დღეს, თავდაცვისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი თავდაცვის სამინისტროში ორი უწყების ხელმძღვანელმა, ირაკლი ალასანიამ და დავით სერგეენკომ მოაწერს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ: „თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ისედაც მყარი იყო, მაგრამ, დღევანდელი მემორანდუმის გაფორმებით ამ ურთიერთობების სრული ინსტიტუციონალიზაცია მოხდა. მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, მინისტრს, ბატონ სერგეენკოს, რადგან, ჯარის სატკივარს ყოველთვის განსაკუთრებული გულისხმიერებით ეპყრობოდნენ და გვეხმარებოდნენ პრობლემების გადაწყვეტაში. მინდა მივულოცო ორივე სამინისტროს ამგვარი მემორანდუმის გაფორმება.“
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სეერგეენკომ ორ უწყებას შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა: "დღეს, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც შინაარსობრივად და თავისი შემადგენლობით კიდევ უფრო აკონკრეტებს, უნიფიცირებულს და ორგანიზებულს ხდის არსებულ თანამშრომლობას სამინისტროებს შორის. ეს თანამშრომლობა არ მოიაზრება მხოლოდ საომარი მოქმედებების დროს, არამედ ძირითადად მშვიდობიან დროს. ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაუმჯობესებას."
მემორანდუმის გაფორმების საფუძველს, სამხედრო სამედიცინო სამსახურისა და სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემის კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობის მიზნით, სამშვიდობო და საომარი ან საგანგებო სიტუაციების დროს ოპერატიული და სტრატეგიული სამედიცინო მომსახურების ზოგადი კოორდინაციის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ურთიერთთანამშრომლობის მიზანია: საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს დაზარალებულ პირთა დროული და ეფექტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, საველე პირობებში სამედიცინო სერვისის მიწოდების ერთობლივი დროული და ადეკვატური მომსახურების უზრუნველყოფა, ერთობლივი ურთიერთშეთანხმებული სამოქმედო გეგმების შედგენა და წარმოება;
საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიული სამედიცინო მარაგების ერთობლივი განკარგვა, ასევე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ძალებისა და საშუალებების გამოყენება;
მემორანდუმში გათვალისწინებულია სამედიცინო პერსონალის გადამზადების უზრუნველყოფაც.
მემორანდუმის ფარგლებში, სამხედრო სამედიცინო სამსახურისა და ჯანდაცვის სისტემის კოორდინირებული მუშაობისათვის, უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია ჩამოყალიბდება.