„დამამშვიდებელი აბები „ჩვენი ძაღლიშვილისთვის“

„დამამშვიდებელი აბები „ჩვენი ძაღლიშვილისთვის“

„სააკაშვილის დიდი შეცდომა მოუთმენლობა იყო. მას სურდა, ქვეყნისთვის საკუთარი ნიშანი დაედო. ამიტომ აშენებდა პროექტებს, რომლებსაც ეკონომიკური დანიშნულება არ ჰქონდა, თუმცა ქვეყანას დიდძალი ფული უჯდებოდა. დიდი შეცდომა იყო მისი მოუთმენლობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხების გადაჭრასთან დაკავშირებით“, - ასე აფასებს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი „ვარდების რევოლუციის“ პერიოდს, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილების შესაძლებლობებს და 10-წლიანი მმართველობის შემდეგ რევოლუციური მთავრობის მარცხს.

ამერიკელი დიპლომატების ასეთ და უფრო მკვეთრ შეფასებებს ქართული საზოგადოება, კარგა ხანია, ელოდა. ელოდა ნულოვანი ტოლერანტობის გაცხადებისას, ქართველი ახალგაზრდების ქუჩაში ჩახოცვისას, 2007 წლის ნოემბრის თუ 2011 წლის მაისის მოვლენებისას, მაგრამ ამერიკულმა შეფასებებმა დაიგვიანა. სამაგიეროდ, გვახსოვს ზედმეტად გაწონასწორებული შეფასებები, რომ ამერიკა მხარეთა კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს მიესალმება, რომ იმედოვნებს, ყველაფერი დამშვიდდება და ა.შ. როგორც ჩანს, დასავლეთიც მიხვდა, რომ მოვლენების შელამაზებულად წარმოჩენამ აზრი დაკარგა. ასე რომ, გამორიცხული არ არის, რიჩარდ მაილსის მკვეთრ პოზიციას ამერიკელ ჩინოსანთა სხვა გულახდილობაც მოჰყვეს.

აშშ-ის ყოფილი ელჩის მოსაზრებით, საქართველოს შეეძლო, თავიდან აეცილებინა 2008 წლის აგვისტოს ომიც, რომ არა სააკაშვილის უგუნური სითამამე. ყოფილი ელჩისთვის გაუგებარია, ეს ადამიანი, ანუ სააკაშვილი რას ფიქრობდა. მიუხედავად პროვოკაციების დონისა, რომელიც რუსული მხრიდან მოდიოდა, ამ კონფლიქტში ისე შესვლა, როგორც სააკაშვილმა გააკეთა, რიჩარდ მაილსის აზრით, პოლიტიკური სიგიჟე იყო.

„ალბათ, იფიქრა, რომ წარმატების მიღწევის შანსი ჰქონდა, ან აშშ სამხედრო დახმარებას აღმოუჩენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, არ გააკეთებდა. ის მთლად შეშლილი არ არის და ამაზე უნდა ეფიქრა. მის მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი გადადგებოდა და ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავდა. რა მიზეზით დარჩა თანამდებობაზე, არ ვიცი, ეს არ არის ნორმალური“, - ამბობს რიჩარდ მაილსი.

ამერიკელი დიპლომატის გულახდილი პოზიციის შესახებ For.ge პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

იმ ფონზე, როცა დასავლელ პოლიტიკოსთა ნაწილი სააკაშვილს ლექციების ჩატარებას სთავაზობს დემოკრატიისა და ადამიანის ღირებულებების შესახებ, უკვე ვისმენთ მკვეთრ შეფასებებს სააკაშვილის მთავარი შეცდომების ირგვლივ. ღიად სახელდება, რომ სააკაშვილის მთავარი შეცდომა მისი მოუთმენლობა იყო, რომ ყოფილ პრეზიდენტს შეეძლო აგვისტოს ომის თავიდან აცილება. რას უნდა უკავშირდებოდეს დასავლელ პოლიტიკოსთა ორაზროვანი შეფასებები? იმას ხომ არა, რომ სააკაშვილი უკვე აღარ არის ხელისუფლებაში და ღიად შეიძლება აქამდე აკრძალულ თემებზე საუბარი? ხომ არ ფიქრობთ, რომ დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან რიჩარდ მაილსის მსგავსი შეფასებები კიდევ გაგრძელდება და კიდევ ახალ-ახალ აღიარებებს მოვისმენთ სააკაშვილის პერსონის შესახებ, რომელიც მთლად შეუცვლელი და უნაკლო არ ყოფილა?

