საქართველო და ევროკავშირი ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას მოახდენენ

საქართველო და ევროკავშირი ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას მოახდენენ

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ვილნიუსში 28-29 ნოემბერს გაიმართება. ქართული დელეგაცია ვილნიუსში უკვე გაემგზავრა. სამიტს ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო უხელმძღვანელებს. სამიტს ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე უმასპინძლებს. 6 პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენენ – საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი იური ლიენსა და ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი. 

სამიტზე საქართველო და ევროკავშირი მოახდენენ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას, რაც ითვალისწინებს პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ პოლიტიკურ ინტეგრაციას და შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპიზაციის პროცესს. გარდა ამისა, ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, 29 ნოემბერს ხელი მოეწერება ევროკავშირის სამოქალაქო მისიებსა და სამხედრო ოპერაციებში საქართველოს ჩართვის თაობაზე ჩარჩო ხელშეკრულებას.

საქართველომ ასევე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესრულების კუთხით, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამიტზე დადებითად იქნება შეფასებული. გარდა ამისა, სამიტზე დაფიქსირდება ევროკავშირთან სხვა პრიორიტეტულ სფეროში, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და განათლების სფეროებში დაახლოების კუთხით მიღწეული პროგრესი. სამიტზე შემუშავდება ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც მიღწეული პროგრესის შეფასებასთან ერთად განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პრიორიტეტებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ვილნიუსის სამიტს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის ისტორიული დატვირთვა აქვს. როგორც მაია ფანჯიკიძემ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ასოცირების შესახებ შეთანხმებას თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა.

„ვილნიუსი უმასპინძლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე სამიტს. იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე პარტნიორი წარმოაჩენს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით მიღწეულ პროგრესს, მას უწოდებენ ე.წ. შედეგების სამიტს. ვილნიუსის სამიტს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის ისტორიული დატვირთვა გააჩნია. სამიტზე საქართველო და ევროკავშირი მოახდენენ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას, რაც ითვალისწინებს პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ პოლიტიკურ ინტეგრაციას და შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპიზაციის პროცესს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ასოცირების შესახებ შეთანხმება ჩაანაცვლებს 1996 წელს ხელმოწერილ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და შექმნის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება ე.წ. ახალი თაობის შეთანხმებაა, რამდენადაც მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, იგი ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან და რეალურ მექანიზმებს. ძველ შეთანხმებასთან შედარებით, ასოცირების შესახებ შეთანხმება ყოვლისმომცველი და პოლიტიკურად და შინაარსობრივად უფრო ძლიერი დოკუმენტია, რომელსაც თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით, თუმცა ასოცირების შესახებ შეთანხმება არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას“, - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმების სათანადოდ აღსრულებაც, რაც გულისხმობს აღებული ვალდებულებების მიხედვით საქართველოს საკანონმდებლო სივრცის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე საქართველოს შესაბამისი ინსტიტუტების გაძლიერებას. ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი შესრულების ხელშეწყობის მიზნით უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის მხრიდან ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის დროული ამოქმედება, რაც ასევე გათვალისწინებულია შეთანხმებით. აღსანიშნავია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.

სამიტის პარალელურად ასევე დაგეგმილია საპარლამენტო ფორუმის, ბიზნესფორუმისა და სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციის „აღმოსავლეთ პარტნიორობა პოლიტიკური გამოწვევები და სამომავლო დღის წესრიგი სამოქალაქო საზოგადოებისთვის“ გამართვა.

როგორც ცნობილია, ასოცირების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2010 წლის ივნისში დაიწყო, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტზე 2011 წლის დეკემბერში. ოფიციალური ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 14 პლენარული სესია შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილზე, 6 რაუნდი ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სივრცეზე და 100-ზე მეტი ვიდეოკონფერენცია როგორც დარგობრივი თანამშრომლობის თავებზე, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.

ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებამდე, მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვაში ნათქვამია, რომ ვილნიუსში ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებით ვიწყებთ ევროკავშირში რეალური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით.

„ეს არის ჩვენი ხალხის მტკიცე ნება. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. საქართველოს სწრაფვას ევროპული ოჯახისკენ, ევროპული ცივილიზაციისკენ მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. როდესაც ჩვენი დიდი წინაპრები ევროპასთან კავშირების გაბმასა და დაახლოებაზე ზრუნავდნენ, ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. საქართველო ევროპული ქვეყანაა თავისი კულტურით, ისტორიითა და, რაც მთავარია, ღირებულებებით. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში ინტეგრაცია არის ერთადერთი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ევროპულ ქვეყნად.

მეგობრებო, აქვე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ თავად ასოცირების შესახებ შეთანხმება არ გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ იგი ევროკავშირთან დაახლოების იმდენად მაღალ დონეს ითვალისწინებს, რომ ფაქტობრივად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუქცევადი გახდება.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები“, - ამბობს პრემიერი.

მიმართვაში პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლება მუშაობს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით და, როდესაც ევროკავშირი შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაძლებელი გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება. 

„მინდა ხაზგასმით და მადლიერებით აღვნიშნო, რომ ევროპა მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, აგრეთვე განუხრელად განაგრძობს ჩვენს თანადგომას დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის საქართველოში, ელჩი ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად საქართველომ სწორი ნაბიჯების გადადგმა უნდა განაგრძოს.

„ველით ვილნიუსის სამიტს, სადაც საქართველო და მოლდოვა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გარანტიას მიიღებენ და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. ამისათვის საქართველომ სწორი ნაბიჯებით სვლა უნდა განაგრძოს“, - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით,ყველა ნაბიჯი, რომელიც გვაახლოებს და სრულად ინტეგრაციას გაუკეთებს საქართველოს ევროპაში, არის არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ უსაფრთხების ეფექტის მატარებელი.

„ითქვა და მე გავიმეორებ, როდესაც შეუქცევადი ხდება საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში, ევროკავშირში, ეს არის ის სიგნალი, რომელიც უნდა მივცეთ ჩვენს მოკეთეებს, მაგრამ პირველ რიგში, მოწინააღმდგეებს. ისინი დაინახავენ, რომ ვერანაირი ნაბიჯი მათი მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული, ამას ვერ შეაფერხებს და აქედან გამომდინარე ტონიც და საუბრის დღის წესრიგიც შეიცვლება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადება 6 პუნქტისგან შედგება და მასში ძირითადი ყურადღება ევროპის კავშირთან ასოცირებული შეთნხმების პარაფირებაზეა გამახვილებული. განცხადების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი უდასტურებს საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას სრულ მხარდაჭერას ვილნიუსის სამიტზე. ასევე გამოხატავს მზადყოფნას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა 2014 წელს განხორციელდეს საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში, ასევე, ევრონეტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის ფარგლებში. 

პრეზიდენტის მრჩეველი ვანო მაჭავარიანი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილისთვის ლიტვაში სტუმრობა, ქვეყნის მეთაურის რანგში, პირველი ვიზიტი იქნება და ქართული მხარე ამისთვის სერიოზულად ემზადება. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდნეტი ვილნიუსში ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებს გამართავს.

„საქართველოს ნება და გადაწყვეტილება არის ევროპასთან დაახლოება და, რა თქმა უნდა, იქნება გამოწვევები, ძალიან ბევრი გამოცდა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თემა, რომელიც შეეხება ევროპასთან ინტეგრაციას, ქვეყნის უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას, ეს უნდა იყოს ეროვნული კონსესუსის თემა და გიორგი მარგველაშვილი ამ კუთხით ძალიან აქტიურად იმუშავებს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.