ღია წერილი – საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ ოთარ ფარცხალაძეს

ღია წერილი – საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ ოთარ ფარცხალაძეს

ბატონო ოთარ,

გილოცავთ ისეთ საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნას, როგორიც დღევანდელ საქართველოში მთავარი პროკურორის პოსტია. გვინდა ვირწმუნოთ, რომ თქვენი ამ პოზიციაზე მუშაობა დადებითაც აისახება როგორც პროკურატურის რეფორმირებაზე, ისე იმ ყველაზე მტკივნეული პროცესის წარმატებით დაძვრასა და დასრულებაზე, რასაც სამართლიანობის აღდგენა და დაზარალებული მეწარმეების უფლებების აღდგენა ქვია. არ იქნება თქვენთვის სიახლე, თუ შეგახსენებთ, რომ საზოგადოება დიდი მოთმინებით ელის ამ პროცესის  რეალურად დაწყებას.

კომუნიკაციის ეს საჯარო ფორმა ვარჩიეთ, რამდენადაც, საკითხი, რომლის გამოც თქვენი ყურადღების მიპყრობა გადავწყვიტეთ, ჩვენი ღრმა რწმენით, მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის და იმ საზოგადო სატკივარს ეხება, რაც „ნაციონალური ხელისუფლების“ მმართველობის პერიოდში დაგროვილმა უსამართლობამ დატოვა.

ჩვენი კომპანიის, „ორთაჭალენერჯის“ შემთხვევა ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ისტორია ბანალურად არ განვითარდა. ანუ, ზეწოლის და ქონების წართმევის დროს ჩვენ არც ჩუქება გაგვიფორმებია და არც განხორციელებულ ზეწოლებს დავქვემდებარევივართ. იმთავითვე დავიწყეთ და არც ერთი წუთით არ შეგვიწყვიტავს სამართლებრივი ბრძოლა ჩვენი უფლებების დასაცავად და აღსადგენად. ძალადობის განხორციელების პირველივე დღიდან მოყოლებული, დაწყებული გვაქვს სამართლებრივი დავა სახელმწიფოსთან, რომელიც ამ ეტაპზე უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომდეა მისული, სადაც ჩვენი შელახული საკუთრების უფლების სრულად და უპირობოდ აღდგენას და, შესაბამისად, მოყენებული ზარალის ასევე სრულად და უპირობოდ ანაზღაურებას მოვითხოვთ.

საქმის ვითარება მოკლედ, ასეთია:

შპს „ორთაჭალენერჯი“, რომელიც 1994 წლიდან იჯარის და ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად მართავდა სახელმწიფო ქონებას, - ორთაჭალჰესს (და სრულად და ზედმიწევნით ასრულებდა ნაკისრ საიჯარო ვალდებულებებს და არც საგადასახადო სტრუქტურებთან ჰქონია ოდესმე დავალიანება), 2008 წლის ბოლოს, საიჯარო ვადის ამოწურვამდე 11 წლით ადრე, კანონმდებლობის უხეში დარღვევით გააძევეს ობიექტიდან. „იმუშავა“ სახელმწიფო მანქანამ. კერძოდ - მეიჯარე სახელმწიფო კომპანიამ „ორთაჭალჰესი 2007“-მა  (მესაკუთრე ბენეფიციარი - საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო) „ორთაჭალენერჯის“ ცალმხრივად შეუწყვიტა იჯარა, რისი უფლებაც არ ჰქონდა „იჯარის შესახებ“ კანონის თანახმად, მით უფრო, რომ ამ შემთხვევაში მოქმედებდა ლიზინგი- ფინანსური იჯარა, ანუ იჯარა-გამოსყიდვის ერთგვარი ფორმა და ჩვენს კომპანიას ობიექტზე გაწეული ქონდა  რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია. საკითხს დამატებით ამძაფრებს და ცინიკურ ელფერს აძლევს ისიც, რომ იჯარის შეწყვეტის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე, იმავე „ორთაჭალჰესი 2007“-ის მოთხოვნით, შედგა ახალი შეთანხმება (დამატება არსებულ ხელშეკრულებაზე), რომელიც იჯარის ღირებულების გასამმაგებას ითვალისწინებდა და იქვე ითვალისწინებდა პირობასაც, რომ ეს ნიხრი მომდევნო 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლებოდა.