- კარგი იქნებოდა, მაილსს ეს შეფასებები დღეს კი არა, დავუშვათ, თუნდაც, 2007 წელს გაეკეთებინა. 2007 წელს ზუსტად ასეთი თუ არა, მიახლოებითი განცხადება რომ ყოფილიყო გაკეთებული, მაშინ არ იქნებოდა 2008 წელი, არც პირდაპირი, არც გადატანითი მნიშვნელობით. არ იქნებოდა ის კატასტროფა და ტრაგედია, რაც მოხდა აგვისტოს თვეში. ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილს თურმე ეგონა, რომ ამერიკა დაეხმარებოდა, ალბათ, ყოველგვარ ფარგლებს სცდება, რადგან ნებისმიერმა ნორმალურმა, საშუალოდ მოაზროვნე ადამიანმა, ვინც მეტ-ნაკლებად ჩახედულია პოლიტიკაში, იცის, რომ ასეთ სიტუაციაში დასავლეთი არ გადადგამდა მკვეთრ ნაბიჯებს. აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, ვინც მსოფლიოს ბოლო ომის შემდგომ პერიოდში თვალს ადევნებდა ამ პროცესების და დაპირისპირებების განვითარებას და ასეთივე სიტუაციები ახსოვდა უნგრეთში, პოლონეთში, ჩეხეთში და ა.შ. ამიტომ, ძალიან ადვილი გასათვლელი იყო, რომ დასავლეთისგან სააკაშვილი მხარდაჭერას ვერ მიიღებდა. ამას ვლაპარაკობ იმდენად, რამდენადაც დღეს უკვე ეს არის უკან მიდევნებული ლამპარი. ჩვენ უკვე გადავიჩეხეთ, ქვეყანამ, მინიმუმ, ხუთი წელი დაკარგა, ვგულისხმობ 2008-დან დღემდე პერიოდს და დაკარგა არა მარტო პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ მთლიანად, როგორც ეკონომიკური, ისე საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. ამიტომ, არა მარტო მაილსი მყავს მხედველობაში, არამედ, ზოგადად. თუ დასავლეთი ფიქრობს, რომ მართლაც უნდა დაეხმაროს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, უნდა იყოს, გარკვეულწილად, საკმაოდ კატეგორიული, მომთხოვნი და პრინციპული, რადგან მე და თქვენ და იმ ადამიანებს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გვახსოვს, რომ სააკაშვილის და მისი ნაციონალური გუნდის არგუმენტი დღემდე იყო ის, რომ დასავლეთს, თურმე, როგორ მოსწონდა ის რეფორმები, როგორ აღმერთებდნენ, როგორ ხვდებოდნენ სააკაშვილს. ასე რომ, ჩვენ გვაშინებდა არა მარტო მერაბიშვილი, თავისი სპეცრაზმით, არამედ, ასევე, გვაშინებდა ამერიკა, რომელიც მერაბიშვილის სპეცრაზმის მოქმედებას მხარს უჭერდა. ასეთი შედეგი მივიღეთ კიდეც 2011 წლის 26 მაისს, ეს არის მთავარი პრობლემა და არა - მაილსის ზოგადი შეფასებები. რა თქმა უნდა, სწორია მაილსის შეფასება და დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, ვინც გუშინ თუ გუშინწინ სააკაშვილს აქებდა  და ლამის დემოკრატიის შუქურად მიიჩნევდა, ნელ-ნელა დაიწყებს სწორი პოზიციის ადეკვატურ აღქმას საქართველოში შექმნილი იმ პრობლემების შესახებ, რაც სააკაშვილმა მოიტანა, მაგრამ დღეს ეს მათ ხელს აძლევთ. ეს არის პოლიტიკა, რადგან სააკაშვილი უკვე აღარ არის მოქმედი პრეზიდენტი და თანდათანობით დაიწყება მისი კრიტიკა.

