გადამზიდავმა გემმა მეციტრუსეებს დროზე ჩამოუსწრო

გადამზიდავმა გემმა მეციტრუსეებს დროზე ჩამოუსწრო

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის ინფორმაციით, ბათუმის პორტში გემი შემოვიდა, რომელიც ნოვოროსიისკის პორტის გავლით ციტრუსს რუსეთის მიმართულებით გადაზიდავს. ეს სწორედ რომ დროული ნაბიჯია, თორემ ნარინჯისფერი მოსავლის რეალიზაციას თანდათან პრობლემა ექმნებოდა.

წლეულს აჭარაში 110 ათას ტონა ციტრუსს ელოდებიან, გურიაში კი - 15 ათას ტონას. ეს მაჩვენებელი, შარშანდელს მნიშვნელოვნად აღემატება. ჭარბი მოსავლის პირობებში, როგორც წესი, ფასი ეცემა ხოლმე, მაგრამ რუსეთის ბაზრის გახსნამ ხალხს იმედი ჩაუსახა, რომ მათი შრომა ფუჭად არ ჩაივლიდა. თუმცა, პროცესი გაიწელა. ქართული პროდუქცია ჩრდილოეთში ჯერ კიდევ 10 ნოემბრიდან უნდა შესულიყო, მაგრამ „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლების ვიზიტს საკითხის გადადება მოჰყვა. ამასობაში მოსავლის დიდი ნაწილი პირველ ეტაპზე, ძირითადად, ადგილობრივი ბაზრისა და უკრაინის იმედზე დარჩა. ეს ფასზეც აისახა. ამჟამად ციტრუსი საკმაოდ იაფი ღირს, არადა აჭარლები და გურულები წლევანდელი უხვი მოსავლით ხელის მოთბობას აპირებდნენ.

„ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში 30-მდე პავილიონი მუშაობს, სადაც დღის განმავლობაში სამი სახის 300 000 ყუთი მზადდება. ექსპორტი წელს უკრაინაში, რუსეთში, უზბეკეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსსა და ყაზახეთში ხორციელდება. ერთი ტონა ტვირთის გადატანა ბათუმი-ნოვოროსიისკის პორტის მიმართულებით 70 დოლარი, ხოლო ნოვოროსიისკში ტვირთის ექსპედირება -განბაჟება 275 დოლარი იქნება“, - აღნიშნა ზაურ ფუტკარაძემ, რომელმაც დასძინა, რომ ციტრუსის შეფუთვა ევროპული სტანდარტებით ხორციელდება.

მისივე განმარტებით, აჭარის მთავრობის ინიციატივით ბათუმის სავაჭრო პალატაში შექმნილია სპეციალური საინფორმაციო ცენტრი, სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით გაიცემა ტვირთის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

წლეულს თავიდან ბოლომდე ყურადღება აჭარისკენაა მიპყრობილი. მართალია, გურიაშიაც უხვი მოსავალია, მაგრამ რაოდენობრივად აჭარული ციტრუსი გაცილებით მეტია. თანაც გურიაში მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთ ძირითად ექსპორტიორად ციტრუსისთვის დარჩება უკრაინის ბაზარიც, სადაც ქართული პროდუქტის მიმართ მოთხოვნა ყოველთვის დიდია. ასე რომ, გურულები თავის პროდუქციას როგორმე დააბინავებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ომარ ჩხარტიშვილი ვარაუდობს, რომ გურიის რეგიონში მინიმუმ 10-12 ათასი ტონა ციტრუსის მიღებას შეძლებენ.

„შარშან ჩვენი ციტრუსის დიდი ნაწილი უკრაინაში გაიგზავნა, ნაწილი კი აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის ბაზრებზე. დიდი იმედით ველოდებით რუსული ბაზრის გახსნას, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი და პარალელურად სხვა ბაზრებზეც ვიმუშავებთ. გურიაში, ჯერჯერობით, არ არის გადამამუშავებელი საწარმოები, თუმცა შენახვის პრობლემა არ გვექნება“, - ამბობს ომარ ჩხარტიშვილი.

როგორც აჭარასა და გურიაში ამბობენ, ახალ წლამდე მოსავლის დიდი ნაწილი უკვე რეალიზებული უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის შემნახველი პუნქტები უკვე ფუნქციობს და ნაყოფის დაბინავების პრობლემაც აღარ არის, მანდარინსა და ფორთოხალს დროული გასაღება სჭირდება.