„შეძლებულ დევნილებს“ შემწეობას გაუუქმებენ

„შეძლებულ დევნილებს“ შემწეობას გაუუქმებენ

ის დევნილები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარს აღემატება, შემწეობას ვეღარ მიიღებენ. სანაცვლოდ ხელმოკლე დევნილებს სახელმწიფო ყოველთვიურად 45 ლარით დაეხმარება. ეს მუხლი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც დევნილთა შესახებ ახალი კანონი ძალაში შევა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის განმარტებით, ამისათვის საჭიროა დევნილთა უწყებას გადამხდელთა შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს.

„შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, მისი 33-ე მუხლის მეორე ნაწილში შედის, რომელიც ამა თუ იმ გადამხდელზე იდენტიფიცირებული ინფორმაციით ქონას შეეხება“, - განაცხადა დარახველიძემ.

ფინანსთა სამინისტროს გადამხდელთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად სხვადასხვა სახელმწიფო უწყება მიმართავს. ამიტომ უმჯობესია კანონში ჩაიწეროს, რომ შემოსავლების სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისათვის საჭიროებისამებრ გადამხდელთა შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება მიეცეს.

„როგორც ცნობილია, დევნილთა სამინისტრო დევნილების ბაზას ანახლებს. ასევე მომზადებულია დევნილთა შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც შემწეობის გაზრდას გარკვეული შეზღუდვით ითვალისწინებს. კერძოდ, ის დევნილები, რომელთა შემოსავალი 1250 ლარს აღემატება, შემწეობას ვერ მიიღებენ“, - აღნიშნა დარახველიძემ.

უნდა მოეხსნათ თუ არა „შეძლებულ დევნილებს“ სახელმწიფო შემწეობა, ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია აზრთა სხვადასხვაობაა. წინა ხელისუფლება განურჩევლად ყველას აძლევდა დახმარებას (ვისაც სჭირდებოდა თუ არ სჭირდებოდა), მაგრამ ეს თანხა ერთობ სიმბოლური იყო. ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა სოციალური პასუხისმგებლობის გზით იაროს და შემწეობა ერთბაშად გაზარდოს, ოღონდ მხოლოდ მათთვის, ვისაც იგი ნამდვილად ესაჭიროება.

რასაკვირველია დარახველიძის ამ ინიციატივას ოპოზიციაში გამოხმაურება მოჰყვა. „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია აცხადებს, რომ დევნილთა ფინანსური დახმარება პირდაპირ მიბმულია მათ სტატუსთან. გაეროს რეზოლუციით კი არის გაწერილი, რომ სახელმწიფო ვალდებულია ფინანსური დახმარება გასცეს დევნილ მოსახლეობაზე, სანამ ისინი საკუთარ სახლებს დაუბრინდებიან.

„მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება არის დაუშვებელი. 1250-ლარიანი შემოსავალი აქვთ მათ, ვინ მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებში. იშვიათია დევნილი, რომელსაც დეკლარირებული აქვთ ამ რაოდენობის შემოსავალი, საუბარია იმაზე, ვინც გარევაჭრობით არის დაკავებული. ამიტომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ჩვენ ვუქმნით პრობლემას, ეს ერთი და მეორე გახლავთ ის, რომ ფინანსური დახმარება მიბმულია დევნილთა სტატუსზე. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ადამიანი წავა, თუ ის დევნილად აღიარეს, მას უნიშნავენ დახმარებას, ყველგან ასეა...

გაეროს რეზოლუციაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ დევნილები სანამ არ დაბრუნდებიან თავიანთ სახლში, მათი უზრუნველყოფის პირობები თავის თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ, უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რაც მათ ჰქონდათ დევნილობამდე. ეს წერია ყველა რეზოლუციაში. სახელმწიფო ვერ უქმნის ამ პირობებს და ართმევს იმ მიზერულ დახმარებასაც კი, რომელსაც დევნილებს აძლევს“, - აღნიშავს დავითაია, რომელიც აცხადებს, რომ მინისტრს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ქმედებაზე.

დავით დარახველიძე კი სანაცვლოდ მცირეშემოსავლიანი (ან სულაც შემოსავლის გარეშე დარჩენილი) დევნილებისათვის შემწეობის ზრდაზე საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფო დახმარება 45 ლარამდე გაიზრდება.

„იმედი მაქვს, რომ პარლამენტში, სადაც კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია, მოვიპოვებთ მხარდაჭერას და დევნილებს გაზრდილი შემწეობა 2014 წლის ბიუჯეტის ამოქმედებისთანავე, ანუ იანვრიდანვე მიეცემათ“, - განაცხადა დარახველიძემ.