მართალია, არსებობს მეორე ფრთა, რომელიც მას სთავაზობს ლექციების წაკითხვას, მაგრამ ფაქტია, რომ შესაძლოა, სააკაშვილს გამუდმებულ რეჟიმში ლექციების წაკითხვა არც მოუწიოს, შესაძლოა, ლექციის წამკითხველის ამპლუაში სააკაშვილი მოყირჭდეთ. ფიქრობთ, რომ ძალზე ხანგრძლივვადიანი იქნება სააკაშვილის, როგორც მენტორის, ლექციების კურსი დემოკრატიის სწავლების საქმეში?

- რა თქმა უნდა, არა. ეს მეორე ფრთა, რომელიც მას ლექციების წაკითხვას სთავაზობს, სინამდვილეში, მას სთავაზობს დამამშვიდებელ აბებს. როცა სააკაშვილი ყველაფრის გარეშე დარჩა, დასავლეთი შეეცადა, მისთვის რაღაც ასპარეზი შეექმნა, მაგრამ ეს ტალღა უნდა გადაგორდეს. დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც ყოფილმა ელჩმა საქართველოში, რიჩარდ მაილსმა, ასევე, ლექციების წაკითხვის შემთავაზებელმა ფრთამაც, მშვენივრად იცის, რომ სააკაშვილი ნელ-ნელა უნდა მიეცეს დავიწყებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დამამშვიდებელი აბები ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელიც შეიძლება, ორი-სამი-ოთხი თვის განმავლობაში, მაქსიმუმ, ერთი წელი გაგრძელდეს. შესაძლოა, აქ საუბარი არ იყოს მაინცდამაინც ლექციების წაკითხვაზე, არამედ სააკაშვილს სადღაც მიიწვევენ და შეუნარჩუნებენ იმიჯს.

მანდ არის მეორე პრობლემაც. როგორც ვხვდები, სააკაშვილს დასავლეთი უკვე აღარ განიხილავს იმ რანგში, რაშიც სააკაშვილს თავად წარმოუდგენია მომავალი. ვგულისხმობ პოლიტიკურ რანგში. ამიტომ ცდილობენ, ამ დამამშვიდებელი აბებით გაიყვანონ პოლიტიკური ასპარეზიდან, რათა „ნაციონალურ მოძრაობას“, უკვე სააკაშვილის გარეშე რაღაც პერსპექტივა გაუჩნდეს. ისინი მშვენივრად ხედავენ და იციან, რომ სააკაშვილთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობას“ პერსპექტივა არ ექნება. როგორც ვხედავ, დაახლოებით ამ სცენარით მიდის თამაში. ამასთან, ჩვეულებრივი ამბავია, რომ მაილსი გამოვიდა და ის კატეგორიული იყო. ამით მაილსი ჩვენ გვამშვიდებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის შესახებ ამდენი წელია, ვყვირივართ. ამდენად, დასავლეთის ერთი ფრთა ჩვენ გვამშვიდებს, ხოლო მეორე ფრთა - სააკაშვილს ამშვიდებს. ჰიპერბოლურად შეიძლება ასე ვთქვათ, რადგან მოსახლეობას გაუჩნდა უარყოფითი მუხტი ამერიკის მიმართ, რადგან ისინი მხარს უჭერენ სააკაშვილს და მის ნამოქმედარს, ამიტომ უკვე გახსნილია მაილსი. ხვალ კიდევ ვინმე გამოვა და იტყვის, რომ სააკაშვილს რაღაცები შეშლია და ეს ტალღა უფრო და უფრო გაძლიერდება.

შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი ამერიკასაც უკვე აღარ სჭირდება? მართალია, თითქოს ეპატიჟებიან, მაგრამ მაინცდამაინც თვითონვე არ არიან დარწმუნებულნი, რომ ის დემოკრატიის შუქურა იყო. ასევე, თქვენ ახსენეთ, რომ მაქსიმუმ, ერთწლიანი ციკლით გაგრძელდება სააკაშილის მიერ ლექციების წაკითხვა. ერთი წლის შემდეგ სად გესახებათ მისი მომავალი? ალბათ, საყვარელ არქიტექტურას არ მიუძღვნის საკუთარ თავს?

