ორშაბათს, 29 აპრილს „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება. მოქალაქეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აკრიტიკებენ, აღნიშნულს აფასებენ, როგორც „რუსულ მარშს“ „რუსული კანონის“ დასაცავად. ხოლო, „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მმართველ პოლიტიკური ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პათოსს იზიარებს და პოლიტიკური ლიდერები საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდებენ - ხელისუფლების წარმომადგენლები რუსთაველზე გამზირზე უამრავ მომხრეს და გულშემატკივარს ელოდებიან.
რაც შეეხება 28 აპრილს დაანონსებულ აქციას, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაგეგმეს „ევროპული მარში“, რომელსაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი უერთდება და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ამის ფონზე ვიცით, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა 29 აპრილს არის ჩანიშნული. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ კომიტეტი სწორედ ორშაბათს იმართება, აქცენტი უფრო მეტად კეთდება იმაზე, რომ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ამ დღესაც უნდა შეიკრიბონ და განხილვა აქციის ფონზე გაიმართოს. თუმცა, გამოითქვა მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნება თუკი მომიტინგეები 29 აპრილს კონტრ-აქციას არ გამართავენ, რადგან ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს გარკვეული ტიპის პროვოკაციებს და მივიდეთ ვითარების ესკალაციამდეც კი. შესაბამისად, უფრო გონივრული იქნება, თუ ეს დღე სრულად დაეთმობა „ქართულ ოცნებასა“ და მის მომხრეებს.
„თავის აქციებს მიხედონ, 300 კაცზე მეტს რომ ვერ კრებენ - თავი დაანებონ ორშაბათს, კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როდესაც ამის საშუალება აქვთ: სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებასა და ოპოზიციის შეფასებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს ყოფილი მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მნიშვნელოვანია 29 აპრილს კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა კონტრ-აქცია არ გამართონ. მისი შეფასებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს ვითარების დაძაბვას, რაც „ქართული ოცნების“ ინტერესებშია.
„კანონის მოწინააღმდეგებს მოვუწოდებ, შეეცადონ არ დაუშვან დაპირისპირება - სწორედ ამას აკეთებს „ქართული ოცნება“ - მას უნდა ეს დაპირისპირება. „ქართულ ოცნებას“ სურს ყველაფერი გააკეთოს, რომ ხალხმა ერთმანეთის სისხლი დაღვაროს და შემდეგ სპეცრაზმით გააშველოს ისინი. „ქართული ოცნება“ მოევლინოს როგორც მშველელი და მსხნელი, რომელმაც ხელი შეუშალა სისხლის დაღვრას, თუმცა მოუწევს პასუხის გაცემა.
ხომ ამბობენ, რომ 60% აქვთ, მაშინ დაელოდონ არჩევნებს. რატომ დანიშნა ეს აქცია?! მინდა ახალგაზრდებს ვთხოვო, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არ მოხდეს ის, რაც „ქართულ ოცნებას“ სურს - არ უნდა მოხდეს დაპირისპირება რუსთაველის პროსპექტზე.
ეს ხალხი გაიწოვება 29 აპრილსვე, თავიანთ რეგიონებში დაბრუნდებიან და ამით დასრულდება. იქნებ საერთოდ დაუთმონ 29 აპრილს მათ და არ გამოვიდნენ აქციაზე. შემდეგ კი, ისევ 30 აპრილს გაგრძელდეს გამოსვლები და საზოგადოებას აჩვენონ, რომ არიან მშვიდობიანი მომიტინგეები და არ უნდათ დაპირისპირება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებმა მუხტი დაკარგა და იმ მასშტაბის არ არის, რასაც შესაძლოა სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები გამოეწვია. მისი თქმით, არ არის გამორიცხული პროვოკაციის მომწყობი პირები 29 აპრილს დაანონსებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე გამოჩნდნენ.
„კანონპროექტის მეორედ მოსმენის მიღებას „ქართულმა ოცნებამ“ დაამთხვია საკუთარი მომხრეების შეკრების დაანონსება. შესაბამისად, კანონპროექტის მეორედ მოსმენით განხილვა მოხდება „ოცნების“ მომხრეების შეკრების ფონზე. ამით ხელისუფლებას სურს აჩვენოს, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, რომ არ არის ისე, თითქოს მთელი საზოგადოება ამ კანონპროექტის წინააღმდეგია.
ვხედავთ, რომ ახალგაზრების პროტესტის მუხტი არ არის ისეთი, როგორიც ერთი კვირის წინ იყო - ისეთი კრიტიკული მასა არ გროვდება, რომ ამან რაიმე სერიოზული, პოლიტიკური ძვრები გამოიწვიოს ქვეყნის ცხოვრებაში. შესაბამისად, „ქართული ოცნება“, ალბათ, მათ საშუალებას მისცემს, რომ ეს პროტესტი განახორციელონ და შეეცდება ამის პარალელურად, ამ პროტესტის მარგინალიზებას საზოგადოების თვალში.
პრინციპში, ვხედავთ, რომ სპონტანური სახე შეიძინა ამ პროტესტმა - საგნობრივ დისკუსიაში არავინ შემოდის, კლიშეებს არიან ჩამოკიდებული, რომ „კანონი რუსულია“ და ამის იქით ეს პროტესტი აღარ მიდის. ეს, ალბათ, საზოგადოების ნაწილშიც იწვევს რაღაცნაირ განწყობას, რომ მათ არ უნდათ პროცესების რადიკალიზაცია. თუ მწყობრი მოქმედებების სახე არ შეიძინა ამ პროტესტმა, ის შეიძლება მინავლებისკენ წავიდეს.
როგორც ვიცი, 29 აპრილს ახალგაზრდები არ აპირებენ აქციის გამართვას პარლამენტთან, შეიძლება ალტერნატიულ ადგილას გამართონ და თუკი პროვოკაციების მოწყობის მსურველები გამოჩნდებიან - ყოველთვის მოიძებნება პროვოკაციის საფუძველი - ამის შესაძლობას ბოლომდე არ გამოვრიცხავდი“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.