რას მიიღებს საქართველო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხები სხვადასხვაგვარია. სპეციალისტების აზრი უკვე ორად არის გაყოფილი.
ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირის მთავარი ინსტრუმენტია საიმისოდ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნები უფრო მეტად დაუახლოვოს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს. ასოცირების ხელშეკრულება შედგება ოთხი ძირითადი თავისგან, რომლებიც მოიცავს ერთობლივ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, სამართალს და საშინაო საქმეებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს. მეოთხე თავი რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის, გარემოს დაცვას, მეცნიერებას, ტრანსპორტს და განათლებას.
რაც შეეხება დროს, რაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელმოწერიდან ამოქმედებისთვის სჭირდება - მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ესა თუ ის ქვეყანა ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, დოკუმენტის რატიფიცირება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებმა უნდა მოახდინონ და ამ პროცესს შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს. პარალელურად, როცა ხელშეკრულების რატიფიკაციას აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყანა მოახდენს და ხელშეკრულებას ევროპის პარლამენტიც დაამტკიცებს, დაიწყება ხელშეკრულების ზოგიერთი ნაწილის წინასწარი დანერგვა, მაგალითად, ვაჭრობის სფეროში.
ვაჭრობის და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი ყველაზე საკამათო თემაა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით განისაზღვრება. რას ითვალისწინების იგი სპეციალისტებსაც კი ბოლომდე გააზრებული არ აქთ. ზოგადად ცნობილია, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება 5000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეტანა.
ბებერ კონტინენტთან დაახლოების შემდგომ საქართველოში ევროპული ინვესტიციების წილი გაიზრდება და ევროპულ ბიზნესს გაუჩნდება მოტივაცია, რომ საკუთარი საქმიანობა საქართველოშიც დაიწყოს. ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება ქართული ბიზნესისთვის ევროპულ პროცენტიან კრედიტებსაც გაითვალისწინებს,
„თითოეულ მოსახლეს ელის იაფი კრედიტები, არა ისეთი როგორიც დაპირება ჰქონდა დღევანდელ მთავრობას და ნაწილი შეასრულეს, მხოლოდ სოფლის მეურნეობის კრედიტების გაცემაში. თითოეულ ბიზნესს, მცირეს თუ საშუალოს ელის ევროპული პროცენტის კრედიტი.
რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვექნება თავისუფალი ბაზარი, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან. ინვესტორები იქნებიან ძალიან მონდომებულები როგორც ევროპიდან ასევე სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, აღმოსავლეთიდან, რათა ჩადონ ფული“, - განმარტავს საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა.
მისი განმარტებით, უცხოელს ექნება მონდომება, რომ ჩამოვიდეს საქართველოში შექმნას ფაბრიკა, ქარხანა, შექმნას სამუშაო ადგილები და პროდუქცია ევროპის ყველა ქვეყანაში გაიტანოს.
პირველი პრობლემაც სწორედ აქ არის. საქართველოში დაიწყებს შემოდინებას გაუკრვეველი და საეჭვო უცხოური კაპიტალი. რამდენადაც ჩვენთან ე.წ. ინვესტიციები, ძირითადად, ოფშორებიდან მოედინება, მათი გამჭვირვალობა ნულის ტოლია. როცა კი საქართველოს მეშვეობით „ევროპაზე გასვლა“ შესაძლებელი გახდება, აქ უცხოური ინვესტიციების სახელდებით ათასგვარი „შავი კაპიტალი“ შეიძლება შემოვიდეს.
გარდა ამისა, ქართველი ექსპერტების აზრით, პარაფირების ხელშეკრულებაზე საქართველოს მხრიდან ხელის მოწერა სხვა ტიპის ეკონომიკურ საფრთხეებსაც შეიცავს.
მამუკა არეშიძის განცხადებით, ქართული წარმოების შექმინის გარეშე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართულ ბაზარს სარგებელს არ მოუტანს, ამიტომ ხალხმა უნდა იცოდეს, ქვეყანა რას აწერს ხელს და რას უნდა ველოდოთ ამ ხელშეკრულებით.
„ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსთვის დამღუპველია, რადგან ეს მხოლოდ იმპორტს ნიშნავს. ეს საფრთხე მანამ იქნება ძალაში, სანამ ქართული წარმოება არ შეიქმნება. ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ქვეყანა რას აწერს ხელს და პარაფირების ხელშეკრულებით რას უნდა ველოდოთ.
ჩვენი და უკრაინის შემთხევვა, ერთი და იგივე არ არის. უკრაინას გარანტირებული მეგობრობის ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერა ხელი, საქართველო კი „ხომ არ გვემეგობრა“ ხელშეკულებაზე აწერს ხელს“, - განაცხადა არეშიძემ.
რასაკვირველია, ამ მოსაზრებას ოპონენტები გამოუჩნდებიან, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილი რომ ყველაზე ბუნდოვანია ფართო საზოგადოებისთვის, ეს აშკარაა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო მსგავსი შეთანხმებებისგან ეკონომიკური განხრით, ფაქტობრივად, ვერაფერს იღებს. მაგალითად, უკვე რამდენიმე წელია ჩვენ ევროკავშირთან ვაჭრობის სპეციალური შეღავათიანი სისტემით (ჯიესპი პლუსი) ვსარგებლობთ და საშუალება გვაქვს 7200 დასახელების პროდუქტი ნულოვანი საბაჟო განაკვეთით ევროკავშირში შევიტანოთ, მაგრამ აქედან შედეგი მიზერულია.