„ფოთის პორტი ვერასდროს შეასრულებს ანაკლიის ფუნქციას“

„ფოთის პორტი ვერასდროს შეასრულებს ანაკლიის ფუნქციას“

ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობის გამოსაკვლევად მთავრობა 5 მილიონ დოლარს დახარჯავს. როგორც ექსპერტები განმარტავენ, ეს არ არის დიდი თანხა, თუკი გავითვალისწინებთ, რა პერსპექტივა აქვს საუკუნის პროექტად მიჩნეულ ანაკლიის პორტს.

ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, პორტის მიზანშეწონილობის კვლევა საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსდება და ამისთვის მსოფლიოში საუკეთესო კომპანიების მოზიდვა იგეგმება.

კერძოდ, საუკეთესო კომპანია შეისწავლის შავი ზღვისპირა სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კვანძის, საერთაშორისო აეროპორტის მიზანშეწონილობას. ეს კი სამომავლოდ საბანკო ინსტიტუტებში წარსადგენი დოკუმენტი გახდება. მინისტრის თქმით, მათ სჭირდებათ ძალიან მაღალი ხარისხის კვლევა და ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ უმაღლესი რანგის კომპანიები მოეზიდათ. უკვე ცნობილია, რომ ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობის კვლევას რამდენიმე თვე დასჭირდება.

For.ge-ს სურდა, ანაკლიის პროექტის ავტორს_სპარტაკ ერაგიას დაკავშირებოდა, თუმცა, ერაგია დღემდე აღნიშნული თემის კონკრეტიზაციისგან თავს იკავებს.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ანაკლიის ახალი პორტი პერსპექტივაში 180-200 მილიონი ტონის ტვირთის გადამუშავებას შეძლებს. ეს კი რამდენჯერმე უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული, ბათუმის, ფოთის, ყულევისა და სუფსის პორტები.

გარდა ამისა, უმთავრესი ის არის, რომ ანაკლიასთან გადის შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალქვეშა კანიონი. უფრო ზუსტად, ამ ადგილებში საზღვაო პორტის სიღრმე 20,5 მეტრია (მაშინ, როცა ბათუმში – 14 მეტრია, ფოთში – 8,5 მეტრი). ეს კი ნიშნავს, რომ ანაკლიის პორტში შესვლა შეუძლიათ დიდი ტვირთმზიდაობის გემებს, რომელთა დედვეიტი (ტვირთმზიდაობა) 50-150 ათას ტონას შეადგენს.

საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, რატომ მაინცდამაინც ანაკლია? ხომ არ ჯობდა, უკვე არსებული პორტებისთვის მიგვეხედა და თუნდაც ფოთის პორტის შესაძლებლობა გაგვეზარდა? ამ თემის შესახებ ექსპერტებს ვესაუბრეთ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე, რომლისთვისაც ანაკლიის პროექტი ვულკანური ინფრასტრუქტურული და ქართული საინჟინრო აზრის ბრწყინვალე ნაშრომია, აცხადებს, რომ ფოთის პორტის გადიდება-მოდერნიზაცია, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ფოთის პორტი არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას, არ შეიძლება მისი გაფართოება. უბრალოდ, დასაშვებია მისი მოდერნიზაცია იმ ადგილზე, სადაც არის. უფრო მეტიც, ფოთის პორტი ვერასდროს შეასრულებს ანაკლიის ფუნქციას და ეს სხვადასხვა ზომადი, აბსოლუტურად განსხვავებული სიდიდეებია. ამიტომ საუბარი იმაზე, ფოთის პორტის გაუმჯობესება ხომ არ გვეცადა, შეუძლებელია. თუმცა დემურ გიორხელიძე არ უარყოფს, რომ ფოთის პორტი უნდა გაკეთდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით, მაგრამ მას მაინც თავისი შეზღუდული ფუნქცია ექნება.

რაც შეეხება ანაკლიის უპირატესობას, ექსპერტი განმარავს, რომ, თუ ჩვენ გვინდა დიდი ფუნქციის შესრულება, ანუ სერიოზული სატრანსპორტო კვანძის შექმნა, ანაკლიის პროექტი უნიკალურია თავისი საინჟინრო გადაწყვეტით და მასშტაბით. ამიტომ ექსპერტი ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას იწონებს, რომელსაც სურს, დარწმუნდეს ამ პორტის უნიკალურობაში და ამისთვის 5 მილიონი დოლარი გაიღოს.

მით უმეტეს, რომ ეს არ იქნება მარტო ანაკლიის პორტი, არამედ საუბარია აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ სერიოზულ სატრანსპორტო კვანძზე. ფაქტობრივად, ხდება ოთხი სატრანსპორტო საშუალების კონცენტრირება ერთ ადგილზე და ამასთან, ამოქმედდება მილგაყვანილობაც. ასე რომ, დემურ გიორხელიძის აზრით, 5 მილიონი ნამდვილად ღირს ამ დიდი პროექტის რეალიზაციისთვის.

