„ერთ დღეს შეიძლება საზღვარი სოფელ ორჭოსანთან მივიღოთ“

„ერთ დღეს შეიძლება საზღვარი სოფელ ორჭოსანთან მივიღოთ“

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარება იძაბება. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ამჯერად ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ბანერზე წარწერა სხვა მოსაზღვრე სოფლებისგან განსხვავებით ქართულ და ინგლისურ ენაზეა. შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, დავით სუჯაშვილის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულმა მხარემ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს უკვე მიაწოდა.

 „ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ამსახველი ტრაფარეტების მონტაჟი ხდება. ეს ტრაფარეტების მონტაჟი ხდება ჩვენი მოსახლეობის მიერ დამუშავებულ მიწებზე. მოსახლეობის დაცულობიდან გამომდინარე, აუცილებლად გავაძლიერებთ პატრულირებას.

ინფორმაცია მივაწოდეთ დიპლომატიურ მისიებს. ევროკავშირის სადამკვირველო მისია ჩართულია ამ საკითხში. ამ საკითხს აუცილებლად გავიტანთ ჟენევის შეხვედრაზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრაზე“, - აღნიშნა დავით სუჯაშვილმა.

ამასთან, სოფელ ხურვალეთის განაპირას, რუსმა „მესაზღვრეებმა“ ორი ქართველი დააკავეს. 24 წლის მალხაზ ვანიშვილი და 28 წლის გოჩა მაყაშვილი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. ორივე მათგანი მავთულხლართებთან ახლოს დააკავეს. ხურვალეთის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ დაკავებულები ე.წ. საზღვარს არ დაარღვევდნენ და მავთულხლართების მიღმა არ გადავიდოდნენ. ჯერჯერობით, ოჯახის წევრებს და ახლობლებს არავინ დაკავშირებია. ოჯახს არანაირი სახსრები არ გააჩნიათ და იმ შემთხვევაში, თუ ცხინვალელი ე.წ. სამართალდამცავები ჯარიმის თანხას მოითხოვენ, თანხის გადახდას ვერ შეძლებენ. დაკავებულების ოჯახის წევრები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. 

კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი შეფასებით, ახალი საოკუპაციო ზოლის გავლება არაა გამორიცხული, რომ ვილნიუსის სამიტის მოახლოებას უკავშირდებოდეს და აქვე აცხადებენ, რომ საქართველო პროვოკაციას არ აყვება.

„ჩვენ ვიცით რა მხარესთან გვაქვს საქმე და ზუსტად ამაზე მიდის მუშაობა, რომ გარკვეული ნდობის ფაქტორი შემოვიდეს და მართვადი იყოს ეს სიტუაცია, რადგან ადგილზე მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის არ იყოს საფრთხე და ზოგადად ეროვნული უსაფრთხოების თავალსაზრისით, არ შეიქმნას დამატებითი საფრთხეები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პრეზიდენტის მრჩეველი ვანო მაჭავარიანი.

უმცირესობის წევრი აკო მინაშვილი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაპრინცუპული და ძალიან ბუნდოვანი პოზიცია აქვს რუსეთთან მიმართებაში.

„რუსეთს აქვს იმის განცდა, რომ ის პროცესი, რასაც ჰქვია საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, იქნება დაუსჯელი და ამიტომაც აგრძელებს ამას. რაღაცა პერიოდი აცალეს, რომ მოსახლეობაში საარჩევნო ცვლილება მომხდარიყო, არჩევნების შემდეგ იგივე გააგრძელს, რაც მოსალოდნელიც იყო“, - აცხადებს აკო მინაშვილი.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესები უავშირდება სწორედ ვილნიუსის სამიტს. ამასთან ექსპერტი ამბობს, რომ ამ გზით რუსეთი ცდილობს ხელისუფლების გამოცდას, რამდენად დამთმობი იქნება ხელისუფლება.

„ჩემთვის ცნობილია რა რუქებით მოქმედებენ რუსები. ამ რუქების მიხედვით ადმინისტრაციული საზღვარი სამხრეთ ოსეთის ადმინსტრაციულ ოლქსა და დანარჩენ საქართვლეოს შორის გადის ისეთ მონაკვეთზე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თბილისი-გორის ავტოტრასის გადაკვეთა სოფელ ორჭოსანთან.

რუსებმა თუ ისე გააგრძელეს საზღვრის გადაკვეთა, როგორც ამას ახლა აკეთებენ, ჩვენ ერთ დღეს შეიძლება საზღვარი მივიღოთ სოფელ ორჭოსანთან. ეს არის მათი ზემოქმედების ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ უფრო დამთმობი იყოს და არავითარ შემთხვევაში არ მოახდინოს პარაფირება ევროკავშირთან ურთიერთობის დოკუმენტისა. უკრაინის უკან დახევის შემდეგ ჩვენ ავღმოჩნდით ერთი-ერთზე რუსეთთან. აქიდან გამომდინარე, ძალიან გაგვიჭირდება ამ წინააღმდეგობის დაძლევა. მოსაფიქრებელია ისეთი გზები, რომ სიტუაციიდან ისევ დამარცხებული არ გამოვიდეთ“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძე.