოვლენაა, თუმცა საზოგადოება როგორც უკვე ვთქვი, ნაკლებად ინფორმირებულია რაში რა ფასს ვიხდით“,- აცხადებს არჩილ გამზარდია.
კოტე ჟღენტი: „რაც შეეხება ვალდებულებებს, არის რაღაც მუხლები, რომელიც უფრო ადვილად შესასრულებელია, რაც შეეხება მაგალითად, ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრას. არის მუხლები, რომელსაც უფრო მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ვიმეორებ, თუ სახელმწიფოს და ახლანდელი ხელისუფლების ნება იქნება და როგორც ვხედავ ასეთი ნება არის, შესაძლებელია ეს პროცესი დამთავრდეს გაცილებით ადრე, ვიდრე ზოგს წარმოუდგენია“.
ექსპერტ დემურ გიორხელიძის მოსაზრებით, იმისათვის, რომ ჭეშმარიტი ევროპული ინტეგრაცია მოხდეს, ჩვენ გვჭირდება საკუთარი სახელმწიფოს დასავლურ მოდელზე მოწყობა კონსტიტუციის, ხელისუფლების გაყოფა-დანაწილების მექანიზმის მეშვეობით, მმართველობის კულტურით, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით.
დემურ გიორხელიძე: „თავისთავად ხელშეკრულების ხელმოწერა არაფერ იძლევა, ხელისუფლებამ საშინაო პოლიტიკა თუ არ განავითარა. კერძო სექტორი თუ არ განვითარდა და სერიოზული პროდუქცია არ აწარმოა ქვეყანამ.
გგონიათ, რომ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ხელმოწერა ევროპასთან ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, გავიტანოთ ის „ნაგავი“, რომელსაც უმეტესწილად პრიმიტუილ დონეზე აწარმოებს ქართული ეკონომიკა? ვინ იყიდის ამას - ვის რაში სჭირდება?!
როდესაც ამ თემაზე ვლაპარაკობთ, არ ვუკვირდებით, რომ წლებია, ევროპელებმა ჩვენ პრეფერენციების სისტემა მოგვანიჭეს და 7 ათასი სახეობის საქონლის გატანა შეგვიძლია თავისუფლად ევროპაში - ვისარგებლეთ ამით? გავაკეთეთ რამე? მოვუარეთ ჩვენს ქვეყანას? - არიქა შეღავათები მოგვცა ევროპამო და დავიძარით ევროპისკენ? არ გაგვიკეთებია არაფერი! ჩვენ გვინდა ბევრი ლაპარაკი არაფრის კეთების სანაცვლოდ და ეს პიარკამპანია დასრულდება იმით, რომ ჩვენ ისევ რთული ეკონომიკა გვექნება. ევროპასთან გვექნება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მაგრამ ვერაფერს ვერ გავიტანთ იქ, იმიტომ, რომ არაფერი გვექნება გასატანი. სოფლის მეურნეობის პროდუქცია არ გვივარგა, ჯერჯერობით, არ გვაქვს გადამამუშავებელი მრეწველობა, არადა შესანიშნავად შეიძლება გაკეთება“.
დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერამ ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას. თუ ამას ქვეყნის განვითარების პოლიტიკაში არ ჩავდებთ, თავისთავად ხელშეკრულება არაფრის მომცემი არ არის.
„ეს ნაცარქერქიას მოლოდინია, რომ არაფერი აკეთო და რაღაც ხელშეკრულებებს მოაწერო ხელი - ისიც სათუოა, თუ მოეწერა, იმიტომ, რომ თუ აკვირდებით, სიტუაცია იცვლება. გგონიათ, აზერბაიჯანის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაზე იმაზე ნაკლებად ფიქრობს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება? ან უკრაინაა ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგე? - არა, ისინი უფრთხილდებიან საკუთარ ქვეყანას. ჩვენ არ ვუფრთხილდებით, ჩვენ რუსებს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის დაკავების საშუალება მივეცით და ახლაც ისეთ ლოზუნგებს ვისვრით ხვალ და ზეგ რით დასრულდება არ ვიცით“,- აცხადებს გიორხელიძე.
უფრო კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც დოკუმენტი საჯარო გახდება.
ცნობილია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებული ტექსტი მომავალ კვირაში გამოქვეყნდება. საინტერესო დეტალი - ევროკავშირის წესებით, დოკუმენტი ძალაში შესვლამდე საიდუმლოა, მაგრამ საქართველო-ევროკავშირი ამ შემთხვევაში გამონაკლისის დაშვებაზე შეთანხმდნენ.
ასოცირების შეთანხმების ტექნიკური პარაფირება უკვე დასრულდა. 1000-გვერდიანი დოკუმენტს ხელი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძემ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოაწერეს.
დოკუმენტზე სიმბოლური ხელმოწერა ხვალ მოხდება. დოკუმენტი ძალაში შევა 2014 წლის სექტემბრიდან.