„ვილნიუსიდან რიგამდე, დარჩენილია მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც 2014 წელს, საქართველოს წარმატებით დასრულდება“, - ამ შეფასებით ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას.
ლატვიის დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს, ქართველი დეპუტატები ისტორიულ დღეს უწოდებენ და ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.
1000 გვერდიანი დოკუმენტის ტექსტი, საჯარო მომავალ კვირაში გახდება, თუმცა, ქართველი კანონმდებლები უკვე იმ დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობენ, რაც სავარაუდოდ, პარაფირებას მოჰყვება.
კერძოდ, როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა აცხადებს, რომ ევროკავშირთან დაახლოება ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური განვითარების წინაპირობაა, მაგრამ დეპუტატები ამბობენ, რომ შესაძლოა, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას რუსეთის მხრიდან, მორიგი ეკონომიკური ემბარგოს დაწესებულება მოჰყვეს.
როგორც for.ge-ს ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განუცხადა, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენაა, რადგან ევროკავშირი გარანტიაა - ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური წინსვლის.
მისი თქმით, 2014 წლის შემოდგომამდე, საქართველოს იმ ვალდებულებების შესრულება მოუწევს, რაც ევროკავშირის წინაშე აიღო.
„ხელმოწერამდე ბევრი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი. ამასთან, ის საფრთხეები გვაქვს გააზრებული, რაც შეიძლება, რუსეთის მხრიდან, პარაფირებას მოჰყვეს. თუ რაიმე დაბრკოლება შეგვხვდება, მთავრობა ქვეყანას სწორი ნაბიჯებით წაიყვანს. დარწმუნებული ვართ, რომ ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ, რადგან ამის უნარი პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტსა და ქართველ ხალხს აქვთ. საუკუნის პროცესი წინ წასულია და დღევანდელი დღე ისტორიულია. ვილნიუსიდან რიგამდე, დარჩენილია მნიშვნელოვანი ეტაპი და დარწმუნებული ვარ, დოკუმენტის ხელმოწერა რიგაშიც მოხდება“, - აღნიშნავს კობახიძე, რომლის მსგავსადაც, რუსულ საფრთხეებზე საუბრობენ როგორც დავით ბერძენიშვილი, ასევე ვახტანგ ხმალაძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის მხრიდან მორიგი ეკონომიკური ემბარგო დაწესდეს.
დეპუტატის თქმით, რუსეთი, ზოგჯერ, ამა თუ იმ სახელმწიფოს შემზღუდავ სანქციებს იმისთვის უწესებს, რომ სახელმწიფომ მისთვის არასასურველი ნაბიჯი არ გადადგას.
„ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ვალდებულებას აკისრებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირსაც, რომ ერთი მხრივ, ამ ხელმოწერით აღიარებულ იქნას საქართველოს გადაწყვეტილება ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, მეორეს მხრივ კი, არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ ეს ინტეგრირება მიიღოს. ვალდებულებებს, რაც უფრო დროულად შევასრულებთ, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტი მით უფრო სწრაფად დადგება. ეს კი მრავალ ეკონომიკური ხასიათის სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, როგორც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების კუთხით, ასევე გამარტივებული სავიზო რეჟიმის თვალსაზრისით“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
თანაგუნდელების მსგავსად, ვილნიუსში განვითარებულ პროცესებს პოზიტიურად აფასებს დავით ბერძენიშვილი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას, რუსულ საფრთხეებზე ამახვილებს.
„ვარდი უეკლოდ, ვის მოუკრეფია?! საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, რადგან ჩვენი ქვეყანა ევროპულია. მართალი გითხრათ, ევროკავშირი გაცილებით ძლიერი მხარდაჭერი ფაქტორია, ვიდრე რუსეთია ხელშემშლელი ფაქტორი. ევროპა საკუთარ პროექტს გადაარჩენს. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ევროკავშირის წევრობა არ არის, მაგრამ იმდენად ახლოს არის ევროკავშირთან, რომ ეს ნიშნავს ევროპაში დაბრუნებას, რაც ილია ჭავჭავაძის არჩევანი იყო. ევროპა, ძალიან მალე, 2014 წელს, სამეზობლო პოლიტიკის მინიმუმ ქვეყნებს მის უშუალო შემადგენლობაში იხილავს“, - განუცხადა for.ge-ს ბერძენიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის ლიდერების მსგავსად, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას პოზიტიურად აფასებენ ნაციონალები, მაგრამ ამავდროულად, ოპოზიციონერები ხელისუფლებას მოუწოდებს ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
დავით დარჩიაშვილი ვარაუდობს, რომ 2014 წლამდე, სანამ დოკუმენტზე ხელმოწერა მოხდება და ხელშეკრულება ძალაში შევა, რთული პერიოდი იქნება.
„ეს პერიოდი, ძალიან რთული იქნება, რადგან რუსეთი ცივილიზებულ სამყაროსთან პოსტთაბჭოთა სივრცის ურთიერთობებს ეწინააღმდეგება. ის რაც უკრაინაში ხდება, ძალიან ნიშანდობლივია. საქართველოს გამოწვევები ექნება და ამას თავს ხელისუფლება როგორ გაართმევს, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ის, რომ პარაფირება მოხდა, გარკვეულწილად წლების ნამუშევარია. თუ ხელისუფლება გამოწვევებს თავს გაართმევს, მათ გვერდში დავუდგებით“, - განუცხადა for.ge-ს დარჩიაშვილმა, რომლის პათოსსაც თიკა ბოკუჩავაც იზიარებს.
დეპუტატი ამბობს, რომ რუსეთის ქმედებებს ხელისუფლებამ რეალურად უნდა შეხედოს.
„სასიხარულო დღეა, რომ პარაფირება მოხდა, მაგრამ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის სიმბოლური აქტი და ის სარგებელი, რაც საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს, ვალდებულებების შესრულების გარეშე ვერ მივიღებთ. პოლიტიკური დევნა არ უნდა იყოს, რაზეც ევროპელი ლიდერები საუბრობენ, რადგან ეს ხელს შეუშლის ინტეგრირებას. გარე გამოწვევებს უნდა ველოდოთ, როგორც ეს მოლდოვასა და უკრაინის შემთხვევაში მოხდა“, - აღნიშნავს ბოკუჩავა.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას ხელი ოფიციალურად ხვალ მოეწერება, რომელსაც საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომის დარბაზიდან დააკვირდებიან. დოკუმენტი ძალაში 2014 წლის სექტემბრიდან შევა. ხელშეკრულების ტექსტი კი საჯარო, მომავალ კვირას გახდება. თუმცა, ევროკავშირის წესებით, დოკუმენტი ძალაში შესვლამდე საიდუმლოა, მაგრამ საქართველო-ევროკავშირი ამ შემთხვევაში გამონაკლისის დაშვებაზე შეთანხმდნენ.