ზაქარია ქუცნაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობასთან ერთად, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლის თაობაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს განცხადებით უკვე მიმართა.
ზაქარა ქუცნაშვილი ამ დრომდე თავს იკავებს მასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების კომენტირებისა და შეფასებისგან. ქუცნაშვილი ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს. დეპუტატს ჯერ არ გადაუწყვეტია, დარჩება თუ არა წევრის სტატუსით ინტერფრაქციული ჯგუფის შემადგენლობაში.
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებაზე ზაქარია ქუცნაშვილის გადაწყვეტილების მიზეზებზე საპარლამენტო უმრავლესობაში არ საუბრობენ. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, ქუცნაშვილის გადაწყვეტილება მისთვის ცნობილია, თუმცა მიზეზები, ალბათ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„როგორც ჩანს ქუცნაშვილმა ეს თანამდებობა საკუთარი სურვლით დატოვა. არა მგონია მას ინტერფრაქციული ჯუფის ხელმძღვანელობა გაჭირვებოდა, თუმცა, ზოგადად, პარტიებთან მუშაობა საკმაოდ რთულია. ამის შესახებ უფრო ვრცლად ქუცნაშვილი თავად ისაუბრებს“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
როგორც ცნობილია, ზაქარია ქუცნაშვილი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე გია ვოლსკიმ ჩაანაცვლა. თავად ქუცნაშვილი კი ამბობს, რომ ამ საკითხზე შეკითხვა გადაწყვეტილების მიმღებებს უნდა დავუსვათ და არა მას. მისი თქმით, საქმის კეთება ნებისმიერი პოზიციიდან შეიძლება, მთავარია საქმეს წესიერებით მოეკიდო.
ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ ფრაქციაში გარკვეული გადაადგილებები მოხდა და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის.
„გია ვოლსკი არის ძალიან აქტიური, პოლიტიკურად გამოცდილი. რა თქმა უნდა, ზაქარია ქუცნაშვილს აქვს თავისი დადებითი, ყოველ შემთხვევაში, ორივე არის ჩვენი ფრაქციის წევრი“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
კულუარებში კი უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ქუცნაშვილი „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას შეეწირა. არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაპირისპირების მეორე მხარეს უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე დგას, თუმცა ოფიციალურად ამ თემაზე ქუცნაშვილი ჯერჯერობით არ საუბრობს.
„ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ“, - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.
„ქართულ ოცნებაში“ რომ შიდა დაპირისპირებაა, ამას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თავად ადასტურებენ, თუმცა კომენტარისგან თავს იკავებენ. უმრავლესობის წევრებთან პრობლემები აქვს, ასევე უმრავლესობის წევრს დავით ლორთქიფანიძეს, როგორც თავად ამბობს, იგი გარკვეულ საკითხებზე საკუთარ პოზიციებს ხმამაღლა აფიქსირებს.
„ვეწინააღმდეგებოდი კოაბიტაციის იმ მახინჯ ფორმას, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გავიარეთ და ვეწინააღმდეგებოდი იმას, რომ ვანის რაიონში „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ზეობაშია და ისევ აგრძელებენ პარპაშს. ამასთან დაკავშირებით მე მქონდა ჩემი პოზიციები. თუ ვინმეს ჩემი განცხადებები დისკომფორტს უქმნის და ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრმა არაფერი უნდა თქვას, მაშინ გასარიცხი კი არა, დასახვრეტი ვყოფილვარ, რადგან მე მგონია, რომ ჩვენ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვედით“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
ლორთქიფანიძისგან განსხვავებით მმართველი კოალიციას ტოვებს „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შემდეგ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრის მანდატზე უარს არ იტყვის და მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აპირებს.
„20 წელზე მეტია, პოლიტიკაში ვართ და ყველასთვის ცნობილია, ჩვენი საგარეო პოლიტიკური ხედვების შესახებაც. ჩვენი პარტია მკვეთრად გამოხატული დასავლური ღირებულებებისკენაა მიმართული და შესაბამისად, საგარეო პოლიტიკური კურსიც ევროპულია. თუ ხელისუფლება დააპირებს ამ კურსიდან გადახვევას, ამაზე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეს თქმით, ზოგადი გადმოსახედიდიან თუ შევხედავთ მოვლენებს, დიდი გაკვირვება არ უნდა გამოვხატოთ.
„ამდენი ხელისუფლება ვნახეთ, გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი. დავაკვირდეთ როგორ მიდიოდა იქ პროცესები - როდესაც ძალიან ძლიერად გრძნობდა თავს პოლიტიკური პარტია, მისი ერთი ჯგუფი, რომელიც კიდევ უფრი ძლიერად თვლიდა თავს, ყოველთვის ცდილობა თავიდან ჩამოეშორებინა ისინი, ვინც ამ ჯგუფში არ იყვნენ.
თავის დროზე, რაღაცა ანალოგიურმა შიდა დაპირისპირებებმა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა ქვეყანა და ასეთი შიდა პროცესების არსებობა ძალიან ნუ გაგვიკვირდება. შეიძლება არსებობდეს შიდა პროცერსები და ამ შიდა პროცერსების გამოვლენა შეიძლება იყოს ის, რასაც ქუცნაშვილის თემა შეიძლება ეწოდოს“, - ამბობს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, ამ პროცესში საყურადღებოა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, მთელი წლის განმავლობაში როგორიც იყო მმართველი პარტია, დღეს უკვე ასეთი აღარ იქნება. ლიდერი შეიცვალა და ბუნებრივია, რომ შიდა პოლიტიკური კლიმატიც აბსოლუტურად სხვა იქნება.
„აი ამ ეტაპზე პოლიტიკური პარტიისთვის ყველაზე საფრთხილოა, რომ შეცდომები არ დაუშვას. როცა მას მიაჩნია, რომ გაიმარჯვა, ყველაფერი დამთავრებულია და თამაშობს ისე, როგორც მოესურვება. მეფეებიც კი შეცდომებს მაშინ უშვებდნენ, როცა თვლიდნენ, რომ მათ ყველაფერი შეეძლოთ, მეფებსაც კი არ შეუძლიათ ყველაფერი. თუ ბევრი შეცდომა დაუშვეს მმართველობაში, მერე ეს შეცდომა უბრუნდებათ. თუ შიდა ერთიანობას არ გაუფრთხილდნენ, მომავალში „ქართულ ოცნებას“ ეს საკმაოდ ძვირად დაუჯდება, რაც საყურადღებოა ქუცნაშვილითან მიმართებაში“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.