- ამერიკული წრეების მხრიდან დღემდე არ ყოფილა სააკაშვილის ასეთი მძაფრი კრიტიკა, როგორც ეს მაილსის შემთხვევაში მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ მე არ მახსენდება. თვით 2007 წელსაც არ ყოფილა ასეთი მკვეთრი პოზიცია გამოხატული მისი და მისი ხელისუფლების მიმართ. ამიტომ, ბუნებრივია, მათ სურთ სააკაშვილის გაყვანა პოლიტიკური არენიდან. მათ კარგად იციან, რომ ნელ-ნელა ყველაფერი დავიწყებას მიეცემა, ამიტომ ხელს უწყობენ, რომ ეს პროცესი წავიდეს. რაც შეეხება სააკაშვილის ამბიციურობას, თუ მან კიდევ რაღაცები მოინდობა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, დასავლეთი მას იმავეს ეტყვის, რაც, ალბათ, უთხრეს 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, როცა გამოვიდა და არჩევნების შედეგები აღიარა. მას ეტყვიან, რომ ის მარტო დარჩება იმ თავის პრობლემებთან, რა პრობლემებიც მან შექმნა საქართველოში. ამიტომ, არა მგონია, სააკაშვილს ძალიან დიდი არჩევანი ჰქონდეს. უბრალოდ, პროცესი მიმდინარეობს ნელა და მშვიდად. თუ დასავლეთის მხრიდან არც კულუარული და არც ღია მხარდაჭერა აღარ ექნება სააკაშვილს, არ გამოვრიცხავ, ის აღმოჩნდეს მერაბიშვილის გვერდით. სააკაშვილს ასეთი პერსპექტივა აქვს. დღეს შეიძლება, ამ პერსპექტივის შესახებ მას მკაფიოდ არ ეუბნებიან, მაგრამ ერთ წელიწადში მას ამას ეტყვიან, თუკი ისევ მოინდომებს პოლიტიკაში რაღაც სისულეების კეთებას.

რიჩარდ მაილსის ამგვარიაღიარებებიხომ არ არის იმის საფუძველი, რომ დასავლეთი რაღაცნაირად ინაწილებს პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ მას თავის დროზე არ ურჩია გადამდგარიყო? კერძოდ, მაილსმა აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არ უნდა დარჩენილიყო სააკაშვილი თანამდებობაზე და ეს ღირსეული საქციელი იქნებოდა. მაშინ, საკითხავია, რატომ არ ურჩია დასავლეთმა თავის ფავრიტ სააკაშვილს, რომ სწორედ ამ გზას დადგომოდა და რატომ კეთდება ეს განცხადება ახლა? ხომ არ იმალება მაილსის ამ განცხადებაში მონანიების ერთგვარი სტიმული?

- მონანიების რა მოგახსენოთ, მაგრამ ვთვლი, რომ ესეც ამერიკული პოლიტიკის ნაწილია და მიმართულია ქართული საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილისკენ, რომელიც დასავლეთისადმი ნეგატიურადაა განწყობილი, რადგან დასავლეთი მხარს უჭერდა სააკაშვილს. ანუ ეს მიმართულია ჩვენს დასამშვიდებლად. მეორეც, არ ვარ დარწმუნებული, რომ თავის დროზე, სააკაშვილს გადადგომა არ ურჩიეს. თუმცა მას, ალბათ, ჰქონდა, კონტრარგუმენტი, რომ, მან 2008 წელს არჩევნები მოიგო და, კიდევ ერთი, ის დაარწმუნებდა დასავლეთს, რომ მის გადადგომას აზრი არ ჰქონდა. ეს არგუმენტი სააკაშვილს შეიძლება გამოეყენებინა. რაც შეეხება, რომ დასავლეთი ისევ დაიწყებს თუ არა სააკაშვილზე ზრუნვას, მგონია, რომ არ დაიწყებს. მე მგონი, სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა დასრულდა. ამას ხედავს ყველა, შეიძლება ვერ ხედავდეს მხოლოდ ერთი კაცი და ამ კაცს ჰქვია მიხეილ სააკაშვილი.

თვითონ მიხეილ სააკაშვილის პერიფრაზი რომ მოვიხმოთ, იგი ასეთ რამეს აცხადებს:  ცუდად მხდის, როცა კაგებე- ოფიცერი პუტინი მსოფლიოს ლექციას უკითხავს ღირებულებებსა და დემოკრატიაზე. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. საბოლოოდ როდის აღიქვამს მსოფლიო, რომ ზუსტად მავე კონტექსტით უნდა იქნას გაგებული სააკაშვილის პერსონა?

