ათი წლის წინ, ამერიკაში განსწავლული 35 წლის იურისტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პარლამენტისაკენ მსვლელობას ჩაუდგა სათავეში, რომელმაც შემდეგ ამ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში კორუმპირებული და ავტოკრატიული რეჟიმი დაამხო და ევრაზიაში ლიბერალური დემოკრატიული ტალღის მაცნედ იქცა. „ვარდების რევოლუციას“ უკრაინული „ნარინჯისფერი რევოლუცია“ მოჰყვა; მამაცი და ქარიზმატული სააკაშვილი მალე საქართველოს არჩეული პრეზიდენტი გახდა და პროდასავლური გარდაქმნების სიმბოლოდ იქცა, თანაც მოსკოვში მას ზუსტად იმდენადვე ვერ იტანდნენ, რამდენდაც ეტრფოდნენ ვაშინგტონში.
ათი წლის შემდეგ ტალღამ უკან დაიხია. გასულ კვირაში უკრაინამ ისეთივე ბანდიტი პოლიტიკოსის ხელმძღვანელობით, როგორიც „ნარინჯისფერმა რევოლუციამ“ დაამხო, უარი თქვა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე და პუტინის კრემლს მიეკედლა. მან სომხეთს მიბაძა, რომელიც ამ შემოდგომაზე დანებდა პუტინის დესპოტურ ზეწოლას. მხოლოდ საქართველო და მოლდავეთი მუშაობენ ევროკავშირთან შეთანხმებაზე და მიისწრაფვიან დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის განვითარებისაკენ, რასაც ეს შეთანხმებები მოითხოვს.
რაც შეეხება სააკაშვილს, ის დაუბრუნდა იმას, რითაც აშშ-ში დაიწყო, დაასრულა რა გასულ კვირაში თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადა, ერთი წლის თავზე მას მერე, რაც მისი პარტია სერიოზულად დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში. ის ამ ეტაპზე მიუღებელია სამშობლოშიც და ვაშინგტონშიც, რომელიც ობამას ეპოქაში აღარ უთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს. მეტიც, საქართველოს მყიფე კურსი ევროპისაკენ მოითხოვს იმას, რომ ექსპრეზიდენტი ქვეყნის მიღმა, უცხოეთში იყოს, რათა ავტოკრატიისკენ მიდრეკილმა მთავრობამ, რომელმაც ის შეცვალა, სააკაშვილი არ დააპატიმროს.
„ჩემ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ თუკი მე დამიჭერენ, ეს იქნება საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის დსასრულის ნიშანი“, მითხრა სააკაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს გასულ კვირაში. ის არაფერს არ აზვიადებს: მხოლოდ მისი ნებაყოფლობითი დევნილობაა იმის გარანტი, რომ იგი არ გაიზიარებს უკრაინის ყოფილი პრემიერის და „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ლიდერის იულია ტიმოშენკოს ბედს, რომლის პატიმრობამაც ევროკავშირს და უკრინას შორის უთანხმოება გამოიწვია.
ლიბერალური დემოკრატია ყოფილ საბჭოთა სივრცეში მოკვდა? შეძლებს თუ არა პუტინი საბჭოთა იმპერიის მსგავსი ფორმაციის აღდგენას თავისი ევრაზიული კავშირით?
სააკაშვილის აზრით, რომელიც ისეთი მხნეა, როგორც არასდროს, მოსკოვი ამას ვერ შეძლებს.
„როდესაც რადიკალურ რეფორმებს ატარებ, ყოველთვის იცი, რომ ვიღაც აუცილებლად მოვა და მოითხოვს ყველაფრის უკან დაბრუნებას“, ამბობს იგი. „ეს წრეა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი ამას ვერ შეძლებენ. ეს რეგიონი დასავლეთისკენ იხრება, მთავრობების მიუხედავად“.
სააკაშვილის აზრით, საქართველო, უკრაინა და სხვა ევრაზიული სახელმწიფოები ისეთივე კოჭლობით მიდიან დემოკრატიისა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ, როგორც წარსულში მათი მეზობლები, ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები, როგორიცაა პოლონეთი და უნგრეთი, 1990-იან წლებში. სხვაობა ის არის, რომ რუსეთი ბორის ელცინის კვაზიდემოკრატიიდან პუტინის შეუწყნარებელ და ნეოიმპერიალისტურ რეჟიმზე გადავიდა.
