მთავრობა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებისთვის ემზადება, პარლამენტი საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებისთვის

მთავრობა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებისთვის ემზადება, პარლამენტი საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებისთვის

ვილნიუსის სამიტისთვის მზადება დასრულებულია. საქართველოს დელეგაციის ნაწილი ლიტვის დედაქალაქში უკვე გაემგზავრა. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ოფიციალური ვიზიტი კი, 28 ნოემბერს დაიწყება, მაშინ, როდესაც სამიტი გაიხსნება.

ვილნიუსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას ფრანსუა ოლანდს, გერმანიის პრემიერ-მინისტრ ანგელა მერკელს, პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკის და ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ანდრუს ანსიპის შეხვდება. ამას გარდა, ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ როგორც ქართველი დეპუტატები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები.

როგორც for.ge-ს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, ვილნიუსში ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდება.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ასევე ხელს მოაწერს ხელშეკრულებას, რომლის საშუალებითაც, ქართველები ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში ჩაერთვებიან.

„ამასთან, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში, ჩვენი პროგრესის აღიარებას ველით“, - აღნიშნავს ფანჯიკიძე.

დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, ვილნიუსის სამიტი წლის ყველაზე დიდი საგარეო მოვლენაა.

„როგორც ევროპელი მოკავშირები გვპირდებიან, მომავალი წლის შემოდგომამდე, სანამ, ბაროზოს ხელმძღვანელობით კომისიის ფუნქციონირება გრძელდება, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა, ამ დოკუმენტს პარაფირებას გაუკეთებს. ეს დოკუმენტი ყველაზე დიდი ნაბიჯია, რაც ევროკავშირის მისამართით ოდესმე გადადგმულა“, - განუცხადა for.ge-ს კვაჭანტირაძემ.

კანონმდებელის განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულებას თან ძალიან ბევრი ვალდებულების შესრულება მოსდევს.

„ვალდებულებების შესასრულებლად სრულ ჰარმონიაშია მოსაყვანი შიდა კანონმდებლობა. საქართველოს მთავრობას დიდი სამუშაოს ჩატარება მართებს იმ ვალდებულებების შესასულებლად, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გვეკისრება“, - აღნიშნავს დეპუტატი, რომლის მსგავსადაც, ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ვილნიუსის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

კანონმდებელის მოსაზრებით, ევროკავშირისკენ სვლა ქართველი ხალხის არჩევანია, რომელიც შეუქცევადია.

„თუ უკრაინასთან პარალელების გავლება გვსურს, ეს განსხვავებული თემებია. დოკუმენტის პარაფირებამდე, ხელისუფლებას დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს. ეს მარტივი გზა არ არის, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდეს, დიდი შრომის გაწევა სჯობს“, - განუცხადა for.ge-ს აბაშიძემ.

ხელისუფლების მსგავსად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას მიესალმება „ნაციონალური მოძრაობაც“. თუმცა, ოპოზიციონერები მმართველ ძალას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოუწოდებენ.

გიორგი კანდელაკის აზრით, ქართულმა მხარემ ყველა ის პირობა უნდა შეასრულოს, რაც წაყენებული აქვს, რათა საქართველოს მოსახლეობამ ის სიკეთეები იგრძნოს, რომელიც თავისუფალ ვაჭრობასა და უვიზო მიმოსვლას გულისხმობს.

„დოკუმენტის პარაფირებას მხარს ვუჭერთ, მაგრამ უკრაინის მაგალითიც იმას გვაჩვენებს, რომ ამ დოკუმენტს ხელი რომ მოეწეროს, ხელების გადაგრეხვის კამპანია უნდა შეწყდეს“, - აღნიშნავს კანდელაკი, რომლის პათოსს გოკა გაბაშვილიც იზიარებს.

ოპოზიციონერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ ამ მომენტის დადგომისთვის ყველაფერი გააკეთა.

„ეს არის ზოგად ეროვნული წარმატება და არა რომელიმე პარტიის“, - დასძინა გაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირის მთავარი ინსტრუმენტია საიმისოდ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნები უფრო მეტად დაუახლოვოს ევროკავშირის სტანდარტებს. დოკუმენტზე ხელმოწერით, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნები მზაობას აცხადებენ - დანერგონ ევროკავშირის კანონმდებლობის ის ელემენტები, რომლებიც ეხება ვაჭრობას, მომხმარებლის დაცვას და გარემოსდაცვით რეგულაციებს. შესაბამისად, საქართველოს ათი წლის განმავლობაში, ევროკავშირის 350-მდე კანონის დანერგვა მოუწევს.

ვილნიუსის სამიტი ორდღიანია და ის 29 ნოემბერს დაიხურება.