ფარმაცევტულ სექტორში ახალი წლიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. დაიწყება წამლების ხარისხის კონტროლი, პარალელურად კი დიდი ქართული ლაბორატორიის ამოქმედებაც. მანამდე კი ბაზრის მსხვილი მოთამაშეები ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის და მისი მთავრობის ნაბიჯებს დადებითად აფასებენ.
ფარმაცევტული სექტორი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ–მინისტრობის მთავარ დამსახურებად მედიკამენტებზე ფასების დაწევას მიიჩნევს. „ჯიპისის“ გენერალური დირექტორი დავით კილაძე ცვლილებებს ახალი პრემიერისა და მთავრობის პირობებშიც ელოდება. თუკი მოხდა სადაზღვევო სისტემის მაქსიმალური ჩართვა წამლის კომპონენტის ანაზღაურების პროცესში, ეს მედიკამენტების კიდევ უფრო გაიაფებას გამოიწვევს. იგი მედიკამენტების რეცეპტით გაცემის ინიციატივას მიესალმება, რადგან ეს ფაქტი დარგის განვითარებას ხელს შეუწყობს.
კომპანია „პეესპეში” კი განმარტავენ, რომ სწორედ ივანიშვილს უკავშირდება წამლების ფასების საკითხის წამოწევა, რის შედეგადაც თავად ფარმაცევტული კომპანიები გააქტიურდნენ და საერთო ჯამში, მედიკამენტების 25%–ით გაიაფდა.
„პეესპეს“ დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის თქმით, ივანიშვილის მთავრობის დამსახურებაა „ც“ ჰეპატიტით დაავადებულებისთვის მკურნალობის გაიაფებაც. თუმცა, ოქრიაშვილი სკეპტიკურად არის განწყობილი მედიკამენტების რეცეპტით გაცემის საკითხისადმი და თვლის, რომ შესაძლოა, ეს კორუფციის წინაპირობა გახდეს. იმავდროულად „პეესპეს“ დამფუძნებელი ახალი პრემიერის და მთავრობის პირობებში წამლების ხარისხის კონტროლის გამკაცრებასა და ადგილობრივი წარმოებისთვის ხელშეწყობას ელოდება.
ამასთან დაკავშირებით ფარმაცევტებს დიდხანს ლოდინი ნამდვილად არ მოუწევთ, რადგან ახალი ხელისუფლება, ჯანდაცვის კლანური სისტემის საწინააღმდეგო კამპანიასთან ერთად, წამლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვას იწყებს. კონტროლი 2014 წლიდან დაიწყება და პარალელურად დიდი ქართული ლაბორატორიის შექმნაც იგეგმება.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის არარსებობის ან არასრულფასოვანი არსებობის გამო, ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება იჩაგრება. მას შემდეგ კი, რაც მოხდება ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების ხარისხის დადასტურება ან უარყოფა, მათ შესაძლებლობა მიეცემათ სახელმწიფო შესყიდვებში მიიღონ მონაწილეობა.
ექსპერტები კი ფარმაცევტულ სექტორში არსებული მდგომარეობის მიმართ უფრო კრიტიკულები არიან. მათი აზრით, ადგილობრივ ბაზარზე ისევ ოლიგოპოლიაა და რამდენიმე ძლიერი კომპანია ერთმანეთთან გარიგებულია, შესაბამისად, ბაზრის დიდ ნაწილს კვლავაც ისინი აკონტროლებენ.
„მაგალითად, ერთ მსხვილ კომპანიას პირობითად, შემოაქვს ერთი დასახელების წამალი, მეორეს კი სხვა, რასაც ერთმანეთს უნაწილებენ და მათზე ფიქსირებულ ფასს აწესებენ. მათ გარდა სხვა იმპორტიორებს მწარმოებლებთან კონტრაქტის გაფორმება არ შეუძლიათ. ამიტომ ყველა აფთიაქი ფარმაცევტულ ბიზნესში ამ მთავარ მოთამაშეებზე არის დამოკიდებული. რაც მთავარია, სახელმწიფოს არ აქვს ფასების თვითღირებულების დადგენის, ფასნამატის განსაზღვრის და მათი რეგულაციის მექანიზმი, ამ ყველაფერს ისევ მონოპოლისტი კომპანიების თამაშის წესები განსაზღვრავენ. ჩვენთან წარმოებული მედიკამენტი საქართველოში უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, შემოტანილი მედიკამენტები კი ევროპის ქვეყნებში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „გახსოვდეს ჰიპოკრატე“-ს წარმომადგენელი მარინა ბერაძე.
მისი ინფორმაციით, დასავლეთის ქვეყნებში საბითუმო ქსელის მეპატრონეებს საცალო ქსელის გახსნის უფლება არ აქვთ, საქართველოში კი ეს დაშვებულია.
„ჩვენთან მონოპოლისტური ფარმაცევტული კომპანიების მფლობელობაშია ერთდროულად ფარმაცევტული წარმოება, სამედიცინო დაწესებულებები და სადაზღვევო კომპანიები. ამ სიტუაციაში ექიმი ისეთ და იმდენ წამალს გამოწერს, რომელიც, უპირველესად, სარგებელს არა პაციენტს, არამედ იმ კომპანიას მოუტანს, ვისაც ის ემსახურება. ძალიან სახიფათოა ექიმის გარიგება ფარმაცევტულ კომპანიასთან. საქართველოში არ არსებობს სახელმწიფო ან თუნდაც კერძო, მაგრამ მონოპოლისტებისგან დამოუკიდებელი ლაბორატორია, რომელიც მედიკამენტების ხარისხს შეამოწმებს“, - დასძენს მარინა ბერაძე.