პუტინი აშინებს ყველა მეზობელს სავაჭრო ემბარგოთი ან, საქართველოს შემთხვევაში, სამხედრო ზეწოლით და მაცდუნებელ წინადადებებს სთავაზობს მმართველებს, რომელთა ერთგულება ლიბერალიზმის მიმართ შეიძლება ვაჭრობის საგანი იყოს. „პუტინის რბილი ძალა – კორუფციაა“, ამბობს სააკაშვილი. „თუკი თქვენ ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ, ამისთვის მტკივნეული რეფორმების ჩატარება გჭირდებათ. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისათვის აუცილებელია მხოლოდ ის, რომ იყოთ სუსტი, კორუმპირებული და პუტინის მანიპულირებისათვის მოწყვლადი. შეიძლება ჩაახშოთ ოპოზიცია და ამისთვის შექება დაიმსახუროთ“.
ამერიკის შეერთებული შტატები – სხვაა. 1990-იან წლებში კლინტონის ადმინისტრაცია აქტიურად უბიძგებდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ნატოს და ევროკავშირისაკენ. ახლა პუტინი მოქმედებს, აშშ კი გვერდზე გადგა. „რუსეთი ძალიან ძლიერი არ არის – ეს ამერიკული სისუსტის და გვერდზე დგომის ეფექტია. ახლა რუსეთს მიაჩნია, რომ რაც არ უნდა აკეთოს ჩვენს რეგიონში, ამერიკას რეაქცია არ ექნება“.
ჯერ-ჯერობით საქართველო პროდასავლურ კურსს ადგას, მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სათავეში ედგა სააკაშვილის დამხობას, მიანიშნებდა, რომ შეიძლება განიხილოს ევროაზიულ კავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ქართველთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ევროკავშირს, ხოლო ბოლო ათი წლის განმავლობაში სააკაშვილის მიერ შექმნილი ინსტიტუტები, მდგრადი აღმოჩნდა. სასამართლოებმა უარი უთხრა ახალი მთავრობის მიერ ინიცირებულ პოლიტიკურ საქმეებს.
თავად სააკაშვილის მთავრობას ხშირად ადანაშაულებდნენ მოწინააღმდეგეების ჩახშობაში; მისი მარცხი არჩევნებში ნაწილობრივ აიხსნება პატიმრების მიმართ ცუდ მოპყრობასთან დაკავშირებული სკანდალით. ახლა ექსპრეზიდენტი მზადაა „შეცდომები“ აღიაროს: „ყოველთვის არსებობს მეტი ძალაუფლების მოხვეჭის ცდუნება. დემოკრატიული განზრახვებით მოსული ადამიანები, თავიდან ცდილობენ მოიპოვონ რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება, რადგან მიაჩნიათ, რომ კეთილი მიზნები აქვთ“.
„მაგრამ აქედან ისინი გაკვეთილს სწავლობენ. მომდევნო ჯერზე, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ ჩვენ უზრუნველვყოფთ მკაფიო დემოკრატიულ პრაქტიკას – გამჭვირვალე თავისუფალ მედიას, გამჭვირვალე დემოკრატიულ დებატებს, დემოკრატიის უფრო მაღალ დონეს“.
სააკაშვილი წინასწარმეტყველებს, რომ საბოლოო ჯამში რეფორმატორები დაბრუნდებიან საქართველოში. ახლახანს ჩატარებულ არჩევნებში მისმა პარტიამ მის გარეშე ხმების 22% მიიღო – ეს საკმარისია გადარჩენის და გადაწყობისათვის. იმავდროულად, ის აშშ-ში კვლავ ანონიმური სტუმრის როლშია.
„ეს ძალების მოკრებვაში გეხმარება“, ამბობს ის. „მე ფაქტობრივად ცარიელი ფურცლიდან ვიწყებ. არ დავღლილვარ და არ მჭირდება დასვენება. მაგრამ ჩემმა ხალხმა უნდა დაისვენოს ჩემგან“.
foreignpress.ge