მმართველი ძალის რიგებიდან კადრების გადინება გრძელდება. კობა დავითაშვილის შემდეგ, უმრავლესობის რიგებს „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე ტოვებს, რომელიც საკუთარ „მუქარას“ ასრულებს. დეპუტატი კოალიციიდან წასვლას დეკემბერში გეგმავს, თუმცა, მანამდე, „სერიოზულ მომზადებას“ აპირებს, რომ გადაწყვეტილების თაობაზე, საქმის კურსში ევროპელი კოლეგები ჩააყენოს.
ამ ეტაპზე, გია გაჩეჩილაძეს გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბარი არ სურს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ „ეს წმინდა პოლიტიკური მოტივია“.
თუ რას გულისხმობს „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი „წმინდა პოლიტიკურ“ საკითხებში, ამის დანამდვილებით თქმა ძნელია, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, გია გაჩეჩილაძე თანაგუნდელებს პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების გამო დაუპირისპირდა.
კერძოდ, გაჩეჩილაძემ „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული რეგულაციები გააკრიტიკა, რომლის გათვალისწინებითაც, საბიუჯეტო დაფინანსება მხოლოდ 14-მა პარტიამ მიიღო, რომელთაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში გადალახეს - 4 პროცენტიანი ბარიერი ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში - 3 პროცენტიანი ბარიერი.
ამჟამად, „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი კოალიციის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად დაფინანსების საკითხს გამორიცხავს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ, მისი მუქარის მიზეზი, რომ უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დატოვებდა, სწორედ დაფინანსება გახდა.
თავის დროზე, გაჩეჩილაძის პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო და „მწვანეთა პარტიამ“ საბიუჯეტო დაფინანსების სახით, ვერც 300 ათასი ლარი მიიღო და ვერც 150 ათასი ლარი, მაგრამ როგორც ჩანს, გია გაჩეჩილაძე საკუთარი „მუქარის“ სისრულეში მოყვანას აპირებს.
გაჩეჩლაძის ინფორმაციით, 15 დეკემბერს, „მწვანეთა პარტიის“ პოლიტიკური კომიტეტი შეიკრიბება, გადაწყვეტილებას მიიღებს და მიზეზებს პრესკონფერენციაზე განმარტავს.
„განცხადება გავაკეთეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ და ვილნიუსის სამიტის შემდეგ, უმრავლესობას დავტოვებდით. რატომ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას 15 დეკემბრამდე? - ჩვენი პარტიის წევრების ნაწილი ბრიუსელშია და უნდა შევიკრიბოთ. გვინდა, რომ სერიოზულად მოვემზადოთ, რათა ჩვენი ევროპელი კოლეგები საქმის კურსში ჩავაყენოთ იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რის გამოც ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. დაფინანსება არაფერ შუაშია, რადგან ეს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, - განუცხადა for.ge-ს გაჩეჩილაძემ, რომელმაც ჩვენი მცდელობის მიუხედავად, არ დააკონკრეტა ის, თუ რას გულისხმობს - „წმინდა პოლიტიკურ მიზეზებში“.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი კითხვის შემდეგ, გია გაჩეჩილაძემ ჩვენთან საუბარი აღარ ისურვა, თუმცა, მოგვიანებით, პლენარულ სხდომაზე ყურადღება გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, პროდუქტს ეტიკეტი ჰქონდეს მითითებული გენმოდიფიცირებულია თუ არა საკვები.
„ეს კანონპროექტი თაროზეა შემოდებული. დოკუმენტებში ვრცლად არის მითითებული სოფლის მეურნეობაში რატომ უნდა აიკრძალოს გენმოდიფიცირებული თესლები, რადგან ის საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის. მესმის, რომ ეს კანონპროექტები წინა ხელისუფლების დროს არ იქნა მიღებული, მაგრამ აზრზე არ ვარ, ახალ მთავრობას რა სჭირს, რომელიც ვალდებულია, რომ ეს კანონპროექტები მიიღოს. გარემოს დაცვის სამინისტროს მოვუწოდებ, რომ აღნიშნული კანონი სასწრაფოდ მიიღოს, რათა შემდგომში რამე უხერხულებას არ ჰქონდეს ადგილი“, - დასძინა გაჩეჩილაძემ, რომელიც, ალბათ, გენმოდიფიცირებული პროდუქტების საკითხს, კოალიციიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელებს და ამის შესახებ ევროპელ კოლეგებსაც აცნობებს.