უკანონო მოთხოვნის წარმოდგენისთანავე, რეალობის ამხსნელი და განმმარტავი საპასუხო წერილებით მივმართეთ როგორც  „ორთაჭალჰესი 2007“-ს, ისე ეკონომიკის სამინისტროს. პარალელურად, შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში, რომლის ყველა ინსტანციაშიც, როგორც ეს მოსალოდნელი იყო ბიზნესის ტერორის ეპოქაში, საქმე წავაგეთ და მივმართეთ სტრასბურგს.

ძალადობრივი გზით იჯარის შეწყვეტამდე ეკონომიკის სამინისტრომ (მინისტრი - ლაშა ჟვანია) სწრაფადვე გასაყიდად გამოიტანა მისივე შპს - „ორთაჭალჰესი 2007“,  კომპანია, რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა ორთაჭალჰესი. აუქციონზე, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოჩნდა ერთადერთი და უალტერნატივო მყიდველი - ჩეხური კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“, რომლის ქართულ ბაზარზე შემოსვლა და საქმიანობაც მჭიდროდ უკავშირდება ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის სახელს.

„ენერგო პრომ“ ეს აქტივი – რეალური სიმძლავრით 14 მეგავატიანი ჰესი, საოცრად მაღალ ფასად - 25 000 000 აშშ დოლარად შეიძინა (პირვანდელი ღირებულება მხოლოდ შვიდასი ათასი ლარი იყო) და ამით გენერაციის სექტორში უპირობო მონოპოლისტად იქცა. რა თქმა უნდა, სადავო პროცესში ჩათრეულმა „ორთაჭალენერჯიმ“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა წერილობით, ოფიციალურად გააფრთხილა, რომ გასაყიდ ობიექტთან დაკავშირებით, სასამართლო დავა მიმდინარეობდა და კეთილსინდისიერ მყიდველად ვერ ჩაითვლებოდა, თუმცა ეს ფაქტორი „ენერგო-პროსთვის“ დამაბრკოლებელი არ აღმოჩნდა.

ცხადია, როცა „გადაწყვეტილება მიღებულია“, მის აღსრულებას ვერაფერი შეაჩერებს, თუნდაც საამისოდ მთელი რიგი უკანონობების ჩადენა გახდეს საჭირო. ასეც მოხდა. და დაიწყო სახელმწიფოს მხრიდან სისტემური დანაშაულის განხორციელება: საქმეში ჩაერთო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი – ბ–ნ ჩალაგაშვილის ხელმძღვანელობით) და საჯარო რეესტრის ეროვნულო სააგენტო (ბ–ნ ვაშაძის ხელმძღვანელობით). „სემეკ“-მა „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „სასწრაფო წესით“, ორ დღეში, ის ტარიფი გადაუფორმა, რომელიც „ორთაჭალენერჯისთვის“ ჰქონდა დამტკიცებული, რაც პირდაპირი უკანონობა იყო. საოცრებათა რიგს განეკუთვნება ის ფაქტიც, რომ სემეკმა ეს გადაწყვეტილება 28 თებერვალს მიიღო, ხოლო მისი ძალაში შესვლა უკანა რიცხვით, კერძოდ, 2009 წლის 7 თებერვლით „დააკანონა“. მხოლოდ ამ მოკლე პერიოდში ამ გადაწყვეტილებამ „ორთაჭალენერჯი“ 150 000 ლარით აზარალა. საჯარო რეესტრმა, თავის მხრივ, უპრებლომოდ, ცალმხრივად გააუქმა იჯარის ხელშეკრულება და ეს გაურკვეველი და საკითხთან ოფიცილური მიმართების არმქონე პიროვნების გაურკვეველი განცხადების საფუძველზე უკანონოდ გააკეთა. ეს ფაქტიც ხდება მაშინ, როცა საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო დავა მიმდინარეობდა.

საბოლოო ჯამში, შეიქმნა ვითარება, როცა დასახული ამოცანის შესასრულებლად სახელმწიფოს რამდენიმე უწყება ორგანიზებულად ჩაება დანაშაულებრივ სქემაში, რის შედეგადაც კანონიერად მომუშავე ჩვენი კომპანია ძალადობრივად ჩამოაშორეს ენერგოობიექტს და იგი ლანგარზე მიართვეს „ენერგო–პროს“.

რა თქმა უნდა, „ენერგო-პრო“ ამბობს, რომ ისინი კეთილსინდისიერი მყიდველები არიან და რომ აუქციონის პირობებს ასრულებენ. აი, თავად ეს აუქციონი რამდენად იყო კანონიერად გამოცხადებული, ეს უკვე მათი ინტერესის საგანი აღარ არის... მათ არც იმაზე აქვთ რეაქცია, რომ აუქციონის ჩატარებამდე ოფიციალურად გავაფრთხილეთ, რომ ობიექტის მართვის უფლებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასამართლო დავა და თავი შეეკავებინათ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ჩაითვლებოდნენ კეთილსინდისიერ მყიდველებად.

