უკრაინაში მიმდინარე პროცესები, საქართველოს პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა

უკრაინაში მიმდინარე პროცესები, საქართველოს პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა

უკრაინაში მიმდინარე პროცესები, საქართველოს პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა. პოლიტიკური ძალები რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. უმცირესობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, უკრაინაში განვითარებული მოვლენებია შეფასებული და მასში აქცენტი გაკეთებულია იმ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ზეწოლაზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის მიმართ ახორციელებს. მმართველი ძალის დოკუმენტში კი, ყურადღება ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზეა გამახვილებული.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული ოთხპუნქტიანი გეგმა ჩავარდა, უმრავლესობის რეზოლუცია კი, 66 ხმით იქნა მიღებული, რომლის გათვალისწინებითაც, ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა საჭირო ზომა მიიღოს, რათა 2014 წელს, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა განხორციელდეს.

ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში, აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს.

„გვწამს და გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, დემოკრატიული სამყარო, გააძლიერებს ძალისხმევას აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მხარდასაჭერად და მათი სუვერენულობის დასაცავად. იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს სრულყოფილი არჩევანის თავისუფლება ექნებათ“, - აღნიშნულია უმრავლესობის მიერ მიღებულ დოკუმენტში, რომელსაც ნაციონალებმა მხარი არ დაუჭირეს.

კონსულტაციების წარმოების მიუხედავად, უმცირესობამ პარლამენტიდან საკუთარი დოკუმენტის გაწვევაზე უარი განაცხადა და ხელისუფლებას მოუწოდებდა ექვსპუნქტიან რეზოლუციას ერთი პუნქტი დამატებოდა, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ „რუსეთს არ აქვს უფლება ჰქონდეს გავლენის სფეროები და შეაფერხოს მეზობელი ქვეყნების სვლა ევროპისაკენ“.

ნაციონალების აღნიშნული რეკომენდაცია უმრავლესობამ არ გაიზიარა და მათი განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ „დიპლომატიური და გაწონასწორებული“ დოკუმენტი მიიღო.

როგორც for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტი პარტიული ხასიათის განცხადებაა, რადგან მათ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა არ აქვთ.

„პარლამენტი ასეთ განცხადებას ვერ მიიღებდა, რადგან დოკუმენტის პათოსი მიუღებელია. უწყების მიერ დამტკიცებული რეზოლუცია დიპლომატიური და დაბალანსებულია. ნაციონალების მიერ მომზადებული დოკუმენტი კი, პიარული. არ მინდა ვიფიქრო, რომ ისინი მარტო პოპულიზმით არიან დაკავებულნი, მაგრამ მთელი დღეა, ნარინჯისფერი სახვევებით დადიან და უკრაინულ დროშებს აფრიალებენ. განცდები ჩვენც გვაქვს, მაგრამ ამას არ გამოვხატავთ“, - აცხადებს აბაშიძე, რომლის მსგავსადაც, ნაციონალების კრიტიკას არ იზიარებს ეკა ბესელია და პირიქით, მათ გივი თარგამაძის უკრაინაში ჩასვლის ფაქტს ახსენებს.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ისე ვერ მოიქცევა, როგორც გივი თარგამაძე, რომელმაც უკრაინაში რაზმი გადასხა“.

კანონმდებელის განცხადებით, ქვეყნისთვის კატასტროფის მომტანი ის ქმედებები იყო, რის გამოც, ამერიკის ყოფილმა ელჩმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ქმედება პოლიტიკური სიგიჟე იყო.

„უკრაინის სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს პატივს ვცემთ, მაგრამ ისე ვერ მოვიქცევით, როგორც თქვენ მოიქეცით უკრაინაში, როდესაც ბატონმა თარგამაძემ რაზმი გადასხა და ლამის დაპირისპირებამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა უკრაინის სახელმწიფოსთან. ნაციონალებს თუ ახსოვთ, მაშინ ქვეყანა საერთაშორისო სკანდალში გაეხვია“, - აცხადებს ბესელია, რომლის გუნდსაც უმცირესობა „რუსული კომპლექსების“ არსებობაში ადანაშაულებს.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, უკრაინის მიმართ რუსულ ზეწოლაზე ევროპელი ლიდერები საუბრობენ, საქართველოს ხელისუფლება კი, „სირაქლემას პოზაში“ ყოფნას ამჯობინებს.

„უმრავლესობამ რუსეთის ზეწოლა როგორც არ უნდა შეაფასოს, ამ ფაქტზე თვალის დახუჭვა სირაქლემას პოზიცია იქნება, რადგან რუსულ შანტაჟზე დასავლელი ლიდერები საუბრობენ. რუსული კომპლექსები უნდა დავძლიოთ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ“, - განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა, რომლის პათოსსაც გოკა გაბაშილიც იზიარებს.

დეპუტატი თვლის, რომ საქართველოს პარლამენტი რუსეთის ხსენებას ვერ ბედავს.

 „პარლამენტში რთული ვითარება შეიქმნა. ჩვენი თხოვნა იყო, რომ ტექსტში ჩაეწერათ - „რუსეთს არ აქვს უფლება ჰქონდეს გავლენის სფეროები და შეაფერხოს მეზობელი ქვეყნების სვლა ევროპისაკენ“. პარლამენტი ამ რბილი ჩანაწერის გაკეთებასაც კი მოერიდა, რაც იმას აჩვენებს, თუ რა დღეშია ხელისუფლება. უმრავლესობამ რუსეთის ხსენება ვერ გაბედა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა არ გამოუცხადა, მაშინ, როცა მათ ევროკავშირის ქვეყნები თანადგომას უცხადებენ. ეს როგორი პარადოქსული და სკანდალური ვითარებაა, ხელისუფლებამ იცის?!“, - განუცხადა for.ge-ს გაბაშვილმა, რომლის საპასუხოდაც, ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ნაციონალების რეკომენდაციის გათვალისწინებას აპირებდა, მაგრამ უმცირესობა დათმობაზე არ წავიდა.

კანონმდებელის ინფორმაციით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ოთხპუნქტიან დოკუმენტს უკან გაიწვევდა, უმრავლესობა მათ მიერ დაყენებულ წინადადებას გაითვალისწინებდა.

„შეთანხმებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ისინი დათმობაზე არ წავიდნენ. მათი განცხადების პათოსი სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევას ნიშნავს, რაც არადიპლომატიური ნაბიჯია. რასაც საქართველო აკეთებს, ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი და ქვეყანა ევროპის გზაზე პირველ ნაბიჯს გადადგამს“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.

რაც შეეხება ნაციონალების ოთხპუნქტიან დოკუმენტს, მასში აღნიშნული იყო, რომ საქართველო გამოხატავს შეშფოთებას, უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ, უკრაინის ხელისუფლებაზე ბოლო თვეების განმავლობაში, განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟის გამო.

მართალია, პარლამენტში ნაციონალების ოთხპუნქტიანი დოკუმენტი ჩავარდა, მაგრამ ოპოზიციონერები საკუთარ განცხადებას პარტიის პოზიციის სახით გაავრცელებენ.