გია გაჩეჩილაძის გადაწყვეტილებას შეფასებები მმართველ გუნდში უკვე მოჰყვა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მათთვის „მწვანეთა პარტიის“ ლიდერის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ აღმოჩნდა.
„თავისუფალი-დემოკრატი“ ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ კოალიციაში ყველამ თავისი კონტრიბუცია შეიტანა, მათ შორის, გია გაჩეჩილაძემ.
„მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გია გაჩეჩილაძე, მას ის წვლილი უნდა დავუფასოთ, რაც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეიტანა. „მწვანეთა პარტიის“ გადაწყვეტილების მოტივი არ ვიცი, მაგრამ მათ აქვთ უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეთ“, - განუცხადა for.ge-ს დოლიძემ, რომლის მსგავსადაც, „კონსერვატორმა“ გიგა ბუკიამ არ იცის, თუ რა მიზეზით ტოვებს უმრავლესობას გაჩეჩილაძე.
ბუკიას თქმით, გია გაჩეჩილაძემ უნდა განმარტოს ის მიზეზები, რის გამოც უმრავლესობიდან მიდის.
„მწვანეებმა“ კოალიციას მწვანე მინდორ-ველი შემატეს. როგორც ჩანს, გია გაჩეჩილაძე თვლის, რომ უმრავლესობაში თავისი რესუსრი ამოწურა და სხვა ფრონტზე აპირებს გადასვლას“, - განუცხადა for.ge-ს ბუკიამ.
თანაგუნდელების მსგავსად, რესპუბლიკელი გიგლა აგულაშვილი გია გაჩეჩილაძეს არ აკრიტიკებს და მას კოალიციაში საქმიანობისთვის პირიქით, მადლობას უხდის.
„სამწუხაროა, რომ გია გაჩეჩილაძემ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ჩვენთვის თითოეული ადამიანი ძვირფასია. გაწეული სამუშაოებისთვის ბატონ გიას მადლობას ვუხდი და არ ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება პოზიციების ცვლას გამოიწვევს, რადგან ასეთ შემთხვევაში ადგილი ექნება ბუტიაობას. ალბათ, გია ჯანსაღ პარტნიორად დარჩება“, - განუცხადა for.ge-ს აგულაშვილმა.
თუ რა გახდა „მწვანეთა პარტიის“ ლიდერის პროტესტის მიზეზი, ამას საზოგადოება დეკემბერში გაიგებს, მაგრამ საგულისხმოა ის, რომ კოალიციას დატოვებს არა „მწვანეთა პარტია“, არამედ გია გაჩეჩილაძე, რადგან პარლამენტში საკუთარი პარტიიდან მხოლოდ ის არის მოხვედრილი. მისი გადეპუტატება კი, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, რომელმაც კოალიციის საარჩევნო სიაში გაჩეჩილაძე პიროვნულად შეიყვანა.
ფაქტია, რომ უმრავლესობის რიგებს ის დეპუტატები ტოვებენ, რომლებიც საარჩევნო სიაში პიროვნულად მოხვდნენ. ასე მოხდა კობა დავითაშვილის შემთხვევაშიც, მას საკუთარი „მუქარა“, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში 3 პროცენტს ვერ აიღებდა, პარლამენტს დატოვებდა, უკან ცუდად დაუბრუნდა. დავითაშვილმა საკუთარ მანდატზე უარი არ თქვა, მაგრამ ამჟამად, ის პოლიტიკურ ჩრდილში დგას. ამის მიუხედავად, ის კუთვნილ ანაზღაურებას იღებს.