აქ აღარ შეგაწყენთ თავს „ენერგო პროს“ სხვა „ცოდვებზე“ საუბრით. დარწმუნებული ვარ, იმის დროც დადგება და საიმისოდაც მოიცლის ოდესმე პროკურატურა იქნება თუ ფინანსური პოლიცია, რომ „ენერგო პროს“ საქართველოში შემოსვლის წინარე პერიპეტიები გამოიძიოს და იქნებ ელექტორენერგიაზე არსებული საკმაოდ მაღალი ტარიფების გენეზისამდეც აღარ გაჭირდეს მისვლა, რომელზეც დღეს საეჭვოდ არ საუბრობენ დღევანდელი ენერგომამები.

ესაა, მოკლედ. 

მოკლედ კი ითქმის, მაგრამ, ცხადია, ამ მოკლედ თქმულის მიღმა არის წლები, რომელთა მანძილზეც ჩვენი 100 კაციანი კოლექტივი მაღალი პასუხისმგებლობით უვლიდა და ამოქმედებდა იჯარით აღებულ ენერგოობიექტს. ამის მიღმაა ის წყალში გადაყრილი ბიზნეს–გათვლები, რომელიც „ორთაჭალენერჯის“ მენეჯმენტს ჰქონდა და ის გაწეული რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც დანაშაულებრივად მოქმედმა სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულმა „მუშაობამ“ ასევე წყალში გადაყრილად აქცია. ამის მიღმაა ჩვენი უცხოელი აქციონერების, ინვესტორების უსაზღვრო გაოცება და იმედგაცრუება, რაც ზემოთ აღწერილმა ისტორიამ გამოიწვია. ადამიანების დანგრეულ ნერვებზე უკვე აღარც კი ვსაუბრობთ.

კარგად ვიცით, რომ ჩვენი 100 კაციანი კოლექტივის მსგავსად, ანალოგიურ მდგომარეობაშია ასობით ბიზნესი და ათასობით ადამიანი. ისიც კარგად გვესმის, რომ პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ერთია და სახელმწიფოსთან ქონებრივი დავის საქმე ათასი. იმედს გამოვთქვათ, რომ ამ სიძნელის დაძლევის გზა და ფორმატი თქვენ უკვე კარგად გექნებათ გააზრებული.

ჩვენ ჯერ ისევ გვაქვს მოლოდინი, რომ განახლებულ და ობიექტურობასა და სამართლიანობაზე ორიენტირებულ ჩვენსავე  სამართალდამცავ სტრუქტურებში მოხერხდება სამართლიანობის აღდგენა და სახელმწიფო გათავისუფლდება სოლიდური ხარჯებისგან, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, სტრასბურგის სასამართლო მას ჩვენს სასარგებლოდ დააკისრებს. სწორედ ამ მოტივით შევიტანეთ განცხადება მთავარ პროკურატურაში 2012 წლის დეკემბერშივე. საქმე აღიძრა, თუმცა საქმეზე დაკითხული ჯერ მხოლოდ ჩვენი მხარეა და არც გამოძიების პროცესის დაჩქარებას უჩანს პირი. არადა, გამოძიების პროცესის ობიქტურად წარმართვის კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, დარწმუნებულნი ვართ, ჩვენს ამბავთან დაკავშირებით, ყველაფერი ცხადი და ნათელი შეიქმნება და კიდევ ბევრი უკანონობა გამოიკვეთება.

ბატონო ოთარ, მოგმართავთ ამ ღია წერილით და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი საქმე, რომელიც ნამდვილად არ არის ბანალური  ქონების „ჩუქების“ ისტორია, თქვენი ქვემდებარე უწყების რეალური ყურადღების საგანი გახდება და იქნება ერთ–ერთი პირველი პრეცედენტი, როცა სახელმწიფოსთან ქონებრივი დავის საქმეზე გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივა.

ჩვენ, გამოვთქვათ გამოძიებასთან თანამშრომლობის სრულ მზაობას. მზად ვართ, განვიხილოთ და მივიღოთ  გამოსავლის ძიების ყველა გონივრული გზა და გადაწყვეტილება.

პატივისცემით

„ორთაჭალენერჯის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე,

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი

თემურ ჭიჭინაძე