თანაინვესტირების ფონდი ჯერ ხეირიანად არ შექმნილა და მის მიმართ გარკვეული უნდობლობა უკვე გაჩნდა. საქმე ეხება მის დამფუძნებლებსა და მხარდამჭერებს. უკვე ცნობილი ინვესტორებიდან ზოგიერთი მათგანის იმიჯი და საერთაშორისო რეპუტაცია ძალიან საეჭვოა.
თანაინვესტირების ფონდის შესახებ, დეტალური ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ მოიძია“. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ახალ თანაინვესტირების ფონდში, სხვა ინვესტორების პარალელურად, თავისი ქონებიდან 1 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდებას აპირებს. ფონდში თავმოყრილი ქონების 80% მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციად ჩაიდება.
„მიუხედავად იმისა, რომ თანაინვესტირების ფონდ კერძო ინვესტორები და არა სახელმწიფო აფინანსებს, როგორც ჩანს, იგი შიდა ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რაც კი „კოალიცია ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წლის მანძილზე გამოცხადებულა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის წერილში.
თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ ფონდი ყოველწლიურად 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას მოახდენს. მას აქვს მიღებული მასთან თანაინვესტირების მსურველი 80 კერძო ინვესტორის შემოთავაზება. თუმცა თანაინვესტირების ფონდი არ ასაჯაროებს დეტალურ ინფორმაციას მისი პროექტების შესახებ და არც ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებას აპირებს. როგორც ფონდში ამბობენ, უკვე შერჩეულია 10 პროექტი, რომელიც კომპლექსური შემოწმებისა და განხორციელების სტადიაზეა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, თანაინვესტირების ფონდს რთული მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურა აქვს: იგი კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული და მას სრულად ფლობს სუბიექტი ჰონგ-კონგიდან, რომელსაც, თავის მხრივ, სრულად ფლობს სუბიექტი ლუქსემბურგიდან, რომელიც, საბოლოო ჯამში, აფინანსებს თანაინვესტირების ფონდის პროექტებს.
ფონდს ქართული კომპანია GCF PARTNERS მართავს, რომლის წილთა 42% ეკუთვნის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს - 28 წლის გიორგი ბაჩიაშვილს, 16% - ლევან ვასაძეს, ხოლო 42% - უჩა მამაცაშვილს. როგორც ბაჩიაშვილის განმარტავს, “ვასაძე და მამაცაშვილი მართვის კომპანიის აქციონერები არიან. მათ არ აქვთ რამე აქტიური შეხება ან წვდომა იმ ფულად სახსრებზე, რომლებსაც GCF PARTNERS მართავს”. მისივე თქმით, მრჩეველთა საბჭოს ინფორმაცია განახლდება და მას სესხების გაცემის, პროექტების მიმდინარეობისა და აუდიტორთა დანიშვნა-გათავისუფლების, ასევე, ნებისმიერი სახის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტების გადაჭრის ფუნქციები დაეკისრება.
ბაჩიაშვილის თქმით, თანაინვესტირების ფონდის მხარდამჭერები არიან კომპანიები არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან, ასევე, ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე მაშკევიჩი და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი. რაც შეეხება კომპანიებს ესენია - „დაბი ჯგუფი“, „რას ალ ხაიმას“ საინვესტიციო სამმართველო, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდი, ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი, „ჩალიკ ჰოლდინგი“, „მაილსტოუნ ინთერნეიშენელ ჰოლდინგს გრუპი“ (ჩინეთი). ფონდში არ აკონკრეტებენ თუ რა თანხას ჩადებს თითოეული ინვესტორი ფონდში.
და როგორც გაირკვა, სწორედ აქ არის პრობლემა. დასახელებული ინვესტორებიდან ზოგიერთი მათგანის იმიჯი და საერთაშორისო რეპუტაცია ძალიან საეჭვოა. ისინი შემჩნეულნი არიან დიქტატორებთან მჭიდრო საქმიან ურთიერთობებში და ფულის გათეთრებაში.
მაგალითად, „ჩალიკ ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და ამჟამინდელი თავმჯდომარე აჰმედ ჩალიკს ახლო ბიზნეს და პოლიტიკური კავშირი ჰქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვთან (თურქმენბაში), რომელიც სიცოცხლის ბოლომდე (2006 წელი) მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტოტალურ, რეპრესიულ და ექსცენტრიულ დიქტატორად მიიჩნეოდა. 2004 წლამდე თურქმენბაშის რეჟიმის დროს აჰმედ ჩალიკს არაერთი პოლიტიკური თანამდებობა ეკავა, მათ შორის, საფეიქრო მრეწველობის მინისტრის, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლისა და თურქმენეთის ენერგორესურსების საერთაშორისო მარკეტინგის მრჩევლის თანამდებობები.
თურქმენეთი, ამჟამად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსში 176 ქვეყანას შორის 170-ე ადგილზეა. ცნობისათვის, 2007 წელს „ჩალიკ ჰოლდინგის“ აღმასრულებელ დირექტორად 26 წლის ბერატ ალბაირაკი დაინიშნა, რომელიც თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სიძეა.
კიდევ ერთი ინვესტორი - ალექსანდრე მაშკევიჩი, მილიარდერი ყაზახეთის სამთო სექტორიდან გახდა. 2011 წლის ივნისში ბელგიის სახელმწიფო პროკურორმა მაშკევიჩსა და მის ორ ბიზნეს პარტნიორს, ჯარიმის სანაცვლოდ, ფულის გათეთრებისა და თაღლითობის ბრალდება მოუხსნა. ბელგიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მიმდინარე საქმე იყო.
„ინვესტორებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან საუბრისას გაირკვა, რომ ისინი უფრთხიან რეპუტაციასთან დაკავშირებულ იმ რისკებს, რომლებიც თანაინვესტირების ფონდის ზოგიერთი ინვესტორის გვერდიგვერდ ინვესტირებამ შეიძლება გააჩინოს“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ში, თუმცა ამ რისკებს თვითონ თანაინვესტირების ფონდში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.