ლარის კურსის ვარდნის გამო ბაზარზე ფასები იცვლება

ლარის კურსის ვარდნის გამო ბაზარზე ფასები იცვლება

ეროვნული ვალუტის დაღმასვლა მოსახლეობას მოსვენების საშუალებას არ აძლევს და ახალ საფიქრალს უჩენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად მინიმუმ 10 პუნქტით ეცემა. ჯერჯერობით ბოლო ნიშნული 1.6878-ია და ეს ბოლო 3.5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თუმცა არსებობს უკვე საფუძვლიანი ეჭვი, რომ მალე 1,7-იან ზღვარს გადააბიჯებს.

ეროვნული ვალუტის კურსმა 1.68 ნიშნულს 2011 წლის ივლისის შემდეგ პირველად ოთხი დღის წინ „გადააბიჯა“ და მას შემდეგ სულ მცოცავ რეჟიმში სულ მაღლა მიიწევს.

ლარმა შეუმჩნევლად გაუფასურება ნოემბრის დასაწყისში დაიწყო. 7 ნოემბერს მისმა ღირებულებამ ორწლიანი რეკორდი მოხსნა და 1.6792 ნიშნულს მიაღწია, თუმცა, მედიაში დაწყებული ფართო განხილვების შემდეგ კვლავ გამყარდა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ლარის გაუფასურება ბიუჯეტის „გადასარჩენად“ ხორციელდება, მეორე ნაწილის აზრით, ძველ ხელისუფლებას კურსი ხელოვნურად ეჭირა, დღეს კი ეროვნული ვალუტა ამ კონტროლისგან თავისუფალია.

ფინანსური ბაზრის ექსპერტებს ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ. „ადმირალ მარკეტს ჯორჯიას“ ხელმძღვანელის დავით წიქარიძის თქმით, ლარის კურსი პირდაპირ დამოკიდებულებაშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობასთან. სადამდე შეიძლება მოხდეს ლარის გაუფასურება, მას განსაზღვრა უჭირს და ამბობს, რომ ამ პროცესში თავისი სიტყვა მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა თქვან.

„პირველი საკრედიტო კავშირის“ ხელმძღვანელი გივი კორინთელი კი ლარის კურსის დაწევას საგანგაშოდ არ თვლის და ამბობს, რომ მსგავსი რყევები ეკონომიკის სიჯანსაღეზე მიუთითებს. მისივე აზრით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების შედეგად ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის საფრთხე არ არსებობს.

ლარის სტაბილურობასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკში პრესკონფერენციაც კი გაიმართა. სებ–ის ვიცე–პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერიოდში საფრთხე არ ემუქრება. რის შემდეგაც სებ-მა გასაყიდად 20 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა.

„ლარის კურსის მერყეობა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით ბაზარზე განსაკუთრებული არაფერი ხდება. მოსაზრებაც კურსის ხელოვნურ შენარჩუნებაზე კატეგორიულად გამოირიცხება, ეს ტექნიკურად გამორიცხულია“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური კი, თავის მხრივ აცხადებს, რომ სამინისტროს ლარის კურსის პულსი უჭირავს და ეროვნული ვალუტა არ გაუფასურდება. საგულისხმოა, რომ 2013 წლის ბიუჯეტი 1 აშშ დოლართან მიმართებაში ლარის 1,70 ნიშნულზეა დათვლილი.

სანამ ექსპერტები და სახელმწიფო მოხელეები აზრებს აფრქვევენ, ამასობაში კურსის დაცემის გამოისობით იმპორტირებული პროდუქციამ გაძვირება დაიწყო. პირველ რიგში, ეს ეხება მედიკამენტებს, რომლის საცალო ღირებულებასაც კი დოლარის კურსით ანგარიშობენ. თუკი ეროვნული ვალუტის ვარდნა არ შეჩერდა, სამომავლოდ გაძვირებას დაიწყებს პირველადი მომხმარების საქონელიც და ეს ზამთრის პერიოდში (როდესაც ოჯახის ხარჯი ისედაც გაზრდილია) სოციალურად შეჭირვებული ფენისთვის საკმაო დარტყმა იქნება.