პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აფხაზეთის რეგიონის ავტონომიური მთავრობის საქმიანობის პრინციპები იცვლება. ახალ სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს წარუდგინა, წერია, რომ კონფლიქტების მოგვარება საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების პრობლემატიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. პროგრამაში წერია, რომ ქართველმა, აფხაზმა და ოსმა ერმა ერთად უნდა მიიღოს უსაფრთხოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები და ზომები.
„კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარების საკითხებთან დაკავშირებულ პოზიციათა პრინციპული განსხვავების მიუხედავად, ქართველმა, აფხაზმა და ოსმა საზოგადოებებმა ერთად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა როგორც რეგიონის, ისე მომავალი თაობების უსაფრთხოებისათვის“, - ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.
ამასთან, პროგრამაში საუბარია იმაზე, რომ საჭიროა მხარეთა პოლიტიკური ექსპერტების დიალოგი, ბიზნესმენების, ჟურნალისტების, ფერმერების, ეკოლოგების, მედიცინის მუშაკების, სტუდენტებისა და სხვა „ინტერესთა ჯგუფების“ შექმნა. ასევე, აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე, რომლის მექანიზმიც ეუთოსა და გაეროს ფორმატში უნდა შეიქმნას.
მთავრობის სტრატეგიული ამოცანა კი კონფლიქტის მიმდებარე, სამეგრელოსა და შიდა ქართლის, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაა, რისთვისაც შეიქმნება სარეაბილიტაციო პროექტების ხელშეწყობის საგანგებო ფონდი. გარდა ამისა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული ნებისმიერი შეღავათითა და მომსახურებით თავისუფალი სარგებლობის უფლება ექნებათ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
„შეიცვლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ავტონომიების მთავრობების საქმიანობის პრინციპები. მათ ცენტრალური სტრუქტურებიდან გადაეცემათ დევნილებთან დაკავშირებული საკითხების მართვა, აგრეთვე არჩევნების გზით დაკომპლექტდება დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოები“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პროგრამაში.
სამთავრობო პროგრამის მიხედვით, კონფლიქტების მოგვარების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე თვლის, რომ კონფლიქტის მოგვარება რთული იქნება, თუ არ მოხდა ახლებური მიდგომების დემონსტრირება. ის ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა იმ ფორმით, რომელიც აქამდე იყო, ვერ უშველის ამ საქმეს, თუ არ მოხდა ახლებური მიდგომა.
„ახლებული მიდგომების დემოსტრირება უნდა მოვახდინოთ. მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა დევნილების თემა. მოგეხსენებათ, რომ დევნილების საკითხი სხვა საკითხებთან ერთად მიბმული იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. მე ვთვლი, რომ დევნილების თემა შესაძლებელია გამოტანილი იყოს ცალკე. დღეს მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ადამიანების უფლებები, საერთაშორისო ორგანიზაციებთნ შეთანხმებით, სწორედ, რომ ამ თემის პედალირება უნდა მოვახდინოთ.
ჩვენ ისეთი საკითხები უნდა დავაყენოთ, რომელიც აქამდე არ დაგვიყენებია აქტურად. მაგალითად, როგორიცაა ადამიანის უფლებების განუწყვეტლივი დარღვევა, ეს ეხება რუსეთის მოქალაქე ქართველებს, რომელებიც ვერ ახერხებენ თავის სამშობლოში თუნდაც დროებით ჩასვლას“, - აცხადებს არეშიძე.
მისივე თქმით, დევნილებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ გავიდნენ მათი წინაპრების სასაფლაოზე.
„ეს საკითხი განსაკუთრებულად ეფექტურია დღევანდელ საზოგადოებაში და საერთაშორისო ორგანიზაციაში. მე ვთხოვდი დღევანდელ ხელისუფლებას, რომ შევცავლოთ მიდგომები და უფრო აქტიურად ვიმოქმედოთ სამოქალაქო საზოგადოებისა სახალხო დიპლომატიის გზით“, - ამბობს ექსპერტი.
რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ავტონომიების მთავრობების საქმიანობის პრინციპების შეცვლას, რომლის მიხედვით, მათ ცენტრალური სტრუქტურებიდან გადაეცემათ დევნილებთან დაკავშირებული საკითხების მართვა, აგრეთვე არჩევნების გზით დაკომპლექტდება დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოები, მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ შეიქმნას პარალელური სტრუქტურა, მაგალითად, საკრებულოს დონის, იგივე სოხუმის მერია, გულირიფშის რაიონის საკრებულო.
„90-იან წლებში ვთხოვდი მაშინდელ ხელისუფლებას, რომ შექმნილიყო მმართველი ორგანო ცხინვალის რეგიონიდან დევნილთათვის, მაგალითად ცხინვალის მერია, მაშინ არ გაკეთდა, მაგრამ მერე გაკეთდა მახინჯი ფორმით, ის რაც დღეს არსებობს ადმინისტრაციის სახით, რომელსაც ჯერ უზარმაზარი ფუნქციები მისცეს და მერე ფუნქციები შეუზღუდეს, ისე, რომ ვერ გაიგებ რა საჭიროა ადმინისტრაცია. მე არ ვიცი რას გულისხმობდა ზუსტად ახალი პრემიერი ამ პუნქტებში, რომელზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, მაგრამ ესეც ახლებური მიდგომების და ინიციატივების ნაწილია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროექტებს, მისი თქმით ასეთი პროექტები არსებობს და მოიცავს ცხინვალის რეგიონის 84 სოფელს. როგორც არეშიძე ამბობს, ჯერჯერობით, მხოლოდ პირველი ნაბიჯებია გადადგმული, ინტენსიური მუშაობის ფორმატი უნდა შეიქმნას და სერიოზული თანხები უნდა დაიხარჯოს ამისთვის. რაც შეეხება აფხაზეთს, მისი თქმით, ანალოგიური პროექტის გაკეთება რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე იგეგმება.