„უშუალოდ პორტი და მისი შემოგარენი, კონსტრუქციები ჯდება 5, 2 მილიარდ დოლარამდე, მთლიანად ინსფრასტრუქტურა კი,0 თითქმის 9 მილიარდამდე. ამ თანხის მოძებნა პრობლემა არ არის, მთავარია, მთავრობის სწორი პოზიცია და მათი პოლიტიკური ნება. მთავრობამ უნდა მიანიშნოს სახელმწიფოებს, რომ იგი დაინტერესებულია ასეთი მასშტაბური, ბრწყინვალე პროექტის რეალიზაციით. იმისთვის, რომ ამ პროექტის დასაფინანსებლად მოწვეულ იქნან ინვესტორები, დასავლეთში მიღებული სტანდარტებით, საჭიროა არა მხოლოდ ბიზნესგეგმა, არამედ ცნობილი აუდიტორული კომპანიის დასკვნებიც, რომელიც სერიოზულ შესწავლას ეფუძნება“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში და ფიქრობს, რომ ქართულმა მხარემ ხარკი უნდა გაიღოს ამ მიმართულებით.

კერძოდ, სავარაუდოდ, მთავრობა დაიქირავებს ცნობილ საკონსულტაციო ფირმებს, რომლებიც შეისწავლიან ამ პროექტის მასშტაბებს, მისი ფუნქციის რეალიზაციის შესაძლებლობებს და მიიღებენ დადებით დასკვნას პროექტის რეალიზაციისთვის. ამას კი ხელს შეუწყობს ამ პროექტის ცნობადობა როგორც ევროპაში, ისე ამერიკასა და აზიაში.

„სააკაშვილი ამ პროექტზე არ საუბრობდა. მართალია, წინა მთავრობამ იცოდა ამ პროექტის შესახებ, მაგრამ მათ აიკვიატეს ლაზიკა. სინამდვილეში, დიდი სხვაობაა ანაკლიის პორტსა და იმ უბადრუკ პროექტს შორის, რასაც ლაზიკა ჰქვია. ესენი შეუდარებელი მასშტაბის პროეტებია. სააკაშვილს შეეძლო, ანაკლიის პროექტის რეალიზაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გააკეთა. ეს პორტი უზრუნველყოფს ძალიან დიდი წყალწყვის გემების მიღებას, მათ შორის, დიდი კონტეინერული გადამზიდების მიღებას. ეს არის რამდენიმე ათეულ გემზე გათვლილი და არა მხოლოდ გემების მიღებაზე. აქ არის აეროპორტი, სარკინიგზო კვანძი და ეს არ არის მხოლოდ პორტი, ეს არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი“ - გვითხრა დემურ გიორხელიძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ფოთის პორტს თავისი პატრონი ჰყავს, ბიზნეს-კონგლომერატ „მაერსკის“ სახით და მას საკმაოდ სერიოზული გეგმები აქვს. ამდენად, მათ საქმიანობაში მთავრობა ვერ ჩაერევა. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ექსპერტის თქმით, ჯერ არ მომხდარა ანაკლიის დეტალური შესწავლა, თუ საიდან მოდის ტვირთები, რა სახის ტვირთებია და ა.შ. ამიტომ უნდა გაირკვეს, თვითონ პროექტის ავტორს რაზე აქვს აქცენტი გადატანილი, უნდა შეისწავლონ მისი საჭიროების საკითხი.

„ანაკლია რაზეა გათვლილი, ვერ გეტყვით და რეალურად ეს არავინ იცის. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ საქართველოში, მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამენ. ეს პოლიტიკური ლაპარაკი უფროა, ვიდრე ციფრები და კონკრეტული გეგმები“, - აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

არის თუ არა 5 მილიონი დოლარი დიდი თანხა, ექსპერტს ამის თქმა უჭირს. თუმცა ადასტურებს, თუ მსოფლიოში ცნობილ კომპანიას შევუკვეთავთ ამ საკითხის შესწავლას, შესაძლოა, ეს თანხა ცოტაც იყოს. ხოლო, თუ შევუკვეთავთ ქართულ კომპანიას, შეიძლება, ბევრიც იყოს.

„აქ მნიშვნელოვანია, რა კვლევა არის შეკვეთილი - ქვეშ ნაშალი ინერტული მასალების მოძრაობა, ლიანდაგის გაყვანის საკითხი, ტერმინალების ადგილმდებარეობა, რკინიგზის გავლის საკითხი, ჭაობის ამოშრობა, - უამრავი რამ არის შესასწავლი და, ალბათ, კვლევას უცხოელს შეუკვეთავენ, რადგან ჩვენ ამის სპეციალისტი არ გვყავს“, - აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის დანიშნულება აბსოლუტურად სხვა მიმართულებაა და ის არ უნდა განვიხილოთ ფოთის პორტის ანალოგიურად. თუმცა ერთიცაა, ანაკლიის პორტი, ყველა შემთხვევაში, იქნება ფოთის პორტის კონკურენტი, ისევე, როგორც ყულევის, ბათუმის პორტების კონკურენტი.