- საქმე ისაა, რომ პირადად მე ცუდად მხდის, როცა ღირებულებებსა და დემოკრატიაზე ლაპარაკობს არა მარტო პუტინი, არამედ სააკაშვილი. უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიცია ლაპარაკობს ღირებულებებსა და ადამიანის ღირსებაზე. მე შემიძლია, კიდევ ავიტანო მათი საუბარი ეკონომიკაზე და ამან არ გამაღიზიანოს, პირს ვერ ავუკრავ ვერავის, მაგრამ იმას, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებები, დასავლური ღირებულებები, დასავლური ორიენტაცია... გულწრფელად გითხრათ, მაღიზიანებს, როცა ეს ხალხი ამაზე ლაპარაკობს. ასე რომ, სააკაშვილს თუ პუტინი აღიზიანებს, მე მთლიანად ეს ხალხი მაღიზიანებს, ვინც ამ ქვეყანას ის დამართა, რაც დამართა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში.

სამწუხაროდ, არ ვარ იმ აზრის, რომ ვიღაცა რაღაცაში ცდებოდა. ვგულისხმობ პოლიტიკურ წრეებს. უბრალოდ, დასავლეთმა გააკეთა არჩევანი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არ იყო ღირებულებითი არჩევანი. ახლაც არ არის ღირებულებითი პოზიცია. გახსოვთ, ალბათ, კენედის მშვენიერი ფრაზა - „ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილი“... ეს არის, ზოგადად, პოლიტიკის პრინციპი. ამიტომ ახლა ძალიან ბევრსაც ვერ მოვითხოვთ.

თუკი დასავლური წრეებიდან დაიწყება სიმართლის თქმა და რეალობის წარმოჩენა, საინტერესოა, რა პოზიცია ექნება სააკაშვილის ბოლო ბასტიონს - ჯორჯ ბუშს, რომელიც მას აიდეალებდა? შეიძლება, მოგვიანებით მანაც თქვას სათქმელი სააკაშვილის მიმართ, რადგან პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები არ არსებობენ?

- არა, ეს არ ჯდება პოლიტიკური თამაშის წესებში. არცერთი პრეზიდენტი არ გამოვა და არ იტყვის სხვა პრეზიდენტზე, გინდაც ყოფილ პრეზიდენტზე, რომ ეს იყო საშინელება. ვერც იმას იტყვის, ვცდებოდიო. ამას ვერ იტყვიან პოლიტიკოსები და ეს სწორიც იქნება. თუ ოდესღაც ცდებოდი, ეს ასე მარტივი სათქმელი არ არის, რადგან მისგან ახლაც კი მოითხოვენ იმ შეცდომაზე პასუხს და პასუხს აგებს არა ჯორჯ ბუში, არამედ ამერიკის „რესპუბლიკური პარტია“.

თუმცა სააკაშვილის თავგადაკლული დამცველი მაკ-კეინიც ძველ პოზიციას უკვე არბილებს.

- მაკ-კეინი სხვა პიროვნებაა და, თანაც, ის არ არის ყოფილი პრეზიდენტი. პრეზიდენტები კი ამას არ იტყვიან. თუ გახსოვთ, კონდოლიზა რაისმაც რაღაც განცხადება გააკეთა ომთან დაკავშირებით, მაგრამ მოგვიანებით შეცვალა პოზიცია და განაცხადა, მთლად ასე არ მითქვამსო. ასე რომ, თუ საჭირო გახდება და ყოფილი ჩინოვნიკები, ყოფილი ელჩები საქართველოსა თუ დასავლეთში, ჩათვლიან, რომ ასეთი განცხადებები აუცილებლად დასჭირდებათ რაღაც სხვა საქმისთვის, ისევ დაიწყება მნიშვნელოვანი განცხადებების გაკეთება. ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ, ჯერჯერობით, ისინი ცდილობენ, ნორმალურობის ფარგლებში თამაშის რაღაც დონე შეინარჩუნონ. თუ სააკაშვილი მეტს მოინდომებს, მაშინ ეტყვიან იმას, რაც სათქმელია.